გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის ივნისის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:
◾ ყდაზე | მრავალფეროვნება, როგორც სტრატეგია | ავტორი: ანინა ტეფნაძე
ელენე სიგუა, რომლის სახელსაც საქართველოში ფრანგული ბრენდის IZIPIZI-ს პოპულარიზაცია უკავშირდება, წარმატებულ კარიერაზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს: კომუნიკაციას, სისწრაფესა და ინტუიციის ნდობას. ამჟამად ელენე პარტნიორებთან ერთად დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპის განვითარებაზე ზრუნავს და პარალელურად Gastronome Group-ში შემავალ ბრენდებს უწევს კონსულტაციას მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
რეიტინგი
◾ 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია
2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში წარმოდგენილ კომპანიებს შორის ასი ყველაზე ძვირადღირებულის ჯამური ღირებულება 77.6 მლრდ ლარს აჭარბებდა. გაეცანით ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ასეულს.
◾ ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები
სადაზღვევო საქმიანობა საფინანსო სექტორის ნაწილია, რომლის წილი დარგში მოკრძალებულია. საქართველოში 2023 წლის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანია იყო. მათ შორის, ბაზრის ყველაზე ახალი მონაწილე ნიუ ვიჟენ დაზღვევაა, რომელიც 2020 წლიდან არსებობს.
◾ ტოპ-10 ყველაზე მოგებიანი საავადმყოფო
ჯანდაცვის სისტემა, როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სისტემის საკვანძო ნაწილი საავადმყოფო საქმიანობის გამწევი სამედიცინო დაწესებულებებია. საავადმყოფოების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო საბიუჯეტო რესურსებია, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების ძირითადი ნაწილი სტაციონარული მომსახურებაა. წარმოგიდგენთ 2023 წლის მდგომარეობით ყველაზე მოგებიანი (აქტივებზე უკუგება) საავადმყოფოების ათეულს.
◾ 10 სექტორი, სადაც ხელფასი ყველაზე მაღალია
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2,059 ლარი იყო. საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გამოკლების შემდეგ, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1,614 ლარი გამოდის. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 16.5%-ით გაიზარდა. ხელფასის რეალური ზრდა, რაც ინფლაციის დონის გამოკლებას გულისხმობს, 14.6% იყო. 2024 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2,218 ლარი იყო (ხელზე 1,739 ლარი). 2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით რეალური ზრდა 7%-ია. მეოთხე კვარტალის მონაცემები უფრო ახლოს არის ხელფასების დღევანდელ დონესთან, ვიდრე 2024 წლის მთელი წლის საშუალო. ამიტომ სტატიაში სექტორების მიხედვით ხელფასების რეიტინგი 2024 წლის მე-4 კვარტალის მიხედვით არის მოცემული. სამწუხაროდ, ტოპ 10-ში ვერ ხვდება განათლების სექტორი, სადაც ხელფასი ყველაზე დაბალია.
მოსაზრება
◾ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა ფინანსურ სარგებელს უნდა ელოდონ ქართული საფეხბურთო კლუბები? | ავტორი: რატი ახალაია
2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ეს აისახებოდა ქართული კლუბების შემოსავლებზე. ზოგიერთი მოსაზრებით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების შეძენის სურვილი ევროპული ჩემპიონატების წამყვან კლუბებს უნდა გასჩენოდათ.
◾ როგორ ეწინააღმდეგება რუსეთის ჰიბრიდულ ომს ევროპა და რა დევს სასწორზე? | ავტორი: გიორგი ცხადაია
რუსეთი, უკრაინაში წარმოებული იმპერიალისტური ომის პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებს ე.წ. ჰიბრიდული ომის საშუალებებით ებრძვის. ჰიბრიდული ომი, კონვენციურისგან განსხვავებით, ძირითადად ზემოქმედების არატრადიციულ მექანიზმებს (კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის გავრცელებას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და ა.შ.) მოიცავს. ჰიბრიდული შეტევები განსაკუთრებით ეფექტიანია უკრაინის ომის ფონზე, რადგან ასეთ დროს რუსეთისთვის უფრო ადვილია დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაში ომის შიშის გაღვივება და ამ შიშის საფუძველზე, პრორუსული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის წახალისება.
◾ ევროპის ჯარი უკრაინაში: არის მსურველთა კოალიცია მზადმყოფთა კოალიცია? | ავტორი: აკა ზარქუა
მკაფიო გახდა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ვაშინგტონს არ ექნება წამყვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში და, შესაბამისად, მოვიდა იმის გააზრებაც, რომ პოსტსაომარ რეალობაში რუსეთის მთავარი შემაკავებლის ფუნქცია საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს.
პარტნიორებისაგან
◾ გზავნილით — მთავარია, გჯეროდეს | ავტორი: იზა გვარამაძე
თიბისიმ ბრენდის ახალი გზავნილი — მთავარია, გჯეროდეს წარადგინა, რომელიც მომხმარებელთან ერთდ განვლილი 33-წლიანი ისტორიისა და ორგანიზაციული კულტურის გამოძახილს წარმოადგენს. კომპანიის მიზანია, ეს მანიფესტი იქცეს წარმატების გაზიარების პლატფორმად, რომელიც მომხმარებლებს ერთი შეხედვით შეუძლებლის შეძლებაში დაარწმუნებს.
◾ გლობალური ინოვაციების ცენტრში | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
ამერიკის ფინანსური სისტემის ეპიცენტრში დაბადებული Mastercard-ი წლებია, საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი აქტიური ინოვატორია — ის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკას შორის სტრატეგიულ ხიდს აშენებს. როგორც Mastercard-ის რეგიონული ხელმძღვანელი დავით ზღუდაძე გვეუბნება, კომპანიის ფოკუსი დღეს ინოვაციაზე დგას — პროცესზე, რომელმაც ქვეყანაში ახალი ფინანსური რეალობა უნდა შექმნას.
◾ ინვესტიცია მწვანე მომავალში | ავტორი: იზა გვარამაძე
ადგილობრივ ბაზარზე მწვანე, ეკომეგობრულ სივრცეებზე მოთხოვნა მზარდია და შესაბამისად იზრდება Maqro Development-ის ინვესტიციაც. 2013 წლიდან კომპანიამ საქართველოში უკვე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდა, 2000 ბინა გაყიდა და ახლა ყველაზე მასშტაბურ პროექტს, „მაქრო სითი თბილისს” წარადგენს – მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელშიც საცხოვრებელ და რეკრეაციულ კომფორტს გრძელვადიანი საინვესტიციო ღირებულება ერწყმის.
◾ შავი ზღვიდან – ლურჯ ოკეანეში | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
ქართული კომპანია MONCERO ბაზარზე ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებით დამკვიდრდა, თუმცა დღეს გლობალური კრიპტობირჟის, NORDOM-ის პროექტზე მუშაობს, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და სფეროს ვეშაპებთან კონკურენციისთვის ემზადება. FORBES GEORGIA კომპანიების CMO-ს, ნიკა ცოტნიაშვილს ესაუბრა.
◾ AI-პლატფორმა მომხმარებელთან საურთიერთოდ | ავტორი: იზა გვარამაძე
მონაცემები ბევრ კომპანიას აქვს, მაგრამ ზრდისთვის მათი გამოყენება ცოტას თუ შეუძლია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება „ოპტიო” — ხელოვნური ინტელექტით გამართული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაფუძნებულ შეთავაზებებს ქმნის. სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური პროდუქტის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მირზიკაშვილი გვესაუბრა.
◾ სანდო პარტნიორი ცვალებად გარემოში
17 წელია, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია MOORE ABC-ი საქართველოს ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. მმართველ პარტნიორი მიშა აბაიაძე წარმატების საფუძვლად პარტნიორულ მიდგომას, ინოვაციაზე ორიენტაციასა და გუნდში ინვესტირებას ასახელებს.
რეპორტაჟი
◾ რა ხდებოდა BANKING CONFERENCE 2025-ზე? | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
21 მაისს Forbes Georgia-მ, Concept Digital-თან და Identomat-თან ერთად Forbes Georgia Banking Conference 2025 გამართა. ღონისძიებამ, რომელიც Stamba-ის სივრცეებში Warehouse Bar & Terrace-ზე ჩატარდა, საბანკო თუ ფინტექ-ინდუსტრიებიდან არაერთ წამყვან ორგანიზაციასა და 100-ზე მეტ ლიდერს მოუყარა თავი.
ანტრეპრენიორები
◾ ფინანსური ანალიტიკა ყველასთვის | ავტორი: ანინა ტეფნაძე
გიორგი ჩუგოშვილის მიერ დაარსებული AMADEO ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთ ფინანსურ ანალიტიკას სთავაზობს, როგორიც აქამდე მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელთა დაკარგვის ნულოვანი მაჩვენებელი და 240,000 ლარის ოდენობის მოზიდული ინვესტიცია მიანიშნებს, რომ ახლად შექმნილ სტარტაპს აქვს პოტენციალი, მთელი ბიზნესგარემო გააუმჯობესოს.
ინტერვიუ და პროფილი
◾ ახალი ლიდერი უნივერსალიზაციის გზაზე | ავტორი: იზა გვარამაძე
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება. 2025 წლის თებერვლიდან კომპანიის საცალო საბანკო მიმართულებას, ფინანსურ სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე დაგროვილი 18-წლიანი გამოცდილებით, ნინო ჩადუნელი ჩაუდგა სათავეში. ის გეგმავს, ბანკს უნივერსალიზაციის მიზნის მიღწევასა და სექტორის ლიდერებს შორის პოზიციის გამყარებაში დაეხმაროს.
ტენდენცია
◾ მუშა AI | ავტორები: რაში შრივასტავა და კეტრინ შვაბი
ბიზნესმა მილიონობით ინვესტიცია ჩადო ხელოვნურ ინტელექტში იმ იმედით, რომ მომავალში დიდ შემოსავალს მიიღებდა. ეს სტარტაპი დღეს მათ მილიონობით შრომით ხარჯს უზოგავს.
ეკონომიკა
◾ რა განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
2022-2023 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი, წინასწარი მონაცემებით, ზრდა 9.3% იყო.
საკითხავი
◾ დიდვაჭრები და მათი პოლიტიკური როლი შუა საუკუნეების საქართველოში | ავტორი: ნიკა ხოფერია
ვაჭრობა იყო ხელობა, რომელიც აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს; მისი საშუალებით იცვლებოდა ცივილიზაციათა სხვადასხვა გამოგონება და ხდებოდა კულტურების შერწყმა. შუა საუკუნეების ფეოდალურ სახელმწიფოებში, რომელთა შემოსავლები მწირ სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, XI-XII საუკუნეებიდან ხელოსნებსა და ვაჭრებს განსაკუთრებული როლი მიენიჭათ. ქალაქების ზრდა, ურბანიზება, განვითარება, ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირება, დოვლათის შექმნა სწორედ ფეოდალურ სამებას – რაინდობას, გლეხობასა და სამღვდელოებას შორის მოქცეული საზოგადოების ამ ნაწილს შეეძლო.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი