Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები  ავტოინდუსტრიისგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები  ავტოინდუსტრიისგან

წლის ბოლო კვარტალის დადგომასთან ერთად, ავტოინდუსტრიული გიგანტების შეფებიც წლის მოგებით დახურვაზე გადაერთვნენ. მთელი წლის განმავლობაში კოვიდის მორიგი ტალღით გამოწვეული წარმოების შეფერხებისა და ნახევარგამტარების დეფიციტის გამო ქარხნების დახურვით გამოწვეული ჩავარდნა წლის გეგმის შესასრულებლად სწორედ მეოთხე კვარტალში უნდა გამოსწორდეს. რასაკვირველია, ტექნოლოგიური სიახლეები ყველას აღაფრთოვანებს, თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს, თუმცა ეს ბიზნესია, შესაბამისად, ყველაფერზე მაღლა ყოველი ავტომწარმოებლისათვის ფინანსები დგას. ამიტომ საჭიროა, წლის დასაწყისში დასახული გეგმები წლის ბოლოსათვის განხორციელდეს. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ზოგიერთ მათგანს მაინც შესწევს ძალა, ავტომოყვარულებს საინტერესო სიახლეები არ მოაკლოს. ჩვენც გასული კვირის ყველა ამგვარ მნიშვნელოვან სიახლეს დღევანდელ ბლოგში მოვუყარეთ თავი და თქვენ გიზიარებთ. Forbes Auto-ს მიმდინარე კვირის ბლოგში იხილავთ, თუ რატომ დაიწყო სამხრეთკორეულმა Hyundai-მ საკუთარი ჩიპების წარმოება, რა სიახლეებით შემოდის ავტობაზარზე ტაივანური კომპანია Foxconn-ი, როგორია გზა სმარტფონებიდან ელექტრომობილებამდე ჩინური Xiaomi-ს მაგალითზე, რა პრობლემები აქვს Daimler-ს მიწოდების ჯაჭვში, როდისთვის შეძლებს მის გამოსწორებას და როგორ შემოიარა სრულად მზის პანელებზე მომუშავე ფურგონმა მთელი ევროპა.

სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე ფურგონმა ევროპა შემოიარა

ფურგონმა სახელად “Stella Vita” ევროპის გზატკეცილების 2000 კილომეტრი ისე დაფარა, რომ დასატენად ან საწვავის ჩასასხმელად ერთხელაც არ გაჩერებულა. ფურგონის საიდუმლოება კი მისი ენერგიის წყაროში იმალება. მზის პანელებზე მომუშავე მანქანამ ამ მისიის შესრულება სრულად განახლებადი ენერგიის წყაროს დახმარებით შეძლო.

ფურგონი საცხოვრებელი ადგილისათვის საჭირო ყველა დეტალითაა აღჭურვილი. ფურგონში საძინებელი, სავარძელი, სამზარეულო და აბაზანაც მოიძებნება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ტექნოლოგიის შემქმნელები ნიდერლანდების ეინდჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

STE / Bart van Overbeeke

22 სტუდენტისაგან შემდგარი გუნდის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, რომ ადამიანები, ბაზარი და საზოგადოებები დააფიქროს განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე და დააჩქაროს მზის ენერგიაზე გადასვლის პროცესი. მათი ტექნოლოგია კი ადამიანებსა და კომპანიებს დაანახვებს იმას, რისი გაკეთებაც უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი მზის პანელების დახმარებით.

ეინდჰოვენის უნივერსიტეტის გუნდმა იდეაზე ფიქრი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და Stella Vita-ს იდეა სულ რაღაც ორ თვეში დაიბადა. შესაბამისად 2020 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის მარტამდე სტუდენტებმა შეძლეს, რომ იმგვარი ფურგონი დაეპროექტებინათ, რომელიც თანადროულად მზის ენერგიაზეც იმუშავებდა და მსუბუქიც იქნებოდა, ამავე დროს კი აეროდინამიკის წესებიც დაცული იქნებოდა მაქსიმალური ეფექტიანობისათვის. ყველაფერთან ერთად კი ფურგონი ვიზუალურადაც საკმაოდ დახვეწილი უნდა ყოფილიყო.

მიმდინარე წლის ივლისისათვის საინჟინრო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გუნდმა ფურგონის გზებზე გამოცდა დაიწყო. საჯარო გზებზე გადაადგილების ნებართვა კი ავტომობილმა სექტემბერში მიიღო და იმავე თვის ბოლოსათვის ევროპული ვოიაჟიც დაიწყო. ტურმა სტარტი ნიდერლანდებში, ეინდჰოვენში აიღო და ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში, ტარიფაში დასრულდა. განვლილი მანძილის საერთო სიგრძე კი 3000 კილომეტრს შეადგენდა. თუმცა თავდაპირველად ტექნიკური ხასიათის პრობლემის გამო ფურგონს პირველი 1000 კილომეტრის გავლა მიბმით მოუწია. პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ კი Stella Vita-მ 2000 კილომეტრი დამუხტვისა და საწვავის ჩასხმის გარეშე გაიარა.

STE / Rien Boonstoppel

საინტერესოა ისიც, რომ ფურგონს 60-კილოვატიანი ელექტროძრავაც აქვს, რომლის დახმარებითაც სრულად დამუხტვის პირობებში 600 კილომეტრის გავლა შეუძლია ღამით ან მოღრუბლულ ამინდში. თუმცა, თუკი დღის განმავლობაში მზეც ანათებს, მაშინ აღნიშნული მანძილი კიდევ დამატებით 130 კილომეტრით იზრდება. როდესაც ფურგონი დაპარკინგებულია, მზის პანელები გვერდებიდან იზრდება და მისი ზედაპირის ფართობი 8.8 კვადრატული მეტრიდან 17.5 კვადრატული მეტრი ხდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტიანობას.

როგორც ჩანს ეინდჰოვენის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მზის ენერგიაზე მომუშავე ფურგონების შექმნა ერთგვარი ტრადიციაა. პირველი ამგვარი ავტომობილი მათ 2013 წელს შექმნეს, შემდეგ კი ყოველი ორი წლის ინტერვალებით ახალი მოდელები იქმნებოდა.

Hyundai ჩიპების მწარმოებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად საკუთარ წარმოებას დაიწყებს

Hyundai Motor’s-ის ჩიპების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამხრეთკორეულ ავტომწარმოებელს, ჩიპების მწარმოებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საკუთარი ჩიპების შექმნა სურს. შეგახსენებთ, რომ ლეპტოპებსა და სხვა ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნით წარმოქმნილმა ნახევარგამტარების დეფიციტმა ავტომწარმოებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოების შემცირებისაკენ უბიძგა.

შესაბამისად, გამონაკლისი არც Hyundai აღმოჩნდა. კომპანიამ საკუთარი საწარმოების მუშაობა გარკვეული პერიოდით შეაჩერა, თუმცა, Hyundai-ის საოპერაციო დირექტორის განცხადებით, კომპანიისათვის ყველაზე რთული პერიოდი აგვისტოსა და სექტემბერში იყო, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით გადაილახა.

ხოსე მუნოსმა განაცხადა, რომ ჩიპების ინდუსტრია საკმაოდ მგრძნობიარეა. ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდა მასზე დაუყოვნებლივ მოქმედებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად Intel-ი წარმოების გასაზრდელად საკმაოდ დიდი რაოდენობით ინვესტიციას ახორციელებს.

Hyundai-მ კი, სხვა რამდენიმე გამორჩეული ავტომწარმოებლის მსგავსად, გადაწყვიტა, პრობლემის მოგვარებასა და სამომავლო პრევენციაზე თავად იზრუნოს. კომპანიაში კარგად ესმით, რომ ეს გადაწყვეტილება დიდ ფინანსებთან და დროსთანაა დაკავშირებული, თუმცა სამხრეთკორეელები ამისათვის მზად არიან.

Hyundai საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საკუთარსავე ნაწილების კომპანიას, Hyundai Mobis-ს გამოიყენებს, რომელზეც ამ პროცესში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, კომპანია მიზნად ისახავს, რომ საკუთარი ბიზნესგეგმა მეოთხე კვარტალში ზედმიწევნით განახორციელოს, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისში საწარმოო დანაკარგებიც აინაზღაუროს.

Tesla-სა და Toyota-სთან ერთად, სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი იმ მცირე კომპანიათა შორისაა, რომელთაც, ჩიპების გლობალური დეფიციტის ფონზე, საკუთარი ავტომობილების გაყიდვები მაინც გაზარდეს.

კომპანიის ჩრდილოეთ ამერიკის დანაყოფის ხელმძღვანელის განმარტებით, Hyundai ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისათვის ელექტრომობილებს 2022 წლისათვის გამოუშვებს. გარდა ამისა, მაქსიმალურად გაზრდის საწარმოო შესაძლებლობებსაც ალაბამის ქარხანაში.

Daimler-ის CEO იმედოვნებს, რომ მიწოდების ჯაჭვი ამ კვარტალში დასტაბილურდება

Daimler-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კალენიუსის განცხადებით, ავტომწარმოებელი ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის პრობლემას მიმდინარე კვარტალში დაასტაბილურებს. თუმცა კომპანია რეალურ  ჩიპების დეფიციტისაგან შვებას 2023 წლამდე ვერ განიცდის.

აღმასრულებელი დირექტორი შეერთებულ შტატებში, „მერსედესის“ საწარმოში   სტუმრობს. მისი განცხადებით მიმდინარე კვარტალში კომპანიის წარმოება გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. გასული წლის ბოლო კვარტალი საკმაოდ ძლიერი იყო გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ამ პერიოდში პანდემიის გავლენებისაგან თავისუფლდებოდა.

REUTERS/Ralph Orlowski

„100-პროცენტიანი გარანტია ვერ გვექნება. ვირუსის გავრცელების გამო მალაიზიაში დახურულმა ქარხნებმა ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პრობლემა მიმდინარე კვარტალის ბოლოსათვის შედარებით დასტაბილურდება“, – განაცხადა მან აშშ-ში ვიზიტისას.

Daimler-ს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებთან გამკლავება ერთდროულად მრავალ ფლანგზე უწევს. შეგახსენებთ, რომ კომპანია ფაქტობრივად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი საწარმოო ხაზი Mercedes-Benz-ს ეკუთვნის, ხოლო მეორე – Daimler-ის სატვირთოების ხაზს. გარდა ამისა, 2030 წლისათვის Mercedes-ი სრულად ელექტროავტომობილების  წარმოებაზე გადასვლას გეგმავს. მომავალი წლიდან Mercedes-ი  ალაბამის ქარხანაში სრულად ელექტროსედანების ხაზის EQS-ის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, კომპანია ელექტროსედანის გამოშვებასაც აანონსებს. ერთი სიტყვით, ყველა სხვა ავტომწარმოებლის მსგავსად, „მერსედესის“ მომავალიც ელექტროა.

Xiaomi საკუთარი ავტომობილების მასობრივ წარმოებას 2024 წლიდან დაიწყებს

კომპანიის სპიკერის განცხადებით, Xiaomi Corp-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, ჩინური სმარტფონების მწარმოებელი საკუთარი ავტომობილების მასობრივ წარმოებას 2024 წლის პირველი კვარტალიდან დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის სპიკერმა საინვესტიციო ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, მოგვიანებით კი აღნიშნული თავად კომპანიამაც დაადასტურა.

გარდა ამისა, სიახლის შესახებ საკუთარ გვერდზე Xiaomi-ის საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც განაცხადა. Xiaomi-მ საკუთარი მიზნების შესახებ საზოგადობას პირველად ოფიციალურად მიმდინარე წლის დასაწყისში შეატყობინა. თუმცა, მაშინ კომპანიას ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუ როდის აპირებს ავტომობილების წარმოების დაწყებას.

Getty Images

სიახლის ვირუსულად გავრცელების შემდეგ Xiaomi-ის აქციათა ფასები ჩინეთის საფონდო ბირჟაზე 5.4%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის 12 მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდა არის.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კომპანიამ აღნიშნულის შესახებ ფორმალურად 2021 წლის მარტში განაცხადა და დასძინა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დანაყოფის განსავითარებლად 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ელექტრომობილების დანაყოფი კი ოფიციალურად კომპანიამ აგვისტოს ბოლოსაკენ დაარეგისტრირა.

