2022 წლის მოახლოებასთან ერთად ქვეყნები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ახალი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ, რომლებიც ზოგჯერ, კლიმატური მიზნების მისაღწევად, უმკაცრესი ზომების შემუშავებასაც კი ითვალისწინებს. ამასთან ერთად, მატულობს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშებიც, რომელთა ნაწილიც, მიუხედავად „სიმწვანით“ დატვირთული პერიოდისა, მეტ-ნაკლებად პესიმისტურია. მაგალითად, ერთ-ერთ მსგავს ანგარიშში, IEA ვარაუდობს, რომ ქვეყნების ნახშირბადნეიტრალური მიზნების მიღწევას, 2021 წელს მსოფლიოში, ნახშირისგან ენერგიის რეკორდული რაოდენობის გამომუშავება დააბრკოლებს.
თუმცა მსოფლიო არ ჩერდება და ამჯერად ჩინეთი და გერმანია თანხმდებიან მწვანე ეკონომიკის ხელშესაწყობად ერთობლივ მუშაობაზე, ბელგია კი სამომავლოდ ქვეყანაში არსებული ყველა ბირთვული რეაქტორის გათიშვის პირობას დებს. ქვეყნებს არც კერძო კომპანიები ჩამორჩენიან და ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად კონკრეტულ მიზნობრივ თარიღებს ასახელებენ. ვრცლად მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ Forbes Green-იდან შეიტყობთ.
EPA ავტომობილის გამონაბოლქვზე უმკაცრეს სტანდარტებს აწესებს
გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ავტომობილის გამონაბოლქვზე ახალი, უმკაცრესი სტანდარტები დააწესა, რომლებიც ავტომობილებისა და მსუბუქი სატვირთო მანქანების 2023-2026 წლების მოდელებზე გავრცელდება. ახალი სტანდარტები კლიმატური ცვლილებების გავლენის შემცირებას, ასევე მომხმარებლების ხარჯების დაზოგვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
EPA-ს ახალი სტანდარტები ავტომწარმოებლებისგან ნახშირორჟანგის გაძლიერებულ შემცირებას მოითხოვს, რაც საბოლოოდ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ავტომობილებიდან და სატვირთო მანქანებიდან სათბური გაზების კუმულაციური, 28%-ით შემცირებას გამოიწვევს. გარემოს დაცვის სააგენტოს პროგნოზით, 2050 წლისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები სათბური აირების 3 მილიარდ ტონაზე მეტი მოცულობის გამოყოფას აიცილებს თავიდან. ამავე პერიოდისთვის, უფრო მეტად საწვავეფექტიანი მანქანებით, გზებზე მძღოლები $210-420 მილიარდამდე დაზოგავენ. EPA-ს უახლესი სტანდარტები ასევე გაზრდის ფლოტის საწვავის ეფექტიანობის სტანდარტებს 2026 წლისთვის, საშუალოდ – 40 მილს გალონზე.
EPA-ს სტანდარტები მნიშვნელოვნად ცვლის ტრამპისდროინდელ პოლიტიკას და ამასთან ერთად წარმოადგენს ყველაზე ამბიციურ გეგმას, რომელიც შეერთებულ შტატებში მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ოდესმე დანერგილა. სააგენტო თვლის, რომ აღნიშნული სტანდარტების შესრულება, ბაზარზე ნულოვანი ემისიის მანქანების ზრდიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
ორი წამყვანი ავტომწარმოებელი, Ford-ი და GM-ი, გარემოს დაცვის ახალ სტანდარტებს მხარს უჭერს. ისინი აცხადებენ, რომ განაგრძობენ ელექტრომანქანების წარმოებაში ინვესტიციების გაძლიერებას. მიმდინარე პროგნოზებზე დაყრდნობით, ნულოვანი გამონაბოლქვისა და დატენვადი ჰიბრიდული მანქანების წილი ბაზარზე, 2023 წლის 7%-დან, 2026 წლისთვის 17%-მდე გაიზრდება.
ევროკომისია აირებისა და ბირთვულ საინვესტიციო წესებს წარადგენს
ევროკომისია, მომავალი წლის დასაწყისისთვის, გეგმის წარდგენას აანონსებს, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს.
წესდების შესახებ წინადადების წარდგენამდე, ევროკომისიამ ის ჯერ წევრ სახელმწიფოებს და ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფს უნდა წარუდგინოს, რომლებიც ფინანსურ, მრეწველობისა და სამოქალაქო საზოგადოებებს წარმოადგენენ. კონსულტაციების პროცესს კომისია, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ ახალი წინადადება 2022 წლის იანვრამდე არ გამოქვეყნდება.
