ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ახალი ტენდენციების გასაგებად იმ აპლიკაციების შესწავლაა, რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესპანურმა Forbes-მა იმ აპლიკაციების ათეული შეადგინა, რომელთაც 2022 წელს ხალხი ყველაზე ხშირად იწერდა.
საინტერესოა, რომ TikTok-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად, Facebook-ი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ნაკლებად მიმზიდველი გახდა და, შედეგად, Facebook-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვებმაც 2022 წელს 25%-ით იკლო. სამაგიეროდ, ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციების ხუთეულს შეემატა ნაკლებად ცნობილი ვიდეორედაქტორების აპლიკაცია CapCut-ი, რომელიც სწორედ TikTok-ის მფლობელი კომპანიის Bytedance-ის მიერაა შექმნილი.
საინტერესოა ისიც, რომ Apptopia-ს მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, ამჟამად ყველაზე ხშირად გადმოწერილ აპლიკაციებში მხოლოდ ორ თამაშს, Subway Suffers-სა და Stumble Guys-ს შევხვდებით. ამასთან ერთად კი, როგორც რეიტინგიდან ჩანს, წლების განმავლობაში პოპულარობას კარგავს Meta-ს ელექტრონული შეტყობინებების აპლიკაცია, თუმცა იზრდება კომპანიის სხვა აპლიკაციის, WhatsApp-ის პოპულარობა, რომელიც რეიტინგში მესამე ადგილზეა წარმოდგენილი.
ცვლილებებია ელექტრონული ვაჭრობის წარმომადგენელი აპლიკაციების შემთხვევაშიც. გლობალური რეიტინგის ლიდერი, 229 მილიონი გადმოწერით, პირველად SHEIN-ი გახდა, რომელსაც Meesho (210 მილიონი) და Shopee (203 მილიონი) მოსდევს, ხოლო Amazon-ი 195 მილიონით მეოთხე ადგილზეა. რეიტინგში ვხვდებით Alibaba-საც, რომელიც 66 მილიონით მერვე ადგილზეა წარმოდგენილი. განსხვავებული სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 47 მილიონით პირველ ადგილზე Amazon-ია, რომელსაც SHEIN-ი მოსდევს 40 მილიონით.
წარმოგიდგენთ გლობალურად ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციების ტოპ-ათეულს:
- TikTok: 672 მილიონი
- Instagram : 548 მილიონი
- WhatsApp: 424 მილიონი
- CapCut: 357 მილიონი
- Snapchat: 330 მილიონი
- Telegram: 310 მილიონი
- Subway Surfers: 304 მილიონი
- Facebook: 298 მილიონი
- Stumble Guys: 254 მილიონი
- Spotify: 238 მილიონი