ჯერჯერობით უცნობია, Xiaomi საკუთარ ავტომობილებს დამოუკიდებლად აწარმოებს, თუ რომელიმე არსებულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობას გეგმავს. თუმცა, ამისდა მიუხედავად თანამშრომელთა დაქირავების პროცესი უკვე დაწყებულია, რაც შესამზადებელი პროცესია.

შეგახსენებთ, რომ Xiaomi სმარტფონების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა. თუმცა, გარდა სმარტფონებისა კომპანია აწარმოებს ყველაფერს – დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთებით, დამთავრებული ელექტროტექნიკით.

Toyota-ს მთავარი მეცნიერი: ელექტრომობილს ყველა არ უნდა მართავდეს

Toyota Motor Corp-ის მთავარი მეცნიერის, გილ პრეტის განცხადებით, დღეს მსოფლიოში ბევრ ადამიანს ანაღვლებს კლიმატური ცვლილებები და მათთან ბრძოლა, თუმცა ამის გამო ელექტრომობილის მართვა ყველამ არ უნდა დაიწყოს.

Toyota და სხვა გიგანტი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ელექტრომობილები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ გლობალური გამონაბოლქვის შემცირებაში, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთადერთი გზა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ადამიანები აქტიურად უნდა იყენებდნენ ჰიბრიდულ მოდელებსაც და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებსაც. როგორც ჩანს, კომპანიას არ სურს, რომ წარმოება სრულად ელექტროხაზზე გადაიყვანოს და ამ განცხადებებით შიდაწვისძრავიანი  და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების გაზრდას ისახავს მიზნად.

REUTERS/Steve Marcus

Toyota-ს მტკიცედ სჯერა, რომ საკუთარ მომხმარებლებს დივერსიფიცირებული კატალოგი უნდა შესთავაზოს გამონაბოლქვის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, გილ პრეტმა აღნიშნა, რომ მთავრობების მიზანი გამონაბოლქვის გლობალურად შემცირება უნდა იყოს სხვადასხვა ხერხის გამოყენებით და ამ გზების განვითარებისათვის მათ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. მათი მიზანი ამ ყველაფრის მისაღწევად უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ უნდა იყოს. შესაბამისად, მათი აკრძალვები შიდაწვისძრავებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე Toyota-ს ოფიციალური პოზიციით, უსამართლოა. როგორც ჩანს, იაპონური ავტომწარმოებელი შიდაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვის უპასუხოდ დატოვებას  არ აპირებს და სამომავლოდ ამ ინიციატივის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს.

საინტერესოა, რომ გასულ წელს Toyota დადებითად გამოეხმაურა ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას კალიფორნიის შტატის გამონაბოლქვისაგან გათავისუფლების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ საკუთარი შეხედულებები მნიშვნელოვნად შეცვალა.

Toyota-ს განცხადებით, კომპანია 2030 წლისათვის ელექტრომობილების განვითარებისათვის 13.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. თუმცა, სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, ეს გეგმა საკმაოდ მცირე ღირებულებისაა. კონკურენტები, General Motors-ი და Ford-ი 2025 წლისათვის იმავე მიზნებით 30 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.

ტაივანურმა ავტომწარმოებელმა Foxconn-მა სამი ახალი ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინა

ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Foxconn-მა ორშაბათს სამი ახალი ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინა. აღნიშნული ნაბიჯით კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი საწარმოო ხაზის დივერსიფიკაციას გეგმავს და მხოლოდ Apple-სა და სხვა ტექგიგანტებისათვის ელექტროდეტალების  შექმნით არ შემოიფარგლება.

ახალი ავტომობილების პროტოტიპები SUV-ის, სედანსა და ავტობუსს წარმოადგენდნენ. სამივე ელექტრომობილი Foxconn-ისა და ტაივანური ავტომწარმოებლის, Yulon Motor Co-ს ერთობლივი პროექტის, FoxTron-ის ნაწარმია.  ახლად დაფუძნებული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს ხუთ წელიწადში ელექტრომობილების კომპანიის ღირებულება ტრილიონ ტაივანურ დოლარამდე, ანუ 35 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

როგორც ჩანს, Foxconn-ი მიზნად ისახავს, რომ ელექტრომობილთა ბაზარზე წამყვანი მოთამაშე გახდეს. ამ მიზნით კი მან სხვადასხვა სახის შეთანხმებები ამერიკულ სტარტაპთან, Fisker Inc-თან და ტაილანდურ ენერგოჯგუფთან, PTT PCL-სთან გააფორმა.

