FIFA-ს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც 32 კლუბი, მათ შორის ოთხი კონტინენტური ჩემპიონატის გამარჯვებული მონაწილეობს, 14 ივნისს დაიწყო და 13 ივლისამდე გაგრძელდება. FIFA-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიო საკლუბო თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს ამერიკული „ინტერ-მაიამი”, რომლის მოთამაშეც, არგენტინელი ლიონელ მესი, ტურნირის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
Forbes-ის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მიღებული $135 მილიონის შემოსავლით, მესი 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელია. ეს თანხა მოიცავს მოედნის ფარგლებში გამომუშავებულ $60 მილიონს, $75 მილიონს კი – რეკლამებიდან, ბიზნესსაქმიანობიდან და სხვა გარიგებებიდან. ტურნირის სხვა მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორისაა „მადრიდის რეალის” თავდამსხმელი კილიან მბაპე, რომლის წლიურმა შემოსავალმაც $90 მილიონს მიაღწია.
ამერიკული გამოცემის რეიტინგით, მესისა და მბაპეს, მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სიაში „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი უერთდება – $62 მილიონით, ასევე „მადრიდის რეალის“ ვინისიუს ჯუნიორი – $55 მილიონით და „მიუნხენის ბაიერნის“ ჰარი კეინი, რომელმაც, Forbes-ის შეფასებით, $39 მილიონი გამოიმუშავა.
FIFA-ს ტურნირი, ახალი ფორმატით, 14 ივნისს, „ინტერ მაიამისა“ და ეგვიპტური კლუბის, „ალ-აჰლის“ დაპირისპირებით გაიხსნა. წარსულში ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართებოდა და მასში მხოლოდ შვიდი კლუბი მონაწილეობდა. თუმცა ახალი ფორმატით, ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მონაწილე კლუბების რაოდენობა კი 32-მდეა გაზრდილი.
FIFA-მ ასევე გაზარდა საპრიზო ფონდი $1 მილიარდამდე, ხოლო გამარჯვებული კლუბისთვის $125 მილიონია გათვალისწინებული. ეს შესამჩნეველი ზრდაა, რადგან წარსულში საპრიზო ფონდი $16 მილიონს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებული $5 მილიონს იღებდა. თუმცა თანხა სრულად კლუბში არ მიდის. მაგალითისთვის, MLS-ის კოლექტიური შეთანხმების თანახმად, ლიგის მოთამაშეები გარე ტურნირებიდან მიღებული თანხის მხოლოდ 50%-ს იღებენ, რაც კლუბზე $1 მილიონია.
ცნობისთვის, მსოფლიოს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებიდან წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს მოჰამედ სალაჰი, რომელმაც დაახლოებით $53 მილიონი გამოიმუშავა, თუმცა მისმა კლუბმა, „ლივერპულმა“, კვალიფიკაციაზე გასვლა ვერ მოახერხა. იმავე მიზეზით, ჩემპიონატში არ მონაწილეობს კრიშტიანუ რონალდუ – მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. პორტუგალიელმა ერთი წლის განმავლობაში $275 მილიონი გამოიმუშავა, რაც ყველა სპორტის სახეობის წარმომადგენელს შორის ყველაზე მაღალი შედეგია.
წარმოგიდგენთ FIFA-ს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს:
ლიონელ მესი – $135 მილიონი
(Inter Miami)
კილიან მბაპე – $90 მილიონი
(Real Madrid)
ერლინგ ჰაალანდი – $62 მილიონი
(Manchester City)
ვინისიუს ჯუნიორი – $55 მილიონი
(Real Madrid)
ჰარი კეინი – $39 მილიონი
(Bayern Munich)