Forbes Georgia | 2025 წლის ნოემბრის ნომერი

Forbes Georgia | 2025 წლის ნოემბრის ნომერი

გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს 2025 წლის ნოემბრის ნომერში:

◾ ყდაზე | მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის შემქმნელები | ავტორი: ანინა ტეფნაძე

Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ჯამში 10 ჯილდო დაიმსახურა: მათგან ოთხი — AI in Finance Awards-ის ფარგლებში. ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა და მისმა მოადგილეებმა — ანა სარალიძემ და მაია გორგილაძემ Forbes Georgia-ს გაუზიარეს, როგორ შექმნეს ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფინანსური სექტორის გლობალურ გიგანტებს ღირსეულ კონკურენციას უწევს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

რეიტინგი

◾ ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები

სადაზღვევო საქმიანობა საფინანსო სექტორის ნაწილია, რომლის წილი დარგში მოკრძალებულია. საქართველოში 2024 წლის მდგომარეობით 19 სადაზღვევო კომპანია იყო. ამ პერიოდში მათ მიერ მოზიდულმა პრემიამ 1,226.9 მლნ ლარი შეადგინა, რომლის 10.4%, 127.4 მლნ ლარი სექტორის წმინდა მოგება აღმოჩნდა.

2024 წლის მდგომარეობით ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1,446.2 მლნ ლარი იყო, ხოლო კაპიტალის – 459.5 მლნ ლარი. სექტორის მოგებიანობა, გაზომილი კაპიტალზე უკუგებით, 27.8%-ს შეადგენდა. თუმცა მოგებიანობის დონე კომპანიებს შორის არაერგვაროვანია.

◾ ყველაზე მოგებიანი კერძო უნივერსიტეტები

საქართველოში კერძო უნივერსიტეტები უხვად არის, რომლებიც უმაღლესი განათლების მომსახურებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუდენტებს აწვდიან. ასეთი სტუდენტები კი ძირითადად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებიდან საქართველოში სამედიცინო განათლების მისაღებად ჩამოსული ადამიანები არიან. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლები კი საქართველოში არსებული ავტორიზებული კერძო უნივერსიტეტების შემოსავლის არსებითი წყაროა. ამრიგად, უმაღლესი განათლება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მომსახურებაა.     

◾ 10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება

2024-2025 წლების ზრდა უკვე აღარ უკავშირდება ეკონომიკისთვის პანდემიით მიყენებული ზარალის კომპენსირებას და, შესაბამისად, საინტერესოა, ბოლო ორ წელიწადში რომელი ქვეყნების ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპია ყველაზე მაღალი და რა არის ზრდის მთავარი მიზეზები.

სტატიაში მონაცემთა წყაროდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებია გამოყენებული. სავალუტო ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის 2024 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლები და 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ერთი თვის წინ განაახლა. შესაბამისად, 2025 წლის პროგნოზი ახლოსაა 2025 წლისთვის მოსალოდნელ რეალურ რიცხვებთან. სტატიაში წარმოდგენილ რეიტინგში ქვეყნები რანჟირებულია 2024-2025 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მიხედვით.

რეპორტაჟი

◾ ქართული დღეები სტრასბურგში | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სტრასბურგში, ევროპის გულში, სადაც ისტორიული არქიტექტურა და თანამედროვე გლობალური პოლიტიკა ჰარმონიულად თანაარსებობს, ქართველ ემიგრანტთა დიდი შეკრება – „ხიდები ევროპასთან“ გაიმართა.

წაიკითხეთ სრულად

მოსაზრება

◾ Vivat Academia: რეფორმა თუ კონტროლი? | ავტორი: გიორგი ცხადაია 

16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ გამოაცხადა, რასაც დარგის ექსპერტების ნაწილის მხრიდან მწვავედ კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. კრიტიკა ნაწილობრივ შეეხებოდა წარდგენილი რეფორმის კონცეფციის იმ მხარეებს, რომლებიც განათლების ხარისხთან არის დაკავშირებული. თუმცა ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ დაგეგმილი რეფორმის პოლიტიკურ ასპექტებზე, რასაც ამ სტატიაში შევეცდები.

◾ჯაშუშთა თამაშები: საქართველო ჩინეთ-რუსეთის ციფრული ლაბორატორიაა | ავტორი: გაბრიელა კალდერი

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC), ირანი და ჩრდილოეთი კორეა  დასავლეთის წინააღმდეგ შეტევაზე განახლებული ძალებით გადავიდნენ. თავდაპირველად, ამ „არეულობის ღერძის“ ქვეყნებმა გააძლიერეს თანამშრომლობა რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად და გაცვალეს ინფორმაცია, თავდაცვის ტექნოლოგიები და გააღრმავეს სამხედრო კავშირები. აღნიშნულმა თანამშრომლობამ ასევე გაზარდა მათი შესაძლებლობები ძალის პროეცირებისთვის უკრაინის მიღმაც. ღერძის ქვეყნები ახლა კიდევ უფრო აფართოებენ თავიანთ გავლენას შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში, რითაც აშშ-სა და მისი მოკავშირეების გავლენა რეგიონში მზარდი გამოწვევის პირისპირ დგება.

◾ როგორია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი წარადგინა. შესაძლოა, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს, თუმცა, წინა წლების გამოცდილებით, პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვნად აღარ იცვლება.

პარტნიორებისაგან

◾ სტარტაპის მასშტაბირება | ავტორი: იზა გვარამაძე

საერთაშორისო მასშტაბამდე სტარტაპის მისასვლელი გზა იშვიათად არის სწორხაზოვანი – ამ პროცესს თან სდევს სირთულეები, ექსპერიმენტები და შეცდომები, რომლებიც საბოლოოდ ყველაზე ღირებულ გამოცდილებად გადაიქცევა. აკაკი მელაძე Singular-ის მაგალითზე გვიყვება, როგორ იქცა გამოწვევებით სავსე გზა წარმატების ისტორიად და რა სჭირდება სტარტაპს იმისათვის, რომ გლობალურად სწრაფად და ეფექტიანად გაიზარდოს. 

FORBES LIFE

◾  ღრმად გრონკთან ერთად | ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი

როდესაც საქმე NFL-ის შემდგომ კარიერას ეხებოდა, რობ გრონკოვსკი მოვლენებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა. დღეს მას რამდენიმე ბიზნესი აქვს, ჭკვიანურ ინვესტიციებს დებს და მაინც პოულობს დროს წვეულებისთვის.

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი