საფონდო ბირჟის ისტორიული გამოცოცხლება და უკანასკნელი 46 წლის საუკეთესო ოქტომბერი აშშ-ის მილიარდერთა ქონებაზე საკმაოდ სოლიდური მატებით აისახა. შედეგად, გასული თვის ბოლოს ამერიკელ მილიარდერთა დიდი ნაწილი, სექტემბერთან შედარებით, კიდევ უფრო მდიდარი გახდა.
Forbes-ის შეფასებით, 26 ამერიკელი მილიარდერის ქონება ოქტომბერში, მინიმუმ, $1 მილიარდით გაიზარდა. Dow Jones Industrial Average-მა, სექტემბერში ყოველწლიური მინიმუმის მიღწევის შემდგომ, ოქტომბერი 14%-იანი მატებით დახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 1976 წლის შემდეგ. საფონდო ბირჟის ინდექსი 30 კომპანიის, მათ შორის Apple-ის, Disney-ისა და Coca Cola-ს აქციებს აკონტროლებს. S&P 500 და Nasdaq Composite-ი კი შესაბამისად 8%-ითა და 4%-ით გაიზარდა.
გასული თვე ყველაზე მოგებიანი პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტ Oracle-ის თანადამფუძნებლისა და თავმჯდომარისთვის, ლარი ელისონისთვის აღმოჩნდა. მისი ქონება, Oracle-ის აქციების 24%-ით ზრდასთან ერთად, $16.6 მილიარდით გაიზარდა. სექტემბრის შუა რიცხვებში კი კომპანიის შემოსავლები არცთუ ისე სახარბიელო იყო – როგორც აღმოჩნდა, ინვესტორთა დამოკიდებულება შეიცვალა, განსაკუთრებით კი Oracle-ის მიერ ჯანდაცვის IT-კომპანია Cerner-ის შეძენის შემდეგ.
ინვესტორ უორენ ბაფეტის სიმდიდრე ოქტომბერში $8.9 მილიარდით (9.4%) გაიზარდა. ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway ისეთ კომპანიებში ფლობს წილებს, როგორიც American Express-ი, Coca-Cola და Chevron-ია. მიუხედავად გასული თვის ზრდისა, მილიარდერის ამჟამინდელი ქონება, წლის დასაწყისთან შედარებით, ჯერ კიდევ 5.3%-ით ნაკლებია. ოქტომბრის კიდევ ერთი იღბლიანი მილიარდერი Nike-ის დამფუძნებელი ფილ ნაიტია. სექტემბერში კომპანიის აქციების 20-წლიან მინიმუმამდე დაცემის შემდგომ, აქციებმა ოქტომბერში დაახლოებით 9%-ით იმატა და ნაიტის ქონებას დამატებით $2.9 მილიარდი შესძინა.
საინტერესოა, რომ ოქტომბრის მოგებიან მილიარდერთაგან, წლის დასაწყისთან შედარებით ოქტომბრის ბოლოს მხოლოდ ორის ქონება გაიზარდა. ერთ-ერთი თომას პეტერფია, ონლაინ სავაჭრო კომპანია Interactive Brokers-ის დამფუძნებელი, რომლის ქონებამაც წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე 5.5%-ით მოიმატა, მეორე კი Ubiquiti Networks-ის დამფუძნებელი რობერტ პერა, 12%-იანი ზრდით.
თუმცა, რასაკვირველია, გასულ თვეს ისეთი მილიარდერებიც ჰყავს, რომელთაც პირიქით, ოქტომბერში მნიშვნელოვნად იზარალეს. მათ შორისაა: ილონ მასკი ($-24,7 მილიარდი); მაქკენზი სკოტი ($-3,1 მილიარდი); კანიე უესტი ($-1,6 მილიარდი); Meta-ს თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიცი ($-1,6 მილიარდი); და Estée Lauder-ის ლეონარდ ლაუდერი ($-1,1 მილიარდი).
წარმოგიდგენთ მილიარდერთა ათეულს, რომელთა ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, ოქტომბერში, მინიმუმ, $1 მილიარდით გაიზარდა:
- ლარი ელისონი – წმინდა ქონება: $103.2 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $16.6 მილიარდი, Oracle.
- უორენ ბაფეტი – წმინდა ქონება: $102.9 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $8.9 მილიარდი, Berkshire Hathaway.
- თომას პეტერფი – წმინდა ქონება: $25.3 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.5 მილიარდი, Interactive Brokers-ი.
- ჯიმ უოლტონი – წმინდა ქონება: $61 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.2 მილიარდი, Walmart-ი.
- ელის უოლტონი – წმინდა ქონება: $58.8 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.1 მილიარდი, Walmart-ი.
- რობ უოლტონი – წმინდა ქონება: $59.7 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $4.1 მილიარდი, Walmart-ი.
- რობერტ პერა – წმინდა ქონება: $20.1 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $3 მილიარდი, Ubiquiti Networks-ი
- ფილ ნაიტი – წმინდა ქონება: $37.4 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $2.9 მილიარდი, Nike.
- მაიკლ დელი – წმინდა ქონება: $49.9 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $2.7 მილიარდი, Dell Technologies-ი.
- თომას ფრისტი – წმინდა ქონება: $18.2 მილიარდი, ოქტომბრის ცვლილება: $2.3 მილიარდი, საავადმყოფოები.