Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

როგორც ჩანს, კორონავირუსის ახალი შტამის, დელტა ვარიანტის, ახალი შემთხვევების დასტაბილურებამ ავტოინდუსტრიაში შექმნილ კრიზისზე დადებითად იმოქმედა. ყველა ის მნიშვნელოვანი ავტომწარმოებელი, რომელთაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო წარმოება ან შეჩერებული ჰქონდა ან სრულიად შეწყვეტილი, თანდათან უბრუნდება ჩვეულ ტემპებს. გარდა ამისა, ავტომწარმოებლებმა დამოუკიდებლად დაიწყეს ჩიპების დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრაც, რაც მთლიანად ინდუსტრიისათვის იმედის მომცემი პერსპექტივაა. Forbes Auto ამ კვირის ბლოგში ავტოინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს წარმოგიდგენთ.

Volvo-ს ავტომობილების წარმოებაში ტყავის ნაჭერს აღარ გამოიყენებენ

შვედური ავტომწარმოებელი Volvo 2030 წლისათვის საკუთარი ავტომობილების წარმოებისას ტყავს აღარ გამოიყენებს. კომპანიის განცხადებით, ის ვეგანური პოლიტიკის გატარებას გეგმავს და ტყავის ნაცვლად ბიოპროდუქტებზე დაფუძნებულ გადამუშავებულ მასალას გამოიყენებს.

ფოტო: Claudio Breciani/TT News Agency

„ვოლვოს“ მთავარმა დიზაინერმა, რობინ პეიჯმა, განაცხადა, რომ კომპანიას მომხმარებელთა ახალი თაობა ჰყავს, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს იმ პროდუქტზე, რომლის შეძენასაც გეგმავს. გარდა ამისა, ახალი თაობის წარმომადგენლები ეთიკასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სურთ, მასალების შემადგენლობის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.

Volvo-ს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხია მომხმარებელთა შეშფოთებაზე  ავტოინდუსტრიაში ტყავის გამოყენებასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, მისი მიზანი პირუტყვთა მეურნეობების გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს შვედური ავტომწარმოებლის ეკომეგობრული პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისათვის მის მიერ წარმოებული ყველა ავტომობილი ელექტრო უნდა იყოს.

ამჟამად Volvo-ს სრულად ელექტროავტომობილს, C40-ს უკვე აქვს ტყავის გარეშე შექმნილი სალონი. კომპანიის მთავარი დიზაინერის განმარტებით, სალონში ტყავის ნაცვლად Nordico-ს მასალა არის გამოყენებული, რომელიც ტყის ბიოპროდუქტებისგანაა შექმნილი და ტყავის მსგავსი რბილი და თბილი ტექსტურა აქვს.

Samsung-ი და Tesla შემდეგი თაობის თვითმართვადი სისტემის ჩიპების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ

სამხრეთკორეული გაზეთის ინფორმაციით, Samsung Electronics-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს Tesla-სთან, რათა შექმნას „ტესლას“ მომავალი თაობის თვითმართვადი სისტემის ჩიპი, რომელიც დაფუძნებული იქნება Samsung-ის 7-ნანომეტრიული ჩიპების წარმოების პროცესზე.

ფოტო: Samsung

Korea Economic Daily-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს Samsung-მა და Tesla-მ ჩიპების დიზაინის შესახებ ბევრჯერ იმსჯელეს და გაცვალეს ჩიპების პროტოტიპები Tesla-ს მე-4 თვითმართვადი კომპიუტერისათვის. აღნიშნულის შესახებ კომენტარისაგან თავი შეიკავა Samsung-მა, Tesla კი პასუხის გაცემას აგვიანებს.

შეგახსენებთ, რომ Samsung-ი უკვე აწარმოებს ჩიპებს Tesla-ს მე-3 თვითმართვადი კომპიუტერისათვის. შეთანხმების დადების შემთხვევაში კი, ახალი ჩიპების წარმოებას 7-ნანომეტრიული ჩიპების წარმოების პროცესზე დააფუძნებს.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, აგვისტოში კომპანიის მიერ გამართულ ხელოვნური ინტელექტის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ Tesla ახალ კომპიუტერს საკუთარი ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის, სერიის დაწყებასთან ერთად ჩაუშვებს. ამისათვის კი კომპანიას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

ანალიტიკური კომპანიის, TrendForce-ის მონაცემებით, ჩიპების წარმოების ინდუსტრიაში Samsung-ს მეორე ადგილი უჭირავს TSMC-ის შემდეგ. ეს უკანასკნელი ბაზრის 52.9%-ს იკავებს, ხოლო სამხრეთკორეული Samsung-ი – 17.3%-ს.

Toyota-მ 2022 წლის ჰიბრიდული პიკაპი, Tundra, წარადგინა

საავტომობილო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ჰიბრიდული პიკაპი, Toyota Tundra, გამოჩნდა. 2022 წლის ავტომობილის მოდელი იაპონურმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა და  მას  Tundra დაერქვა. აღნიშნული ავტომობილი პირდაპირი კონკურენტი იქნება Ford F-150-ის მოდელისა, რომელიც საკუთარ კლასში ერთ-ერთ წამყვან პიკაპს წარმოადგენს.

ფოტო: 2022 Toyota Tundra TRD

კვირას გავრცელებულ განცხადებაში Toyota-მ აღნიშნა, რომ მისი პიკაპების ხაზის ბოლო ვერსიას, Tundra-ს, ჰიბრიდული ტვინ-ტურბო, 6-ცილინდრიანი ძრავის არჩევის ოფციაც ექნება. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ავტომობილს მეტ ძალასა და მაბრუნებელ მომენტს, ანუ როგორც საავტომობილო სფეროშია ცნობილი, თორქს, მიანიჭებს.

ერთადერთი, რისი არჩევის შესაძლებლობაც ახალ მოდელს არ ექნება – ეს 8-ცილინდრიანი ძრავაა.

6-ცილინდრიან ჰიბრიდულ ძრავას 437 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. რაც შეეხება მაბრუნებელ მომენტს, Toyota-ს განცხადებით, ის 790 ნიუტონ/მეტრს უდრის. ავტომობილის ბუქსირების შესაძლებლობა 5400 კილოგრამი იქნება, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა – 880 კგ.

ახალი Tundra-ს სტანდარტული ძრავა არაჰიბრიდული 6-ცილინდრიანი ტურბო ძრავა იქნება, რომელსაც 389 ცხენის ძალისა და 650 ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტის გამომუშავება შეეძლება. გარდა ამისა, ავტომანქანას ახალი დიზაინის მქონე უკანა სავალი ნაწილი ექნება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, Toyota შეუერთდა Ford-ს ჰიბრიდული პიკაპების წარმოებაში. შეგახსენებთ, რომ Ford-მა საკუთარი პირველი ჰიბრიდული პიკაპი, F-150, 2020 წლის ნოემბერში წარადგინა.

ფინანსური პროგნოზი: მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნა ავტომწარმოებლებს 2021 წელს 210 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდებათ

საკონსულტაციო კომპანია Alixpartners-ის მონაცემებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ ფინანსური დანაკარგების პროგნოზი გააორმაგა და მიმდინარე წელს ავტომწარმოებლები შემოსავლებში მთლიანად 210 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავენ.

ფოტო: REUTERS/Rebecca Cook

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ახალ პროგნოზში აღნიშნულია, რომ ნახევარგამტარების დეფიციტი პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ფოლადისა და პლასტმასის მარაგების მაღალი ფასები და მიწოდების შეფერხება ავტომობილთა ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის და ავტომწარმოებლებს აიძულებს, წარმოება შეაჩერონ.

ახალი პროგნოზის თანახმად, ავტომწარმოებლები 2021 წელს 7.7 მილიონი ავტომობილის წარმოებას ვეღარ შეძლებენ. საკონსულტაციო კომპანია კი ინდუსტრიის გიგანტებს მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებს. მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, კომპანია მიმდინარე წელს 110 მილიარდი აშშ დოლარის ზარალს ვარაუდობდა,  რადგან 3.9 მილიონი ავტომობილის წარმოება ვერ განხორციელდებოდა. თუმცა ვირუსის ახალი შტამის, დელტა ვარიანტის, გავრცელების პარალელურად ვითარება უარესობისაკენ შეიცვალა.

გასული კვირების განმავლობაში ავტო- და კომერციული სატვირთოების მწარმოებლები, ჩიპების დეფიციტის ფონზე მიმდინარე წლის ბოლო თვეებში ავტომობილთა ფასების ზრდას ვარაუდობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას IHS Markit-მაც შეამცირა ავტოინდუსტრიის წარმატებულობის პროგნოზი 2021 და 2022 წლებისათვის.

Audi-მ საკუთარი ჰიბრიდული RS Q E-Tron-ი მაროკოს უდაბნოში დატესტა

იანვარში გასამართი Dakari-ის რალის დაწყებამდე სამი თვით ადრე, Audi-მ საკუთარი ჰიბრიდული RS Q E-Tron მაროკოს უდაბნოებში გამძლეობის შესამოწმებლად წაიყვანა. „აუდი“ ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში გამოსცადა ჰიბრიდული ავტომობილის გამძლეობა 37 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურისა და ქვიშის ქარიშხლების პირობებში.

ფოტო: Audi Media Center – RS Q E-Tron

ავტომწამოებლის განცხადებით, მანქანა მაროკოს უდაბნოებში მიზანმიმართულად გაიტესტა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ჰიბრიდული ავტომობილის ყველაზე ექსტრემალურ პირობებში გამოცდა. სიცხემ და სხვა ხელის შემშლელმა ფაქტორებმა კი RS Q E-Tron-ის ჰიბრიდული ძრავა სრული დატვირთვით ამუშავა.

Audi Sport-ის ქარხნული რბოლების პროექტების მენეჯერის, ანდრეას როოსის, განცხადებით, მაროკოში ავტომობილის გამოცდით მიღებული შედეგები შეუფასებელი და ფასდაუდებელია. თუმცა ტესტირებამ ასევე აჩვენა, რომ Audi-ს Dakari-ს რალიმდე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი და ამისათვის არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი.

Audi-ის მიერ აღნიშნულ რბოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ის პირველი ელექტრიფიცირებული, ჰიბრიდული ავტომობილი გახდება, რომელმაც ეს შეძლო. მართალია, ავტომობილი სრულად ელექტროძრავაზე არ მუშაობს, თუმცა მისი ჰიბრიდული ძრავა Formula E სპეციფიკაციებითაა მოდიფიცირებული. ენერგიის გარდაქმნის სისტემა, TFSI, ავტომობილის მართვისა და დამუხრუჭების დროს ავტომატურად მუხტავს ელემენტს.

თურქეთის ადგილობრივი ავტომობილის, TOGG-ის, პროექტი მსოფლიო მოთამაშეების ყურადღებას იქცევს

თურქეთის საავტომობილო ერთობლივი საწარმოების ჯგუფის, TOGG-ის, აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, გაერთიანებამ დაინახა მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიების მზარდი ინტერესი ქვეყანაში წარმოებული, პირველი ადგილობრივი სრულად ელექტრომობილის წარმოებაში თანამშრომლობის მიმართ.

ფოტო: AA Photo

TOGG-ის დირექტორის, გურჯან ყარაყაშის განცხადებით, კონსორციუმმა კონფიდენციალური შეთანხმება ათ საერთაშორისო ფირმასთან დადო, რომლებთანაც ისინი ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ უამრავი კომპანიაა დაინტერესებული თურქულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობით.

საკუთარი საავტომობილო საწარმოს გახსნას საფუძველი TOGG-მა ივლისში ჩაუყარა. ქარხანა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციაში, საავტომობილო დედაქალაქში, ბურსაში გაიხსნება. ყარაყაშის განცხადებით, ქარხნის შენობის დასრულება 18 თვეში იგეგმება და მისი სიმყარისათვის 38000-დან 40000-მდე რკინაბეტონის ფილა იქნება გამოყენებული. წარმოებას აღნიშნული ქარხანა უკვე 2022 წლიდან დაიწყებს. ნავარაუდებია, რომ წლიურად საწარმო 175,000 ავტომობილის გამოშვებას შეძლებს.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საწარმო პირველ ავტომობილს 2022 წლის ბოლო კვარტალში გამოუშვებს და მათი იმპორტი გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში მოხდება.

„ავტოსაწარმოში დასაქმებულთა რიცხვი, მას შემდეგ, რაც წარმოება 175,000 ავტომობილს მიაღწევს, 4,300 ადამიანამდე გაიზრდება, რომელთა 30%-იც ქალი იქნება“, – აღნიშნა TOGG-ის დირექტორმა.

TOGG-ი გეგმავს, რომ 2030 წლისათვის ხუთი ტიპის ავტომობილი – SUV, სედანი, ჰეჩბექი, B-SUV და B-MPV – აწარმოოს. ხოლო მათი ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების ყველა უფლება თავად კომპანიის მფლობელობაში იქნება. სრულად ელექტრო SUV-სა და სედანის პროტოტიპი სახელმწიფომ დეკემბერში წარადგინა.

Jeep-ი 2022 წლის Grand Cherokee 4xe-ის წარმოებას 29 სექტემბერს დაიწყებს

ავტომოყვარულთა ლოდინი თითქმის დასრულდა. ავტომწარმოებელმა დააანონსა, რომ Jeep Grand Cherokee-ის, პირველი 4Xe ჰიბრიდული მოდელის წარმოებას 29 სექტემბრიდან დაიწყებს. კომპანიას თავდაპირველად აღნიშნული მოდელის წარდგენა 2021 წლის ნიუ-იორკის საავტომობილო შოუზე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პანდემიის მიზეზით ღონისძიების გაუქმების გამო, ავტომობილის წარდგენაც გადაიდო.

ფოტო: Jeep

ავტომობილის მიერ ელექტრიფიკაციის ტესტირების გავლის შემდეგ, კომპანიამ საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები მიიღო. მათთვის არ იყო გასაკვირი, რომ ავტომობილი ძალიან ჰგავდა Grand Cherokee L-ს, თუმცა მცირედი ცვლილებებით. აღნიშნული მოდელი იმავე ბენზინისა და ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც 2021 წლის Wrangler 4Xe-ს აქვს. ჯიპს 375 ცხენის ძალისა და 470 ნიუტონ/მეტრი თორქის გამომუშავება შეეძლება.

საინტერესოა, რომ Jeep-სათვის საკუთარი 4Xe მოდელები სულ უფრო მნიშვნელოვანი საწარმოო ხაზი ხდება. ივლისში ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ 2025 წლისათვის კომპანია საკუთარი სრული გაყიდვების 70%-ს  ელექტრომანქანებზე ელის. ამ მიზნით კი ის ამ პერიოდისათვის საკუთარი ავტომობილების სრულად ელექტრო 4Xe მოდელის შეთავაზებას გეგმავს.

GM ჩინური თვითმართვადი სისტემის სტარტაპ Momenta-ში ინვესტიციას ახორციელებს

General Motors Co-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩინეთში სამომავლო მოდელებისათვის თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ავტონომიური მართვის სტარტაპში, Momenta-ში, 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

ფოტო: REUTERS/Yilei Sun

Momenta იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორისაა, რომლებსაც ჩინეთში მაღალი ხარისხის რუკების შეგროვების ნებართვა აქვთ, რაც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ის მუშაობს ავტომწარმოებლებთან მასობრივი წარმოების მანქანების შესაქმნელად, რომელთაც ექნებათ თვითმავალი ფუნქციები რეალურ დროში მონაცემების შეგროვების სპეციფიკაციებით.

საინტერესოა, რომ კომპანიას მხარს უჭერს SAIC Motor-ი, GM- ის მთავარი ჩინელი პარტნიორი.  თუმცა, გარდა ამისა, მხარდამჭერთა შორის Toyota Motor-ი და Daimler AG-ც არიან.

„ჩინეთში მომხმარებლები უფრო სწრაფად იწყებენ ელექტრიფიკაციას და თვითმავალი მანქანების ტექნოლოგიის ათვისებას, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად, GM-სა და Momenta–ს შორის დადებული შეთანხმება დააჩქარებს ჩვენი მომხმარებლებისათვის ახალი ტექნოლოგიების მიწოდების პროცესს”, – განაცხადა GM-ის ჩინეთის ოფისის უფროსმა, ჟულიან ბლისეტმა.

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ივნისში განაცხადა, რომ 2025 წლამდე 35 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს ელექტრომანქანებსა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებზე. ამ თვის დასაწყისში მისმა სარისკო კაპიტალის ოფისმა თანხები ჩადო Oculii-ში, ამერიკული სარადარო სენსორების პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელში, რომელიც თვითმართვად მანქანებში გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ ავტომწარმოებლები და ტექნოლოგიური ფირმები მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ ავტონომიური მართვის სისტემებსა და ტექნოლოგიებში. აღნიშნული ქმედებები კი მობილობის მომავლად მიჩნეულ დისციპლინაში ადრეულ ლიდერობას ისახავს მიზნად.