Forbes 400: 2022 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები აშშ-ში

Forbes 400: 2022 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები აშშ-ში

რეცესიის შიშმა და მზარდმა ინფლაციამ, რომელმაც ინდუსტრიების დიდ ნაწილზე იმოქმედა, გავლენა ახალგაზრდა მილიარდერების შემოსავლებზეც იქონია. საბოლოო ჯამში, 2022 წლის Forbes 400-ის რეიტინგში ორმოც წლამდე ყველაზე მდიდარი ამერიკელების რიცხვი გასული წლის 15-დან 10-მდე შემცირდა. მათ შორის ერთმა, ლინსი სნაიდერმა გადააბიჯა 40-წლიან ნიშნულს, დანარჩენები კი სიაში მოსახვედრად საჭირო $2.7-მილიარდიან ზღვარს ჩამოსცდნენ.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების მკვეთრი გაუფასურების შედეგად, კრიპტომილიარდერებმა ათობით მილიარდი დოლარი იზარალეს. მათ შორის იყო ფრედ ერსამიც, კრიპტობირჟა Coinbase-ის 34 წლის თანადამფუძნებელი. ერსამის ქონების წმინდა ღირებულება გასულ წლის $3.5 მილიარდიდან $1 მილიარდამდე შემცირდა.

Forbes 400-ის სიაში აღარ ვხვდებით შარშანდელ დებიუტანტ ბაიჯუ ბჰატსაც, აპლიკაცია Robinhood-ის თანადამფუძნებელს. გასულ წელს ბჰატის ქონება $2.9 მილიარდს შეადგენდა, თუმცა Robinhood-ის აქციების 2021 წლის IPO-ს ფასთან შედარებით 60%-ით დაცემის შემდგომ, ბჰატმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა.

Forbes 400-ის ახალგაზრდა მილიარდერთა რიგები დატოვა Rivian Automotive-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა არ-ჯეი სკარინჯმაც, რომლის ქონებაც შარშან $3.4 მილიარდად იყო შეფასებული.

მიმდინარე წელს Forbes 400-ს მხოლოდ ერთი ორმოცწლამდელი ახალწვეული ჰყავს – 29 წლის გარი ვანგი, რომელიც FTX-ის თანადამფუძნებელი და უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერია. ცნობისთვის, FTX-ი ერთ-ერთი წამყვანი ბირჟაა კრიპტოდერივატების  შესაძენად. აქვე უნდა ითქვას, რომ ვანგი 2022 წლის Forbes 400-ის რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია.

წარმოგიდგენთ 2022 წლის Forbes 400-ის 40 წლამდელთა ათეულს, ასაკის კლებადობით:
10. სკოტ დუნკანი – $6.9 მილიარდი, 39 წლის. სიმდიდრის წყარო: Enterprise Products Partners

დუნკანი მილიარდერი 27 წლის ასაკში, მამამისის, ტეხასის ნავთობის მაგნატ დენ დუნკანის გარდაცვალების შემდგომ გახდა. დუნკანი, და-ძმასთან ერთად, ჰიუსტონში დაფუძნებულ ნავთობისა და გაზის კომპანია Enterprise Products Partners-ში ფლობს წილს.

9. ბრაიან არმსტრონგი – $2.7 მილიარდი, 39 წლის. სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტა

Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გასული წლის განმავლობაში თითქმის $9 მილიარდი დაკარგა. მიზეზი მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის ბირჟის ღირებულების 75%-იანი შემცირებაა, დაახლოებით $60 მილიარდიდან $15 მილიარდამდე.

8. ნათან ბლეჩარჩიკი – $7.7 მილიარდი, 39 წლის. სიმდიდრის წყარო: Airbnb

ბლეჩარჩიკი ერთადერთია Airbnb-ის სამ თანადამფუძნებელს შორის, რომელიც კვლავ 40 წლამდე ასაკისაა. მილიარდერი კომპანიის მთავარი სტრატეგიული ოფიცერი და Airbnb China-ს თავმჯდომარეა. ნათან ბლეჩარჩიკმა Airbnb-ის $480 მილიონზე მეტი ღირებულების აქცია გაყიდა, რაც მისი აქციების 3.5%-ს შეადგენს.

7. მარკ ცუკერბერგი – $57.7 მილიარდი, 38 წლის. სიმდიდრის წყარო: Facebook

ცუკერბერგი, გასული წლის Forbes 400-ის მესამე ნომერი, 2014 წლის შემდეგ პირველად გამოვარდა აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან. Facebook-ის დამფუძნებელი გასულ წელთან შედარებით $76.8 მილიარდით ღარიბია, რაც ყველაზე დიდი დანაკარგია 2022 წლის სიაში.

6. დასტინ მოსკოვიცი – $8.1 მილიარდი, 38 წლის. სიმდიდრის წყარო: Facebook

მოსკოვიცი Facebook-ის თანადამფუძნებელია. მისი ქონების ნახევარზე მეტი Meta Platforms-ის 2%-იან წილზე მოდის. Facebook-ის დატოვების შემდგომ ახალგაზრდა მილიარდერმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Asana შექმნა. Meta-ს აქციების 60%-იანი, ხოლო Asana-ს 80%-იანი გაუფასურების შედეგად, მოსკოვიცი მიმდინარე წელს $16 მილიარდით ღარიბია.

5. ლუკას უოლტონი – $20.5 მილიარდი, 36 წლის. სიმდიდრის წყარო: Walmart

Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის შვილიშვილი, ლუკას უოლტონი ოჯახური საცალო ბიზნესის 4%-იან წილს ფლობს.

4. ბობი მერფი – $2.7 მილიარდი, 34 წლის. სიმდიდრის წყარო: Snapchat
3. ევან სპიგელი – $2.8 მილიარდი, 32 წლის. სიმდიდრის წყარო: Snapchat

ორივე მათგანი სოციალურ ქსელ Snapchat-ის თანადამფუძნებელია. სოციალური კომპანიის აქციების ვარდნის შედეგად, მერფმა და სპიგელმა გასულ წელს თავიანთი სიმდიდრის დაახლოებით 80% დაკარგეს.

2. სემ ბენკმენ-ფრიდი – $17.2 მილიარდი, 30 წლის. სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტის ბირჟა
1. გარი ვანგი – $4.6 მილიარდი, 29 წლის. სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტის ბირჟა

ბენკმენ-ფრიდი და ვანგი კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის თანადამფუძნებლები არიან. აქედან ფრიდი კომპანიის დაახლოებით ნახევარს ფლობს, თუმცა გასულ წელს, Forbes-ის შეფასებით, მან $5 მილიარდი იზარალა. რაც შეეხება ვანგს, Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილ ინჟინერსა და FTX-ის თანადამაარსებელს, ის, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს Forbes 400-ის სიის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია.