Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები 2026 წელს

Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები 2026 წელს

ფოტო: Illustration by Neil Jamieson For Forbes 

 

აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში, Forbes 400-ში, მოსახვედრად წელს რეკორდული $4.4 მილიარდი იყო საჭირო – $600 მილიონით მეტი, ვიდრე 2025 წელს და $2.7 მილიარდით მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. რეიტინგში შემავალი 400 ადამიანი ჯამურად $8 ტრილიონს ფლობს, რაც გასულ წელთან შედარებით $1.4 ტრილიონით მეტია.

ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ქონების ზრდას განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების ბუმმა, ასევე აშშ-ის საფონდო ბაზარზე კომპანიების აქციების ფასების მატებამ შეუწყო ხელი. ამ ფონზე, რეკორდულად მაღალი ზღვრის მიუხედავად, Forbes 400-ის წლევანდელ სიაში 34 ახალი წევრი მოხვდა.

რეიტინგის სათავეში კვლავ ილონ მასკია, რომლის ქონება ბოლო 12 თვეში ორჯერ მეტით გაიზარდა და $908 მილიარდს მიაღწია. მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ივნისში საჯარო შეთავაზება განახორციელა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO გახდა. შედეგად, მასკი მოკლე პერიოდში მსოფლიოში პირველი ტრილიონერიც გახდა.

მეორე ადგილზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია $378 მილიარდით. მისი ქონება ერთ წელიწადში $137 მილიარდით გაიზარდა, რასაც Amazon-ის აქციების ზრდასთან ერთად მისი კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის შეფასების მატებამაც შეუწყო ხელი.

მესამე ადგილზე Alphabet-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯია $278 მილიარდით. მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა Google-ის მშობელი კომპანიის აქციების თითქმის 60%-იანი ზრდის ფონზე, რასაც Google Cloud-ისა და Gemini-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ძლიერი შედეგები დაეხმარა.

მეოთხე პოზიციაზე Dell Technologies-ის დამფუძნებელი მაიკლ დელია $260 მილიარდით, მეხუთეზე კი Alphabet-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი, $256 მილიარდით.

Forbes-ის მიხედვით, ამერიკის 20 უმდიდრესი ადამიანი ჯამურად $4 ტრილიონს ფლობს. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში მათი საერთო ქონება თითქმის $1 ტრილიონით გაიზარდა. მათგან 15-ის ქონება $100 მილიარდს აღემატება.

2026 წლის Forbes 400-ში ხელოვნური ინტელექტის სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით მრავლად არიან. ახალ წევრებს შორის ვხვდებით Cognition AI-ის 30 წლის თანადამფუძნებელ სტივენ ჰაოს, რომლის ქონება $5.8 მილიარდადაა შეფასებული. სიაში Anthropic-ის ექვსი თანადამფუძნებელი, თითოეული დაახლოებით $15.5-მილიარდიანი ქონებით, და OpenAI-ის თანადამფუძნებელი გრეგ ბროკმანი, რომელიც $25.5 მილიარდით რეიტინგში წლის ყველაზე მდიდარი ახალწვეული გახდა.

ახალ წევრებს შორის არიან ასევე WeatherTech-ის დამფუძნებელი დევიდ მაკნილი ($5 მილიარდი), სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ბიზნესით გამდიდრებული რობერტ ლოუ ($5.6 მილიარდი) და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი, რომლის ქონებაც $7.3 მილიარდადაა შეფასებული.

ქონების პროცენტული ზრდის მიხედვით ყველაზე დიდი პროგრესი ჯოშ კუშნერმა აჩვენა. Thrive Capital-ის დამფუძნებლის ქონება ერთ წელიწადში 220%-ზე მეტით გაიზარდა და $16.7 მილიარდს მიაღწია. ამის მთავარი მიზეზი მისი საინვესტიციო კომპანიის აქტივების თითქმის გასამმაგება და OpenAI-სა და SpaceX-ში განხორციელებული ინვესტიციებია.

Forbes 400-ში წელს 62 ქალი მოხვდა, ანუ რეიტინგის დაახლოებით 16% — იმდენივე, რამდენიც 2025 წელს. ამერიკის უმდიდრეს ქალად კვლავ Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის, ქალიშვილი ელის უოლტონი რჩება. მეორე ადგილზეა ჯულია კოხი, რომლის ქონებაც $84.6 მილიარდს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეიტინგში 44 პოზიციით დაიწია და 201-ე ადგილიდან 245-ე ადგილზე გადაინაცვლა. მისი ქონება $7 მილიარდადაა შეფასებული, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ $7.3 მილიარდს შეადგენდა. კლება, ძირითადად, $TRUMP-ის მემკოინისა და Trump Media & Technology Group-ის ღირებულების კლებას უკავშირდება.

Forbes-ის წლევანდელი შეფასებით, რეიტინგის წევრთა 44%-მა სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ქონების 1%-ზე ნაკლები გასცა ქველმოქმედებაში. თითქმის 80%-ს ქონების 5%-ზე ნაკლები აქვს გაღებული. ამასთან, 13 მილიარდერმა ქონების მინიმუმ 20% ქველმოქმედებას მოახმარა.

აშშ-ის 10 უმდიდრესი ადამიანი
ადგილისახელიქონებაასაკიშტატიქონების წყაროქველმოქმედების ქულა
1ილონ მასკი$908 მლრდ55ტეხასიTesla, SpaceX1
2ჯეფ ბეზოსი$378 მლრდ62ფლორიდაAmazon2
3ლარი პეიჯი$278 მლრდ53კალიფორნიაGoogle1
4მაიკლ დელი$263 მლრდ61ტეხასიDell Technologies2
5სერგეი ბრინი$256 მლრდ53კალიფორნიაGoogle2
6მარკ ცუკერბერგი$212 მლრდ42კალიფორნიაFacebook2
7ლარი ელისონი$204 მლრდ82ფლორიდაOracle1
8ჯენსენ ჰუანგი$199 მლრდ63კალიფორნიანახევარგამტარები1
9სტივ ბალმერი$156 მლრდ70ვაშინგტონიMicrosoft2
10უორენ ბაფეტი$144 მლრდ96ნებრასკაBerkshire Hathaway5