Forbes: ბაიდენის პირველი წელი - ეკონომიკური ანგარიში

Forbes: ბაიდენის პირველი წელი - ეკონომიკური ანგარიში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას გრძელი ჩამონათვალი აქვს იმ მიზეზების, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, ქვეყანას ეკონომიკის ყველაზე ძლიერი აღდგენით გამოარჩევს. მათ შორისაა: უმუშევრობის დაბალი დონე, მაღალი ხელფასები, 2021 წლის განმავლობაში შექმნილი 6.4 მილიონი სამუშაო ადგილი. თუმცა, ამ ყველაფრის შეცვლა მხოლოდ ერთ მონაცემს, 7%-ს შეუძლია, რომელიც 1982 წლის შემდგომ ინფლაციის ყველაზე მაღალ წლიურ ზრდას ასახავს.

რესპუბლიკელებიც დროს არ კარგავენ და ამ ფაქტს მუდმივად ხაზს უსვამენ. ბაიდენის პრეზიდენტობიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ კი მისი რეიტინგიც კლებულობს და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულსაც მიუახლოვდა. შტატების პრეზიდენტის პირველი წლის ეკონომიკური ანგარიშისთვის Forbes-მა მთავარი საკითხები შეაჯამა და რვა კატეგორიაში გააერთიანა:

  1. ინფლაცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1982 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი – 7% დაფიქსირდა. ბაიდენი ხელფასების ზრდას ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთ მაჩვენებლად აცხადებს, თუმცა სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატება ბევრი ოჯახისთვის, შემოსავლის ზრდის მიუხედავად, სიტუაციას ართულებს. ინფლაცია ფედერალურ სარეზერვო სისტემას სესხის განაკვეთის ზრდისკენაც უბიძგებს, მაშინ როდესაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ის ნულთან მიახლოებული რჩებოდა. Goldman Sachs-ი მიმდინარე წელს 4%-იან ზრდას წინასწარმეტყველებს.

  1. შრომის ბაზარი

აშშ-ში უმუშევრობის დონე პანდემიამდელ ნიშნულამდე დაეცა. ბაიდენის თეთრ სახლში   მოსვლამდე ქვეყანაში უმუშევრობა 6.75% იყო, დღეს კი 3.9%-ზეა. 10 მილიონი სამუშაო ადგილით, დამსაქმებლების პრობლემა „დიდი გადინებაა“. მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში დაკავებული პოზიცია ოთხ-ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. შედეგად, სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელი 2.3%-დან 3%-მდე გაიზარდა.

  1. ენერგოფასები

ბაიდენის ინაუგურაციის დღიდან, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 62%-ით, ბარელზე $86-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის შემდგომ. გალონზე ფასმა $3.30 შეადგინა, ბუნებრივი აირით გათბობის ხარჯი კი შესაძლოა, გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდოს.

  1. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა

2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდამ 5.7% შეადგინა, რაც ყველაზე დიდი წლიური მატებაა 1984 წლის შემდგომ. ეკონომიკის მზარდი ტემპის შენელება, 2021 წლის პირველი ნახევრიდან, ვაქცინაციის პერიოდში მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის გაზრდილმა ხარჯმა გამოიწვია. რეალური მშპ-ის ზრდა გასული წლის პირველ ორ კვარტალში 6%-ზე მეტი იყო, თუმცა მესამე კვარტალში $1.9-ტრილიონიანი ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მიღებისას 2%-მდე შემცირდა.

  1. აქციები

ტრამპის გაფრთხილება, რომ ბაიდენის არჩევის შემთხვევაში საფონდო ბირჟა დაეცემოდა, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა აღმოჩნდა. S&P 500-ის მონაცემებით, ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ წელს აქციები 19%-ით გაიზარდა, თუმცა პრეზიდენტი, რომელმაც იცის, რომ საფონდო ბირჟის ფასები მის კონტროლს არ ექვემდებარება, 19%-იანი მატების ფაქტსაც ძირითადად ხაზს არ უსვამს. ამასთან ერთად კი შესაძლოა, ბაიდენს S&P 500-ის 2022 წლის მონაცემებზე პასუხისმგებლობის აღებაც არ სურს, რადგან ფასები იანვარში ჯერჯერობით 5%-ით შემცირებულია.

  1. ობლიგაციები

პანდემიამდე, მზარდმა ინფლაციამ და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის მოლოდინებმა, ობლიგაციების შემოსავალი რეკორდულ დონეზე აიყვანა. ბაიდენის პრეზიდენტად არჩევისას არსებული 0,13%-დან, იანვრის ბოლოს, 2-წლიანმა „ხაზინამ“ 1%-ს გადააჭარბა, ხოლო 10-წლიანი „ხაზინის“ სარგებელი მხოლოდ გასულ თვეში 31 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 1.83%-ს მიაღწია.

  1. მომხმარებელთა განწყობა

მიუხედავად მზარდი საფონდო ბირჟისა და დასაქმების მაღალი მაჩვენებლის, ამერიკელები უფრო მეტად შეშფოთებულები არიან, ვიდრე ოდესმე ბოლო ათწლეულში. მიჩიგანის უნივერსიტეტის მომხმარებელთა განწყობის ყოველთვიურმა კვლევამ 2021 წლის ნოემბერში 2011 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი ქულა, 67.4 დააფიქსირა. უახლესი მაჩვენებლით, იანვრის დასაწყისში მომხმარებელთა განწყობის ქულამ 68.8 შეადგინა. ბაიდენის თანამდებობაზე  მოსვლისას ქულა 79.0 იყო, რომელიც გაიზარდა პირველ თვეებში, თუმცა ინფლაციისა და პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა.

  1. ბიზნესის გაკოტრებები

Hertz-ი, JCPenney და Chesapeake Energy იმ 7,129 ამერიკულ კომპანიას შორის არიან, რომელთაც 2020 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ეს კი ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. გაკოტრების ტემპი 2021 წელს, მცირე ბიზნესებისთვის სახელმწიფო ხარჯებსა და სესხის პროგრამებზე შეღავათებით შეჩერდა. American Bankruptcy Institute-ის მონაცემებით, გასულ წელს, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში კომპანიათა ყველაზე დაბალმა რაოდენობამ (3,724 კომპანია) შეიტანა განაცხადი გაკოტრების თაობაზე. 2021 წელს გაკოტრებულ კომპანიებს შორის Belk-ი და National Rifle Association-ი არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *