2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც იტალიაში, კერძოდ კი მილანში იმართება, 6 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. იმავე ღონისძიების ფარგლებში, 6-დან 15 მარტის ჩათვლით, იტალიის ქალაქ კორტინა-დ’ამპეცოში გაიმართება ზამთრის პარალიმპიადაც.
ამერიკულმა Forbes-მა წლევანდელ ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა. საერთო ჯამში, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს 91 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 2,900-მდე ათლეტი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს 16 დისციპლინაში, 116 მედლისთვის ეჯიბრებიან. მათ შორისაა: ჰოკეი, ფიგურული სრიალი, ბიატლონი, ბობსლეი და ა.შ.
თუმცა იშვიათია, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე ისეთი სპორტის სახეობები იყოს წარმოდგენილი, რომელთა ათლეტებიც მსოფლიოს მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რიგებში ეწერებიან. ხშირ შემთხვევაში ეს პირიქით ხდება და მათ შორის, მგზავრობისა და ვარჯიშისთვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, მსგავსი სპორტსმენებისთვის შესაძლოა ოლიმპიადა დამატებით ხარჯადაც კი იქცეს.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნებიან NBA-ს, გოლფისა და ჩოგბურთის ვარსკვლავები, რომელთა შემოსავლები მათ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა შორის ათავსებს. მათ ნაცვლად, მილან-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე წელს NHL-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშიდან 9 ასპარეზობს. ერთადერთი გამონაკლისი კი New York Rangers-ის რუსი მეკარე, იგორ შესტერკინია. მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ოლიმპიადიდან რუსეთის მოხსნაა.
მიუხედავად NHL-ის მოთამაშეების საკმაოდ მაღალი შემოსავლებისა, Forbes-ის რეიტინგის პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული, თავისუფალი სტილით მოთხილამურე აილინ გუა, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებზე ჩინეთის (დედის მშობლიური ქვეყანა) სახელით ასპარეზობს. Forbes-ის შეფასებით, 22 წლის ათლეტმა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში $23 მილიონი გამოიმუშავა. Forbes-ის რეიტინგში ასევე გვხვდებიან ლინდსი ვონი, ილია მალინინი, ქლოი კიმი და სხვა ოლიმპიელები.
ჰოკეის მოთამაშეთა შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურებით Forbes-ის რეიტინგში აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელი ოსტონ მეთიუსია, რომელსაც Toronto Maple Leafs-ი წელიწადში $15 მილიონზე მეტს უხდის, დამატებით $5 მილიონს კი ყინულის მოედნის მიღმა გამოიმუშავებს. თუმცა ეს $20 მილიონიც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მეთიუსი წლევანდელი ზამთრის თამაშების ყველაზე მაღალანაზღაურებად ოლიმპიელად იქცეს.
დამატებით, გარკვეული ქვეყნები მედლის მოპოვების შემთხვევაში ოლიმპიელებისთვის ფულად პრიზებსაც აწესებენ. მაგალითად, აშშ-ის ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა კომიტეტმა წლევანდელ თამაშებზე ოქროს მოპოვების შემთხვევაში $37,000, ვერცხლისთვის — $22,500, ხოლო ბრინჯაოსთვის $15,000-ის ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა. მასპინძელი ქვეყნის, იტალიის სპორტსმენებისთვის ეს თანხა დაახლოებით $71,000-დან $213,000-მდე მერყეობს, ხოლო სინგაპურისა და ჰონგ-კონგის დელეგაციები მზად არიან, რომ ოქროს მედლის მფლობელებს $800,000-მდე გადაუხადონ.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები:
ეილინ გუ – $23 მილიონი, თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალი

ოსტონ მეთიუსი – $20 მილიონი, ჰოკეი

ლინდსი ვონი – $8 მილიონი, სამთო სტილით თხილამურებით სრიალი

ქლოი კიმი – $4 მილიონი, სნოუბორდინგი

ილია მალინინი – $700,000, ფიგურული ციგურაობა















