„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გლობალურ სამუშაო ძალაში გენდერული ნიშნით დისბალანსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ორგანიზაციის ანგარიშით, მსოფლიო მასშტაბით, ქალთა ნახევარზე ნაკლები, მხოლოდ 47%-ია დასაქმებული, როდესაც მამაკაცთა შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 72%-ს უტოლდება. თუმცა ქალთა დასაქმების შემთხვევაშიც, მათი ანაზღაურება და სამუშაოს ხარისხი ბევრად ჩამოუვარდება საპირისპირო სქესისას.
მიუხედავად ამისა, CMP Research-ის თანადამფუძნებელი ნიკოლ კაილი სამუშაო ძალაში ქალების მომავალს შედარებით ოპტიმისტურად აფასებს. განსაკუთრებით კი პანდემიის შემდეგ, რადგან თანამდებობების დატოვების ნაცვლად, ქალები, რომლებიც ძირითადი სამუშაო ასაკის არიან, სამუშაო ბაზარს სტაბილური ტემპით უბრუნდებიან. პარალელურად კი უკვე ბევრი კომპანია აცნობიერებს, რომ ქალი ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის მათთვის ისეთი ბენეფიტების შეთავაზებაა მნიშვნელოვანი, როგორიცაა მოქნილი სამუშაო გრაფიკი, უნარების განვითარების პროგრამები, ოჯახური შვებულებები და მისია, რომელიც ქალთა განვითარებას ეხმიანება.
Forbes-მა ბაზრის კვლევით კომპანია Statista-სთან ერთად გამოავლინა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან ქალთა საკითხების მიმართ მხარდაჭერით როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რეიტინგი შედგენილია 37 ქვეყანაში 70,000 ქალის გამოკითხვის საფუძველზე. მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ მათი დამსაქმებლები ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა სამართლიანი ანაზღაურება, დასაქმებული მშობლების ხელშეწყობა, თანამშრომელთა დისკრიმინაციის შემთხვევების მართვისა და ქალთა კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
Statista ასევე დაინტერესდა კომპანიების მხრიდან გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისთვის მათი პლატფორმისა და მარკეტინგული გზავნილების გამოყენებით. კომპანიები ასევე შეფასდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების პროცენტული მაჩვენებლით.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ისა და Statista-ს მიერ შედგენილი ერთობლივი რეიტინგის წამყვანი ოცი კომპანიიდან ნახევარზე მეტი ევროპის რეგიონშია წარმოდგენილი, შემდგომ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები 8 კომპანიით. საერთო ჯამში, გამოკითხულთა შეფასებებზე დაყრდნობითა და მინიჭებული ქულების გაერთიანებით, Forbes-მა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც დასაქმებული ქალების ხელშეწყობით ყველაზე მეტად გამოირჩევიან.
კომპანია | ინდუსტრია | ქვეყანა | დასაქმებულთა რაოდენობა |
MAIF | დაზღვევა | საფრანგეთი | 9,327 |
Estée Lauder Companies | შეფუთული საქონელი | აშშ | 62,500 |
SAP | IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა | გერმანია | 111,961 |
Clorox | საცალო და საბითუმო ვაჭრობა | აშშ | 9,000 |
Marriott International | მოგზაურობა & დასვენება | აშშ | 377,000 |
Marks & Spencer | საცალო და საბითუმო ვაჭრობა | გაერთიანებული სამეფო | 72,316 |
H&M – Hennes & Mauritz | ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა | შვედეთი | 106,522 |
Intersport | საცალო და საბითუმო ვაჭრობა | შვეიცარია | 100,000 |
Microsoft | IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა | აშშ | 221,000 |
Adidas | ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა | გერმანია | 59,258 |
Netflix | მედია & რეკლამირება | აშშ | 12,800 |
Aviva | დაზღვევა | გაერთიანებული სამეფო | 22,000 |
AptarGroup | შეფუთული საქონელი | აშშ | 13,500 |
Starbucks | რესტორნები | აშშ | 402,000 |
L’Oréal | შეფუთული საქონელი | საფრანგეთი | 87,400 |
SNCF | ტრანსპორტირება და ლოგისტიკა | საფრანგეთი | 276,000 |
Unilever | შეფუთული საქონელი | გაერთიანებული სამეფო | 127,000 |
Capita | ბიზნესსერვისები & მიწოდება | გაერთიანებული სამეფო | 50,000 |
Coca-Cola | საკვები, სასმელები, თამბაქო | აშშ | 700,000 |
TD Bank Group | ბანკინგი და ფინანსები | კანადა | 95,000 |