საინტერესოა, რომ FoxTron-ის მიერ წარმოებული ელექტრომობილები დიდი ალბათობით ამავე ბრენდის ნიშნის ქვეშ არ გაიყიდება. ნავარაუდებია, რომ ელექტრომობილი სედანი ტაივანის საზღვრებს გარეთ გაიყიდება ჯერჯერობით უცნობი ავტომწარმოებლის მიერ.  ელექტრო SUV კი შიდა მოხმარების ბაზარზე 2023 წლიდან Yulon-ის ერთ-ერთი ბრენდის სახელით ჩაეშვება.

რაც შეეხება ელექტროავტობუსს, მას ნამდვილად FoxTron-ის ბრენდირება ექნება და ის ტაივანის ქუჩებში შესაძლოა უკვე მომავალი წლიდანაც გამოჩნდეს. როგორც ჩანს, კომპანია ადგილობრივ სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერთან შეთანხმების დადებას გეგმავს.

საკუთარი გეგმების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა Foxconn-მა უკვე რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. მიმდინარე თვის დასაწყისში ელექტრომობილების ასაწყობად მან ამერიკული სტარტაპის ქარხანა შეიძინა. აგვისტოში კი ტაივანური ჩიპების საწარმო იყიდა, რათა სამომავლოდ ელექტრომობილებისათვის ნახევარგამტარების მიწოდება უზრუნველყოს.

Opel-მა განახლებული Manta წარადგინა: რებრენდინგი ძრავასაც შეეხო

ლეგენდარული Opel Manta ბაზარზე დაბრუნდა. 50 წლის წინ გამოშვებული ოთხცილინდრიანი  ძრავის მქონე ავტომობილი, ყველასათვის ცნობილი Manta, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან დაიბადა და ელექტრიფიკაცია განიცადა. Opel-მა გერმანული ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილის დეტალები გასულ კვირას გაავრცელა. ავტომწარმოებლის მოსაზრებით, ახალ ავტომობილში ყველაფერი იქნება წარმოდგენილი: ძველებური სტილი და თანამედროვე ტექნოლოგიები.

Opel-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიქაელ ლოშელერის, განცხადებით, გამონაბოლქვისაგან ნეიტრალური ავტომობილები კომპანიის მომავალს წარმოადგენს. ელექტრიფიკაცია Opel-ის ყველა მოდელმა განიცადა, თუმცა ამჯერად Manta სრულად ელექტრომობილი იქნება.

წარსულში არსებული ავტომობილი 4-ცილინდრიანი ძრავა 108-კილოვატიანი ელექტროძრავით ჩანაცვლდა, რომელსაც 147 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. საინტერესოა, რომ ავტომობილის ელექტრიფიკაციის მცდელობები წარსულშიც იყო. 1974 და 1975 წლებში Manta-ს პირველ თაობას 77-კილოვატიანი ძრავა ჰქონდა, რომელსაც 105 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. ახალი თაობის Opel Manta კი აქამდე არსებული ყველაზე მძლავრი ავტომობილი იქნება.

2021 წლის Opel Manta-ს 225 ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტი, იგივე თორქი ექნება. საინტერესო დეტალია ისიც, რომ მძღოლს გადაცემათა კოლოფის ტიპის არჩევა თავად შეეძლება მექანიკურსა და ავტომატიკას შორის. ავტომობილს კი უკანა წამყვანი თვლები ექნება. სრული დამუტვის პირობებში ავტომობილს 200 კილომეტრის გავლა შეეძლება.

როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებელი საკუთარ მომხმარებლებს სამომავლოდ დიდ სიახლეებს უმზადებს. რებრენდინგის პროცესი შესაძლოა სხვა მოდელებსაც შეეხოს. ამისათვის კი ავტომოყვარულები სიახლეებს დიდი ყურადღებით უნდა დაელოდონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *