Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

2021 წელი დასრულდა, თუმცა შემაჯამებელი ანგარიშების გამოქვეყნება სტარტს სწორედ ახლა იღებს. ამ მხრივ არსებული წარსული და მომავალი, რომლის ჯერ მხოლოდ პროგნოზირება თუ შეგვიძლია, არაერთგვაროვანია. ეკონომიკური მდგრადობის განვითარების დასაცავად და კლიმატურ კრიზისთან წინა ფლანგზე კვლავ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იღვწის. გასულ წელს EBRD-ის მწვანე დაფინანსებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ამის პარალელურად მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას განაგრძობენ კერძო კომპანიებიც და მათი დამაარსებელი მილიარდერები. თურქეთში ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპისთვის პირველი, ბიოგადამმუშავებელი ქარხანა შენდება, გერმანიამ კი, ორწლიანი გეგმის ჩავარდნის მიუხედავად, ემისიების შემცირების დაჩქარება განიზრახა.

მიუხედავად ემისიების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისა, გასული წელი ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო, ხოლო IEA-ს ანგარიშით, 2022 წელს მსოფლიო უფრო მეტ ნავთობს მოიხმარს, ვიდრე ოდესმე. უფრო ვრცლად სიახლეებს Forbes Green-ის კვირის მიმოხილვაში გაეცნობით.

2021 წელს EBRD-ის მწვანე დაფინანსებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია 

2021 წლის ანგარიშის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე დაფინანსებამ რეკორდულ, 5,4 მილიარდ ევროს მიაღწია და მთლიანი ბიზნესმოცულობის 51% შეადგინა. 2020 წლის 29%-იანი მაჩვენებლიდან შესამჩნევ ზრდას, EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომა განაპირობებს.

როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ აღნიშნა, ეკონომიკის დეკარბონიზაციისა და კერძო სექტორის მხარდაჭერა EBRD-ს პანდემიის გავრცელების პერიოდშიც კი არ შეუჩერებია. გასული წლის რეკორდული მაჩვენებელი მდგრადი მწვანე ეკონომიკისადმი ბანკის ერთგულების მანიშნებელია. გასული წლის ივლისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაწესდა ორმაგი ვალდებულებები, რომლებიც ყველა ინვესტიციას პარიზის შეთანხმების ჩარჩოებით შეზღუდავს. EBRD-ს სურს, 2025 წლის ბოლოსთვის  მისი ინვესტიციების უმრავლესობა მწვანე იყოს.

EBRD-ი კლიმატური დაფინანსებების მხრივ წამყვანი ინვესტორია, რომელიც წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ ქვეყნებს ნახშირბადის დაბალი შემცველობის ალტერნატივებზე გადასვლაში ეხმარება. EBRD-ის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს განეკუთვნება, 5 მილიარდი ევროს ღირებულების ურბანული გარემოსდაცვითი პროგრამა EBRD Green Cities-ი, რომელიც უკვე 5 წელია, არსებობს და 53 ქალაქს აერთიანებს. ნოემბერში ბანკმა პროგრამის გაორმაგებაც დააანონსა და მომავალი ორი წლის განმავლობაში ურბანულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის 2 მილიარდი ევრო გამოყო.

2021 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 413 პროექტი განხორციელდა, კერძო სექტორის ინვესტიციების წილი კი ოთხი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 76% შეადგინა. საერთო ჯამში, EBRD-ის ინვესტიციებმა 10,4 მილიარდი ევრო მოიცვა, რაც ბანკის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გერმანია ემისიების შემცირების გეგმის სიჩქარეს ასამმაგებს

გერმანიის ახალი მთავრობა, მომავალი ორი წლის კლიმატური მიზნების ჩავარდნის შემდგომ, ემისიების შემცირების გეგმის დაჩქარებას აანონსებს. გერმანიის საბოლოო მიზანი 2045 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევაა, მიუხედავად ამისა, ქვეყანა 2022-2023 წლებში კლიმატურ მიზნებს გამოტოვებს და 2024 წლიდან უფრო აქტიურად დაიწყებს განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმის შესრულებას.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ჩამორჩენის ასანაზღაურებლად ქვეყანა გაცილებით მცირე დროში მაქსიმუმის გაკეთებას აპირებს, რაც ემისიების შემცირების სიჩქარის გასამმაგებას ითვალისწინებს.  ამჟამად, წარმოების სექტორისა და ელექტრომობილების განვითარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გერმანიას გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენება უწევს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ენერგეტიკულმა უკმარისობამ შესაძლოა ნახშირზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვიოს. ემისიების შემცირების დასაჩქარებლად, გერმანია ენერგეტიკულ მიქსში, 2030 წლამდე, განახლებადი ენერგიის წილის 80%-მდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის მთავრობა, აპრილის ბოლოს და ზაფხულში, კლიმატის დაცვის კანონმდებლობის ორ საწყის პაკეტს წარადგენს.

ყველა საჭირო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება გასულ წელს,  ანალიტიკურ ცენტრ Agora Energiewende-ს ანგარიშის თანახმად, გერმანიაში სათბური აირების ემისიები 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 33 მილიონი ტონა CO2-ით, შესაბამისად 4,5%-ით გაიზარდა.

Reliance Industries სუფთა ენერგიის პროექტებისთვის ინვესტირებას $66 მილიარდით ზრდის

აზიის უმდიდრესი ადამიანის, მაკეშ ამბანის კონგლომერატი, Reliance Industries-ი, სუფთა ენერგეტიკულ პროექტებში $76 მილიარდის ინვესტირებას განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერის წინა ვალდებულება მხოლოდ $10-მილიარდიანი ინვესტირებით შემოიფარგლებოდა.

ფოტო: Bloomberg

ამბანის საკუთრებაში არსებულმა Reliance Industries-მა და გუჯარათის შტატის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 5,96 ტრილიონი რუპიის ($81 მილიარდი) ინვესტირებას ითვალისწინებს. აქედან 5 ტრილიონი რუპია მომავალი 15 წლის განმავლობაში 100 გიგავატი განახლებადი ენერგიის პროექტებისა და მწვანე წყალბადის ქსელების ასაშენებლად გამოიყენება, დანარჩენი კი მზის მოდულების, წყალბადის ელექტროლიზატორებისა და საწვავის უჯრედების მწარმოებელ ქარხნებს მოხმარდება, ასევე იგეგმება 5G სერვისების განახლება. Reliance-მა გუჯარათის მთავრობას განახლებადი ენერგიის პროექტისთვის შესაბამისი ტერიტორიის მოძიება უკვე დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ამბანი, რომლის ქონების უმსხვილესი ნაწილი წიაღისეულ საწვავს უკავშირდება, მწვანე ენერგიისა და ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, საკუთარი იმპერიის ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. Reliance Industries-ის შემოსავლის 60% ნავთობის გადამმუშავებელ და ნავთობქიმიურ პროდუქტებზე მოდის. მიუხედავად ამისა, აზიის უმდიდრესმა ადამიანმა საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა და სურს, 2035 წლის ბოლომდე მისი ორგანიზაციის ოპერაციები ნახშირბადნეიტრალური გახადოს.

რაკეშ ამბანამდე მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ინდოელმა მილიარდერმა, გაუტამ ადანიმ მიიღო. ადანი, 2030 წლისთვის, მწვანე ენერგიაში $70 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას ინდოეთი 2070 წლისთვის გეგმავს.

სტამბულში, ევროპაში პირველი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა

სტამბულში, მინისტრებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, გაიხსნა ქარხანა, რომელიც წყალმცენარეებს რეაქტიულ საწვავად გადააქცევს. აღსანიშნავია, რომ სტამბულის ქარხანა ევროპისთვის პირველი და ერთადერთი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ობიექტია, რომელიც  ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. ქარხნის საშუალებით თურქეთი წიაღისეულ საწვავსა და არაგანახლებად ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

AA Photo

Boğaziçi-ის უნივერსიტეტის კამპუსში, 2,500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ქარხანა „ბიოეკონომიკაზე ორიენტირებული განვითარებისთვის ინტეგრირებული ბიორეფინერიის კონცეფციის“ (INDEPENDENT) პროექტის ნაწილია, რომელიც ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისა და განვითარებული ტექნოლოგიების მოძიებაზეა კონცენტრირებული. ევროპაში პირველი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა რეაქტორებსა და აუზებში მოყვანილ მცენარეებს ბიოსაწვავის, საკვები დანამატების, ცხოველების საკვებისა და ორგანული ბიოსასუქების დასამზადებლად იყენებს.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, ბიოგადამმუშავებელი ქარხანა თურქეთისთვის უმნიშვნელოვანეს პროდუქტს აწარმოებს, მიღებულ ბიოსაწვავს კი  თვითმფრინავებისთვისაც გამოიყენებენ, რაც ქვეყნის დამოკიდებულებას ენერგიის იმპორტზე და ნახშირბადის ემისიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიოსაწვავი ქვეყნისთვის სერიოზული ალტერნატივაა და სურს, თურქეთის ავიახაზებმა, ბიოსაწვავის გამოყენებით, პირველი რეისი 2022 წლის ბოლომდე შეასრულოს. თავად ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხნის ელექტროენერგიის საჭიროება სრულად ქარის ენერგიაზე მოდის.

INDEPENDENT-ის ბიუჯეტი 6 მილიონი ევროა, რომლის 85%-ს ევროკავშირი ფარავს, ხოლო დარჩენილ ნაწილს – მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო. პროგრამა, რომელიც ერთობლივად თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ინფრასტრუქტურული კვლევებისა და განვითარების და მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების მეშვეობით, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

თურქმენეთის პრეზიდენტმაჯოჯოხეთის კარიბჭისჩაქრობა გადაწყვიტა

თურქმენეთის პრეზიდენტმა ბუნებრივი გაზის გიგანტური კრატერის, „ჯოჯოხეთის კარიბჭის“, ჩაქრობა გადაწყვიტა, რომელიც უკვე ხუთი ათწლეულია, გიზგიზებს.

AFP

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიღებული გადაწყვეტილება თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა  სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით გაასაჯაროვა. პრეზიდენტმა მოუწოდა ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებს, იპოვონ გზა, რომელიც ყარაყუმის უდაბნოში, დარვაზის გაზის კრატერზე, ცეცხლს სამუდამოდ ჩააქრობს. კრატერზე ცეცხლი საბჭოეთის დროიდან, 1971 წლიდან, გაბურღვითი სამუშაოების მიმდინარეობისას მომხდარი ავარიის შემდეგ მძვინვარებს.

როგორც თურქმენეთის პირველი პირი აღნიშნავს, ხელუვნურად შექმნილი კრატერი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ასევე მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე. პრეზიდენტის თქმით, „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ გამო ქვეყანა ღირებულ ბუნებრივ რესურსს კარგავს, რაც მნიშვნელოვანი მოგების წყაროა და ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. Bloomberg-ის 2021 წლის ანგარიშით, თურქმენეთი სათბური გაზის მეთანის ემისიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მეთანის ემისიის ინტენსივობით ქვეყანა მსოფლიოში მეორეა, რაც გამოიხატება გაჟონვის სიჩქარისა ან მეთანის ემისიების თანაფარდობით წარმოებულ ბუნებრივ აირთან. თურქმენეთის გაჟონვის მაჩვენებელი ხუთჯერ აღემატებოდა ბუნებრივი გაზის უმსხვილეს მწარმოებლის ამერიკის შეერთებულ შტატების ამავე მაჩვენებელს.

საბჭოთა კავშირმა, ავარიით გამოწვეული საშიში ორთქლის თავიდან ასაცილებლად, კრატერიდან ამომავალი აირებისთვის ცეცხლის წაკიდება გადაწყვიტა. ამის შემდგომ, უკვე ხუთი ათწლეულია,კრატერში ცეცხლი გიზგიზებს და მისი ჩაქრობის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ 2018 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად „ყარაყუმის მნათობი“ უწოდა.

ევროპის ატომურ სადგურებს, 2050 წლისთვის, $568 მილიარდის ინვესტიცია სჭირდება

ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისიის წევრის განცხადებით, ბლოკს ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურებისთვის, დღეიდან 2050 წლამდე, $568 მილიარდის ინვესტიცია დასჭირდება. ტიერი ბრეტონი მიიჩნევს, რომ მხოლოდ არსებული ატომური სადგურები, 2030 წლამდე, 50 მილიარდი ევროს ინვესტირებას საჭიროებს, ხოლო ახალი თაობისთვის 500 მილიარდია აუცილებელი.

ბრეტონმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გეგმა, ინვესტიციების მწვანე წყაროდ ბირთვული ენერგიისა და ბუნებრივი აირის განხილვის შესახებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ატომური სადგურებისთვის საჭირო თანხის მოსაზიდად. ევროკავშირის გეგმა ბირთვული ენერგიის მწვანედ გამოცხადების თაობაზე ბლოკის წევრებს შორის უთანხმოებას იწვევს. მიუხედავად საფრანგეთის ჩართულობისა, ავსტრია მკაცრი წინააღმდეგია, გერმანია კი, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების დახურვის პროცესშია.

ამჟამად ბლოკი ენერგიის 26%-ს ბირთვული ენერგიიდან იღებს, თუმცა ბრეტონი მიიჩნევს, რომ მისი წილი 2050 წლისთვის დაახლოებით 15%-მდე შემცირდება. ევროკავშირის გეგმა რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და განადგურებისთვის შესაბამისი ზომების მიღებასაც ითვალისწინებს. ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა 2045 წლამდე გაცემულ ნებართვას უნდა დაექვემდებაროს, ხოლო არსებული სადგურების ფუნქციონირების გახანგრძლივება, 2040 წლამდე ავტორიზაციას ითვალისწინებს.

პირველად, აშშში მოდის ინდუსტრიის მდგრადობის კანონმდებლობა განიხილება

ნიუ-იორკი გახდება პირველი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულებს მოდის ინდსუტრიის წარმომადგენლებს, კლიმატური და სოციალური ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნონ და ზომები მიიღონ ემისიების შესამცირებლად. ნიუ-იორკში, მოდის ინდუსტრიის მდგრადობის კანონმდებლობის მიღება განიხილება. გაეროს ანგარიშის თანახმად, სათბური გაზების ემისიის თითქმის 10% მოდის ინდუსატრიას უკავშირდება.

კანონის მიღებისა და ხელმოწერის შემთხვევაში, მოდის მდგრადობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტი გავრცელდება კომპანიებზე, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ნიუ-იორკის შტატში აწარმოებენ. კანონმდებლობა მათ შორის შეეხება Armani-ის, LVHM-ის, Nike-სა და სხვა ბრენდებს, რომელთა შემოსავლები წელიწადში $100 მილიონს აღემატება. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ორგანიზაციების შესაძლოა $450 მილიონი ან მეტი შემოსავლის 2%-ით დაჯარიმდნენ.

მოდის მდგრადობის შესახებ კანონპროექტი ოქტომბერში წარადგინეს, თუმდა საკანონმდებლო კომიტეტს ამ კვირაში გადაეცა. კანონმდებლობა, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლენს ავალდებულებს სათბური გაზების ემისიებისა და წყლის და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების უარყოფითი ზემოქმედების იდენტიფიცირება მოახდინონ და დასახონ კონკრეტული მიზნები, ენერგიის მოხმარებისა და ემისიების შესამცირებლად. მათ ასევე უნდა წარადგინონ მიმწოდებლების მიერ ყოვეწლიურად რა ტიპის და მოცულობის მასალები იწარმოება და გარდა ამისა, გამოყენებული გადამუშავებული მასალების მოცულობაც.

2022 წელს მსოფლიო უფრო მეტ ნავთობს მოიხმარს, ვიდრე ოდესმე – IEA

ელექტრო მანქანები უკვე იპყრობენ ქუჩებს, მსხვილი კომპანიები კი თანდათან ცდილობენ გაატარონ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა შეამცირონ ზეწოლა კლიმატის ცვლილებაზე. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 2022 წელს მსოფლიო მეტ ნავთობს მოიხმარს, ვიდრე ოდესმე.

ნავთობზე გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა 2021 წელს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მომავალ წელს ყოველდღიურად 3.3 მილიონი ბარელით 99.5 ბარელამდე გაიზრდება. ეს კი ემთხვევა მანამდე არსებული მოთხოვნის რეკორდს , რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის ზრდას ომიკრონიც კი ვერ შეუშლის ხელს.

„ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე წინა Covid ტალღებთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინაციის ფართო კამპანიის გამო,“ – წერს IEA ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სააგენტომ, რომელიც მონიტორინგს უწევს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრის ტენდენციებს, განაცხადა, რომ მოელის მოთხოვნის ზრდას  საგზაო ტრანსპორტის საწვავზე და ნავთობქიმიკატებზე.

გამონაკლისს წარმოადგენს თვითმფრინავების საწვავზე მოთხოვნის პროგნოზი. საერთაშორისო მოგზაურობაზე მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, IEA ვარაუდობს, რომ მოთხოვნა საწვავის ამ სახეობაზე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) 2022 წლის მოთხოვნის პროგნოზი არ შეცვალა.

„მოსალოდნელია, რომ Omicron-ის ახალი ვარიანტის გავლენა ეკონომიკაზე შედარებით სუსტი და ხანმოკლე იქნება, რადგან მსოფლიოს უკვე გააჩნია სხვადასხვა ბერკეტები  COVID-19-ის პანდემიის სამართავად“, – წერენ OPEC-ის ანალიტიკოსები ანგარიშში.

მიუხედავად კლიმატის კრიზისისა და უზარმაზარი ინვესტიციებისა ელექტრო მანქანებში, განახლებად ენერგიასა და სუფთა საწვავში, პროგნოზები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დამოკიდებულია მსოფლიო წიაღისეულ საწვავზე.

OPEC-ის ვარაუდით, მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზრდება, ხოლო განსაკუთრებული ზრდა მსოფლიოს გიგანტ ქვეყნებში – ჩინეთში, ინდოეთსა და აშშ-ში დაფიქსირდება. თუმცა, ეს ხელს არ უშლის მსოფლიოს ქვეყნებს გადავიდნენ მწვანე ენერგიაზე. ზოგიერთი ნავთობკომპანია თავად ცდილობს მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლას.

2021 წელი, ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო

ევროკავშირის მეცნიერები აცხადებენ, რომ 2021 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე, ყველაზე ცხელი წელი იყო. მეცნიერებზე დაყრდნობით, გასულ წელს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიოქსიდისა და მეთანის დონემ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

1850 წლით დათარიღებული ჩანაწერებით, უკანასკნელი შვიდი წელი მსოფლიოში ყველაზე თბილი იყო. ევროკავშირის Climate Change Service-ის (C3S) მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საშუალო გლობალური ტემპერატურა 2021 წელს 1.1-1.2°C-ით აღემატებოდა 1850-1900 წლის დონეს. თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე ცხელი 2020 და 2016 წლები იყო.

2020 წელს პანდემიით გამოწვეული კლების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს CO2-ის გლობალური ემისიები 4,9%-ით გაიზარდა. ევროკავშირის მეცნიერთა ანგარიშზე დაყრდნობით, CO2-ის დონე ატმოსფეროში გასულ წელს 414,3ppm-ს გაუტოლდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება მეთანის დონეს, ის განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ზრდის ზუსტი მიზეზი კვლავ დაუდგენელია.

2015 წლის პარიზის შეთანხმებით, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, გლობალური ტემპერატურის მატება 1.5°C-მდე შეზღუდონ, რაც, მეცნიერთა თქმით, მსოფლიოს დამღუპველ შედეგებს თავიდან აარიდებს. ვალდებულების შესასრულებლად კი  2030 წლისთვის ემისიების თითქმის განახევრებაა საჭირო, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგად, გასულ წელს მნიშვნელოვნად იმატა ამინდის ექსტრემალურ მოვლენათა შემთხვევებმაც და მთელი მსოფლიო მოიცვა, დაწყებული ევროპაში, ჩინეთსა და სამხრეთ სუდანში წყალდიდობებით, შეერთებულ შტატებსა და ციმბირში გახშირებული ტყის ხანძრებით დასრულებული.