ზაფხულის პიკის შემდეგ ექსპერტები, მიმდინარე შემოდგომაზე, ავიაბილეთების ფასების მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, გასულ სეზონთან შედარებით, შიდა ავიაბილეთების ფასები 29%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობებისთვის, მიმართულებათა ნაწილზე, 40%-ითაც კი შემცირდება.
როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე ფასების კლების გათვალისწინებით, ამერიკულმა Forbes-მა მიმდინარე სეზონზე სამოგზაუროდ შედარებით იაფი მიმართულებები გამოავლინა. ამასთან ერთად კი, Expedia-ს მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიაში მიმდინარე ზაფხულის ყველაზე პოპულარული მიმართულებებიც წარმოადგინა.
ABC News-სთან გაკეთებულ განცხადებაში, ეკონომისტმა ჰეილი ბერგმა აღნიშნა, რომ ამ შემოდგომას, ივნისთან, ივლისსა და აგვისტოსთან შედარებით, ფასი თითო ბილეთზე საშუალოდ $87-ით შემცირდება. ბერგი საერთაშორისო მოგზაურობის ბუმზე მიუთითებს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს, კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას მოჰყვა. თუმცა საშემოდგომო მოგზაურობის პროგნოზებში, Expedia-ს ანალიტიკოსთა მონაცემებით, ზაფხულის პიკთან შედარებით ფასები შემცირებული ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში იყო – შიდა ფრენებზე 10%-ით, საერთაშორისოზე კი 5%-ით, მათ შორის ზოგიერთი მიმართულება სხვებზე უფრო იაფიც კი იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ჯუნოში (ალასკა) სამოგზაუროდ ბილეთების საშუალო ფასი 35%-ითაა შემცირებული, სიეტლში თითქმის 25%-ით, და დენვერში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში მოგზაურობისთვის კი – 20%-ით. საერთაშორისო დონეზე, ოსლოში (ნორვეგია) ფრენების ფასი ზაფხულის პიკის შემდეგ 40%-ითაა დავარდნილი, იბიცაში (ესპანეთი) 35%-ით, და თითქმის 20%-ით ტოკიოს, ფლორენციისა და პარიზის ბილეთებისთვის.
Expedia-ს განცხადებით, 24 ოქტომბრის კვირაში მოგზაურობები ყველაზე იაფად არის დაჯავშნილი – შიდა მოგზაურობებისთვის ზაფხულის პიკთან შედარებით დაახლოებით 20%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობისთვის, დაახლოებით 15%-ით ნაკლები. ბერგის შეფასებით კი წლის ბოლომდე მოგზაურობისთვის ფასები ყველაზე დაბალი 15 სექტემბრის – 15 ოქტომბრის პერიოდში იქნება.
თუმცა, მიუხედავად ფრენებზე ფასების შემცირებისა, NerdWallet-ის შეფასებით, ამ ზაფხულს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი გაცილებით უფრო გაზრდილია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო. შრომის სტატისტიკის ბიუროს უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, განსახლების ხარჯები 7%-ით იყო გაზრდილი, ისევე როგორც სასადილოების ფასები.
მანქანის დაქირავების შემთხვევაში, მოგზაურებს შარშანდელ ივლისთან შედარებით 7%-ით ნაკლების გადახდა უწევდათ, თუმცა ხარჯი მაინც 37%-ით მაღალი იყო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. გართობასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის თეატრსა და კონცერტზე ვიზიტი, წლიურად 4.7%-ით გაიზარდა.
Expedia-ს პროგნოზებზე დაყრდნობით, ამ შემოდგომის ყველაზე ტრენდული მიმართულებებიც გამოვლინდა. ვებგვერდზე ფრენების ძიების მიხედვით, პოპულარულ საერთაშორისო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზეა ჰონგ-კონგი – ძიების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1,500%-ითაა გაზრდილი. შემდეგ მოდის ფრანკფურტი, გერმანია (280%), ტაიპეი, ტაივანი (260%) და ოსაკა, იაპონია (210%-ზე მეტი). საშინაო ფრენებზე კი სავანა (ჯორჯია) ლიდერობს 1,555%-ით, მას მოჰყვება სიეტლი (75%), სოლტ-ლეიკ-სიტი (50%) და ბოსტონი (45%).