Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის რეიტინგში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 ტრილიონი დოლარითაა გაზრდილი და $5.4 ტრილიონს აღწევს. გაზრდილია სიაში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური ზღვარიც – 2023 წლის $2.9 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე.
სიმდიდრის ზრდის მიუხედავად, წლევანდელ რეიტინგში ბევრ ფილანთროპს არ ვხვდებით. რეიტინგის წევრების მესამედს საქველმოქმედო საქმიანობისთვის 1%-ზე ნაკლები აქვს გაღებული, თუმცა ხუთი ინდივიდის მიერ გაღებული ქონება მათი სიმდიდრის 20%-ს ან მეტს შეადგენს.
Forbes 400-ის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის უდიდესი ფილანთროპი ჯორჯ სოროსია, რომელმაც ქველმოქმედებისთვის მისი ქონების 74%-ზე მეტი გაიღო. 94 წლის ინვესტორმა $32-მილიარდიანი ქონებიდან $21 მილიარდი მისივე საკუთრებაში არსებულ ფონდ Open Society Foundations-ში გადარიცხა. ფონდი დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და გამოხატვის თავისუფლების იდეის გავრცელებას უწყობს ხელს.
საერთო ჯამში, Forbes 400-ის რეიტინგში შემავალი უმდიდრესი ადამიანების მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა მათი კოლექტიური სიმდიდრის – $5.4 ტრილიონის – მხოლოდ 5%-ია. საერთო ჯამში, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სიის წევრებს $287 მილიარდი აქვთ გაღებული.
მათ მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული ქონების გათვალისწინებით, Forbes-მა მილიარდერების კატეგორიზაცია წარმოადგინა და მათ 1-დან 5-მდე ქულები მიანიჭა. რეიტინგში შემავალი მილიარდერების 70% 1-2 ქულების კატეგორიაში მოხვდა – რაც ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის სიმდიდრის 5%-ზე ნაკლები აქვთ გაღებული.
ცნობისთვის, Forbes 400-ში შემავალ იმ პირებს, რომელთაც დღემდე ქველმოქმედებისთვის მათი ქონების 50%-ზე მეტი აქვთ გაღებული, Giving Pledge-ის ინიციატივისთვის ხელი მოწერილი არა აქვთ. ბილ და მელინდა გეიტსებისა და უორენ ბაფეტის თანამშრომლობით შექმნილ ინიციატივაზე ხელმოწერით, მილიარდერები მათი სიცოცხლის განმავლობაში, ან გარდაცვალების შემდეგ, ქონების თითქმის სრულად გაღების ვალდებულებას იღებენ.
აშშ-ში უმსხვილეს ფილანთროპებს შორის უნდა აღინიშნოს თავად უორენ ბაფეტიც, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში ქონების 29% – $60 მილიარდი – აქვს გაღებული და მაქკენზი სკოტი, რომელმაც ახლახან $640-მილიონიანი დაფინანსების ახალი რაუნდი გამოაცხადა.
Forbes 400-ის მიერ შედგენილი 1-5-სკალიანი სისტემით, აშშ-ის უმსხვილეს ფილანთროპთა გადანაწილება ასე გამოიყურება:
- ქველმოქმედებისთვის გაღებული აქვთ ქონების 1%-ზე ნაკლები: Tesla-ს CEO ილონ მასკი, Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, OpenAI-ის თანადამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი და დამატებით 131 წევრი.
- 1%-დან 4.99%-მდე: Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, eBay-ის ყოფილი CEO მეგ უიტმენი და დამატებით 148 პირი.
- 5%-დან 9.99%-მდე: ჰეჯ-ფონდის მაგნატი კენ გრიფინი, Nike-ის თანადამფუძნებელი ფილ ნაიტი და 40 სხვა.
- 10%-დან 19.99%-მდე: ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, Meta-ს თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიტსი და 20 სხვა.
- 20%-ზე მეტი: უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, მაქკენზი სკოტი, მელინდა გეიტსი, პიერ ომიდიარი, ჯორჯ სოროსი, ედიტ ბროუდი, ლინ შუსტერმენი, რის ჰასტინგსი, ამოს ჰოსტეტერი.