ტაქსონომიისთვის კლიმატური სანქციის შემოღებას ევროკომისია მიმდინარე წელსაც განიხილავდა, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან, ეხმარება თუ, პირიქით, ხელს უწყობს აირი და ბირთვული ენერგია კლიმატური კატასტროფების თავიდან აცილებას. სწორედ ამის გამო, 16 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე ენერგეტიკის საკითხებზე წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ნაწილობრივ ტაქსონომიაში გაზისა და ბირთვული ენერგიის როლზე უთანხმოების გამო. ევროკავშირის ტაქსონომია არ კრძალავს ინვესტიციებს „არამწვანე“ საქმიანობაში, თუმცა „მწვანე“ სტატუსის შეზღუდვით, ევროკავშირი მიზნად ისახავს დაბალი ნახშირბადის პროექტებში თანხის ჩადებას და კომპანიებისა და ინვესტორების დაუსაბუთებელი გარემოსდაცვითი პრეტენზიების აღმოფხვრას.
ბრიუსელის გადაწყვეტილებას აირებსა და ბირთვულ საკითხებზე ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ლობირებენ. ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზის ინვესტირებები აუცილებელია დამაბინძურებელი ნახშირის თავიდან ასაცილებლად, თუმცა მეორე მხარე თვლის, რომ წიაღისეული საწვავისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება ძირს გამოუთხრის წესების საიმედოობას და ევროკავშირის ლიდერობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
IEA: 2021 წელს მსოფლიო ნახშირისგან ენერგიის რეკორდულ რაოდენობის გამოიმუშავებს
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, 2021 წელს ქვანახშირისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა, სავარაუდოდ, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. დაბალი ნახშირბადშემცველობის ალტერნატივებისგან ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალმა მოთხოვნამ შესაძლოა, მსოფლიოს კლიმატური მიზნები უფრო მიუწვდომელი გახადოს.
პარიზის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის Coal 2021-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, ნახშირისგან მიღებული გლობალური ენერგია შესაძლოა 9%-ით გაიზარდოს. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროენერგიების მოცულობა ამჟამად CO2-ის გლობალური ემისიების დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
ნახშირის ენერგიის ზრდას ძირითადად ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და ევროკავშირი განაპირობებს. კონკრეტულად ჩინეთში, ნახშირის ელექტროენერგიის გამომუშავება 9%-ით გაიზრდება, ხოლო ინდოეთში 12%-იანი მატებაა მოსალოდნელი, რაც ორივე ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. რაც შეეხება აშშ-სა და ევროკავშირს, აქ ნახშირის ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზრდება, თუმცა დიდი ალბათობით კლების ტენდენციას მომავალი წლიდან დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ IEA-ს ანგარიშით, მთლიანი გლობალური მოთხოვნა ნახშირზე, მათ შორის ელექტროენერგიის გამომუშავების მიღმა გამოყენებაზე, როგორიცაა ცემენტისა და ფოლადის წარმოება, მიმდინარე წელს 6%-ით გაიზრდება და 2022 წლისთვის შესაძლოა, ახალი რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსიროს.
სი ძინპინი: ჩინეთმა და გერმანიამ მწვანე ეკონომიკაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, გერმანიის ახლად არჩეულ კანცლერს, ოლაფ შოლცს მწვანე და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა. სატელეფონო საუბრისას ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესმა ეკონომიკებმა უნდა გააცნობიერონ სერვისებით ვაჭრობის ზრდის პოტენციალი.
ჩინეთი, გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიისთვის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. სი ძინპინის განცხადებით, ისინი მოხარულები იქნებიან გერმანული კომპანიების მხრიდან ჩინეთის გახსნით გამოწვეული შესაძლებლობების გამოყენებით და იმედოვნებს, რომ გერმანია თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან ბიზნესგარემოს ჩინელი ინვესტორებისთვის.
თავის მხრივ, ჩინეთთან სუფთა ენერგეტიკის, ციფრული ეკონომიკისა და სერვისების სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა შოლცმაც დაადასტურა და დასძინა, რომ ის ასევე იმედოვნებს, რომ ევროკავშირ-ჩინეთის საინვესტიციო პაქტი ძალაში რაც შეიძლება მალე შევა. ორგანიზაციამ პაქტის რატიფიკაცია 2020 წლის დეკემბერში, შვიდწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეაჩერა მანამ, სანამ პეკინი არ მოხსნის ევროკავშირის პოლიტიკოსებზე დაწესებულ სანქციებს.
ბელგია 2025 წლისთვის ყველა ბირთვულ რეაქტორს გათიშავს
ბელგია 2025 წლისთვის ქვეყანაში არსებული შვიდივე ბირთვული რეაქტორის გათიშვას გეგმავს, თუმცა უარს არ იტყვის ახალი თაობის ბირთვული ტექნოლოგიების ათვისებაზე. სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, პარტიებს შორის მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა შეთანხმებას მცირე მოდულური რეაქტორებისთვის დაახლოებით 100 მილიონი ევროს ინვესტიციების შესახებ.
2003 წლიდან ბელგიის კანონმდებლობა ბირთვული ენერგიის ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს, მიზნობრივი თარიღი კი 2025 წელია. თუმცა ამ საკითხმა მმართველ შვიდპარტიულ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფრანგულენოვანი ლიბერალური MR პარტია მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ბირთვული სიმძლავრე უნდა შენარჩუნდეს, რადგან გაზზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურები, რომლებიც ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფადაა გათვლილი, დაბინძურების მსხვილ წყაროს წარმოადგენს.
გარდა ამისა, მინისტრთა შეხვედრაზე „განახლებად და ნახშირბადნეიტრალურ ენერგიებში“, ასევე ახალი თაობის ატომურ ენერგიაში ინვესტირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს. ტექნოლოგიებში ინვესტირების ბიუჯეტი უკვე მომზადებულია. ახალი საინვესტიციო მექანიზმი არსებული და ამავდროულად მოძველებული ბირთვული ენერგიის ჩანაცვლებისთვის შეიქმნა.
ჩინეთის Alibaba 2030 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს
ჩინური ელექტროკომერციის გიგანტი, Alibaba Group-ი, ოპერაციებში ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას და მიწოდების ჯაჭვებსა და სატრანსპორტო ქსელებში ათწლეულის ბოლომდე ემისიების შემცირებას გეგმავს. Alibaba-მ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწევს როგორც მის პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ გამონაბოლქვებში, ელექტროენერგიის ან გათბობის მოხმარებიდან გამომდინარე.
ჩინეთის კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ის 2030 წლისთვის 50%-ით შეამცირებს ნახშირბადის ინტენსივობას – ნახშირბადის რაოდენობა შემოსავლის ერთეულზე – მისი ფართო ღირებულების ჯაჭვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე, ნარჩენებზე. 2035 წლისთვის მთელ ბიზნესში CO2 შემცირდება 1,5 გიგატონით. დასახული გეგმის მისაღწევად კომპანია ენერგიის დაზოგვის ახალი, მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების, ასევე განახლებადი ენერგიის გამოყენებას გეგმავს და ასვე შეისწავლის „ნახშირბადის აღმოფხვრის ინიციატივებს“, რომლებიც ატმოსფეროდან სათბური აირების სრულად გაქრობას შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი 2060 წლისთვის გეგმავს ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას, ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები კვლავ მეტწილად ქვეყნის ქვანახშირის დომინირებულ სექტორზე დამოკიდებულნი რჩებიან. ჯერჯერობით კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილია ვალდებული, ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე გადავიდეს. ემისიების შემცირების მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს Tencent Holdings-ი იკავებს, მეორე და მესამე ადგილზე Huawei Technologies-ი და Baidu Inc-ი არიან, ხოლო მეოთხე პოზიციაზე Alibaba-ა წარმოდგენილი.
SOCAR-ი თავის ობიექტებზე 2022 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისინი 2022 წლისათვის თავის ობიექტებზე ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავენ.
ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი აზერბაიჯანი, პარიზის კლიმატის შეთანხმების შესაბამისად, მიზნად ისახავს ნახშირბადის ემისიის ნულოვანი ნიშნულის მიღწევას 2050 წლისათვის. SOCAR-ის ეკოლოგიური მიმართულების თავმჯდომარის მოადგილემ, რაფიგა ჰუსეინზადემ აღნიშნა, რომ ,,კომპანია ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევისთვის 2010 წლიდან მსოფლიო ბანკის GGFR პროექტის ფარგლებში მუშაობს“.
ნახშირბადის ემისია SOCAR-ის საბადოებიდან 2012 წელს 9-10%-ის ფარგლებში მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ემისიის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და 2%-ს გაუტოლდა. „2022 წელს ჩვენ ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მივაღწევთ“, – აღნიშნა SOCAR-ის მენეჯერმა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ემისიების შემცირება მხოლოდ ნახშირწყალბადების მოპოვების პროცესს უკავშირდება. ემისიები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული გამომუშავებასთან, მაინც წარმოიქმნება. SOCAR-მა იანვრიდან ოქტომბრამდე საკუთარ საბადოებზე 6.58 მილიონი ტონა ნავთობი და 6.55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც ქვეყნის მთლიანი ნავთობისა და გაზის მოპოვების დაახლოებით მეხუთედია.
ჰუსეინზადეს განცხადებით, „სოკარს“ შეუძლია, ბუნებრივი აირის მოპოვება წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს ეკოლოგიურად სუფთა ნოუ-ჰაუს გამოყენებით ნეფთ-დასლარისა და გუნაშლის საბადოებზე. აღსანიშნავია, რომ SOCAR-ი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობს BP-სთან და სხვა დასავლურ კომპანიებთან. მათ ასევე პირობა დადეს, რომ განავითარებენ მწვანე ენერგიას და ერთობლივად იმუშავებენ ნარჩენების მართვის საკითხებზე.