Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირას, მწვანე ეკონომიკის ხელშესაწყობად როგორც სახელმწიფოების, ასევე კერძო ფირმების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის აღსანიშნავია სლოვაკეთისა და სლოვენიის მიერ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად აღებული ვალდებულებები და იაპონიის მიერ გაცხადებული სურვილი, აზიაში, ემისიების შემცირების „წინამძღოლად“ იქცეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ნახშირბადის ემისიებთან ერთად ყურადღება დაეთმო მეთანის გამონაბოლქვისა და პლასტმასის დაბინძურებით აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარებას.

რაც შეეხება კერძო კომპანიებს, ემისიების შემცირების ვალდებულება ისეთმა გიგანტებმა აიღეს საკუთარ თავზე, როგორიც Cisco და Exxon-ი არიან, Masdar-მა კი მწვანე წყალბადის ჰაბის შექმნა გადაწყვიტა.

აქვე გეტყვით, რომ მწვანე ტაქსონომიის საკითხი და წიაღისეული გაზისთვის მწვანე ეტიკეტის მინიჭება ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ აქტუალურ სადავო თემად რჩება. ამ ეტაპზე განხილვაში ძვირად ღირებული ინვესტორებიც კი ჩაერთვნენ.

ინვესტორები ევროკავშირის მწვანე ფინანსური ტაქსონომიიდან წიაღისეული გაზის გარიცხვას მოითხოვენ

ინვესტორთა ჯგუფის (IIGCC) ინფორმაციით, 50 ტრილიონი ევროს აქტივების მფლობელი ინვესტორები ევროკავშირის მწვანე ფინანსური ტაქსონომიიდან წიაღისეული გაზის გამორიცხვას ითხოვენ. ბირთვული ენერგიისთვის მდგრადი ინვესტიციის სტატუსის მინიჭებას IIGCC-ში კვლავ განიხილავენ.

ღია წერილში, კლიმატის ცვლილებების ინსტიტუციონალური ინვესტორების ჯგუფმა (IIGCC) შეშფოთება გამოთქვა წიაღისეული გაზის მდგრად ინვესტიციად მარკირების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებით, კაპიტალი შესაძლებელია ისეთ ინვესტიციებზე გადანაწილდეს, რომლებიც ევროკავშირის კლიმატურ გეგმებს ეწინააღმდეგება. გარემოს დამცველები თვლიან, რომ ორგანიზაციის მდგრადი ინვესტირების უახლესი სია, რომელიც ბირთვულ და გაზის პროექტებსაც შეიცავს, ძირს უთხრის ევროკავშირის კლიმატის კანონმდებლობის ამბიციებს.

რეალურად, ტაქსონომიის შექმნის მიზანი ინვესტორთა ინფორმირება და დაცვაა, რათა არ მოხდეს კაპიტალის გახარჯვა ისეთ პროექტებზე, რომლებიც მწვანე აქტივობებს არ შეიცავს, არაეფექტიანია და ზიანს აყენებს გარემოს. IIGCC მანამდეც მოითხოვდა მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომის მიღებას და ტაქსონომიის მორგებას ორგანიზაციის წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევის ამბიციებთან. წიაღისეული გაზისთვის მწვანე ეტიკეტის მინიჭება კი, IIGCC-ის აზრით, ისეთი ენერგეტიკული კომპანიებსაც მოაქცევს ტაქსონომიის ფარგლებში, რომლებიც ევროპის წმინდა ნულოვანი ემისიის მიზანს არ შეესაბამებიან.

წიაღისეული გაზის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, IIGCC-ში აცხადებენ, რომ ბირთვული ენერგიის მდგრად ინვესტიციად განხილვის საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა. თუმცა სამომავლოდ ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას და ტაქსონომიაში ბირთვული ენერგიის ჩართვის თემასაც მოიცავს.

სლოვენია 2033 წლისთვის ნახშირის გამოყენებას შეწყვეტს

მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, სლოვენია 2033 წლისთვის ეტაპობრივად შეწყვეტს ნახშირის გამოყენებას და ამის პარალელურად ქვანახშირის რეგიონების რესტრუქტურიზაციას დაიწყებს. სლოვენია ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

ქვანახშირზე დამოკიდებულების შეწყვეტის ეტაპობრივი ვადების დაზუსტება, სლოვენიას წვდომას აძლევს ევროკავშირის სამართლიანი გარდამავალი ფონდიდან თითქმის 250 მილიონ ევროზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ქვანახშირის ორ რეგიონს მოხმარდება. ამ ორი რეგიონიდან ერთ-ერთში, Savinja-Šalek-ში ნახშირზე მომუშავე ერთადერთი ელექტროსადგური და აქტიური ნახშირის მაღარო მდებარეობს, Zasavje-ში კი არცერთი მაღარო და თბოსადგური აღარ ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს, ისევე როგორც Velenje-ის ქვანახშირის მაღაროს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი კომპანია მართავს. მფლობელი ორგანიზაცია, თავდაპირველად, ნახშირის გამოყენების შეწყვეტის მიზნობრივი თარიღის გადაწევას ითხოვდა, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობის მიერ დაწესებული ვადები საბოლოოდ მისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.

Velenje-ს ქვანახშირის მაღაროს ოპერატორის ცნობით, ნახშირის მოპოვებითი გათხრების შეჩერების შემდგომ, მაღაროს დახურვით სამუშაოებს დაახლოებით 15 წელი დასჭირდება, რაც მინიმუმ კიდევ 20 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. შალეკის ხეობის ენერგეტიკული ადგილმდებარეობა კი სამომავლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

არაოფიციალური ინფორმაციით, Šoštanj-ი, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით მესამედს შეადგენს, დაუყოვნებლივ ვერ დაიხურება, თუმცა ლიგნიტიდან, ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ნახშირიდან, ბუნებრივი აირის გამოყენებაზე გადავა. აღსანიშნავია, რომ სლოვენია ერთ-ერთია იმ ექვსი ქვეყნიდან, რომლებმაც  ნახშირბადის გამოყენების შეწყვეტის თარიღად 2030 წლის შემდგომი პერიოდი დაასახელეს. მსგავსი მიზანი აქვს გერმანიასაც, თუმცა ქვეყანა ამ ეტაპზე სამომავლო გეგმების გადახედვას აპირებს.

სლოვაკეთი, გეგმის გარეშე, მეთანის ემისიის შემცირებაზე შეთანხმდა

გლაზგოში გამართულ COP26 კლიმატის კონფერენციაზე, სლოვაკეთმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის მეთანის ემისიას 2020 წლის დონესთან შედარებით 30%-ით შეამცირებს. თუმცა სლოვაკეთს დასახული მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა კვლავ არ გააჩნია. ექსპერტთა აზრით, მეთანის ემისიის შემცირება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენები მართვის მხრივ განხორციელდება.

კონკრეტულად როგორ სურს სლოვაკეთს მიზნის მიღწევა, ჯერჯერობით უცნობია. გარემოს დაცვის სამინისტრო თვლის, რომ ემისიის შემცირება მრეწველობისა და ენერგეტიკის დეკარბონიზაციაში ინვესტიციებითა და დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე ეტაპობრივი გადასვლით უნდა მოხდეს. მეთანზე სლოვაკეთის მთლიანი ემისიების 8,5% მოდის, რომელშიც სლოვაკეთი ამ მაჩვენებელში არ თვლის წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტიდან მიღებულ მეთანის ემისიას.

გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მეთანის ემისია, 1990 წელთან შედარებით, 54%-ით შემცირებულია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ემისიების კლება ძირითადად 1990-2007 წლებში მოხდა და ამის შემდგომ ძირითადად დასტაბილურებულია. შეგახსენებთ, რომ მეთანის გამოყოფა ნახშირის მაღაროებს, ნაგავსაყრელებსა და ბუნებრივი აირის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და წვის პროცესებს უკავშირდება. ემისიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის შინაური ცხოველების მოვლაზეც.

იაპონიას სურს, აზიაში ემისიების შემცირების წინამძღოლად იქცეს

იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის, ცუიოში იამაგუჩის განცხადებით, იაპონია, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვანახშირის ქარხნებს დახურავს და ნახშირბადის შემცირების, შენახვისა და გამოყენების მიზნით, ახალ ტექნოლოგიებსაც შეინარჩუნებს.

იამაგუჩის განცხადებით, იაპონია იმედოვნებს, რომ აზიაში ნულოვანი ემისიის გავრცელების წინამძღოლი გახდება და ასევე გეგმავს, შემოიღოს ნახშირბადის გადასახადი, რაც მოიცავს გადასახადების დაწესებას კომპანიებისა და ოჯახებისთვის და ასევე ემისიებით ვაჭრობასაც. მინისტრი იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყანას, 2050 წლისთვის, ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში დაეხმარება და ძლიერ სტიმულს მისცემს ემისიების შესამცირებლად. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა დააჩქარებს ნახშირბადის შენახვისა და გამოყენების ტექნოლოგიების განვითარებას, რაც აზიის სხვა ქვეყნების მხარდაჭერასაც მოისაზრებს.

გარემოსდაცვითი ჯგუფები და კრიტიკოსები მოუწოდებენ იაპონიას, მეტად ფოკუსირდეს განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პოლიტიკა უბრალოდ გაახანგრძლივებს ქვანახშირის გამოყენებას და შეაფერხებს ნახშირბადის ემისიების შემცირებას. კრიტიკოსები იაპონიას წარსულში, ნახშირზე მომუშავე ქარხნების პოპულარიზაციაშიც ადანაშაულებენ. იაპონიაში, მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკაში, ამჟამინდელი პროექტები მიმართულია ქვანახშირზე მომუშავე ქარხნებში ამიაკის წვის მეთოდების შემუშავებისა და 2040-იანი წლებისთვის ნახშირის გამოყენების თანდათანობით შეწყვეტისკენ.

ენერგეტიკის ექსპერტები და კრიტიკოსები, იაპონიის ბირთვული ენერგიის მიზანს, 2030 წლისთვის ენერგეტიკული ნაზავის 20-22%-ის მიწოდების შესახებ, ზედმეტად ამბიციურს უწოდებენ. ქვეყანამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის  ემისიებს 2013 წლის დონის 46%-მდე შეამცირებს. მთავრობის მონაცემებით, იაპონიაში გასულ წელს გამოიყო დაახლოებით 1,15 მილიარდი ტონა სათბურის გაზი, რაც 5,1%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 18,4%-ით ნაკლები 2013 წლის მაჩვენებელზე.

გარემოს დაცვის მინისტრი, 17 სხვა ქვეყანასთან, ნახშირბადის დაკრედიტების ერთობლივ მექანიზმზე მოლაპარაკებების  დაწყებას განიხილავს, რათა საბოლოოდ შემცირდეს ემისიების გამოყოფა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ფუნქციონირება. მინისტრის განცხადებით, იდეალურ შემთხვევაში, ფორუმი აზია-წყნარი ოკეანის ყველა ქვეყანას გააერთიანებს.

Masdar-ი მწვანე წყალბადის ჰაბის შექმნას გეგმავს

აბუ-დაბის განახლებადი ენერგიის ჯგუფი Masdar-ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მწვანე წყალბადის მწარმოებელი ქარხნის შექმნას გეგმავს. Masdar-ი მწვანე წყალბადის პროექტს ფრანგ პარტნიორებთან, Engie-თან და Fertiglobe-თან ერთად განახორციელებს. კომპანიამ შეთანხმება TotalEnergies-ისა და Siemens-თანაც გააფორმა, რომელიც მწვანე წყალბადის გამოყენებით საავიაციო საწვავის წარმოებას ითვალისწინებს.

ორგანიზაციებს შორის დადებული გარიგება, 2025 წლისთვის, აბუ-დაბიში, კერძოდ ალ-რუვეისში, მწვანე წყალბადის მწარმოებელი ობიექტის შექმნას ისახავს მიზნად. Fertiglobe-ი წყალბადის ერთადერთი გრძელვადიანი მომხმარებელი იქნება, რომელიც მას მწვანე ამიაკის წარმოებისთვის გამოიყენებს. Masdar-ს ჯერჯერობით არცერთი ხელშეკრულების ღირებულება არ გაუსაჯაროებია. თუმცა ცნობილია, რომ Engie-მა და Masdar-მა, დეკემბერში, $5-მილიარდიანი პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მწვანე წყალბადის განვითარების შესწავლა და 2030 წლისთვის მინიმუმ 2 გიგავატი წარმოების სიმძლავრის მიღება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური მეტოქეობის ფონზე, მწვანე წყალბადის მიმართ საკუთარი ამბიციები არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, მისმა მეზობელმა, საუდის არაბეთმაც გაამჟღავნა. გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა საწვავის გლობალური ბაზრის დაახლოებით მეოთხედის დაკავებას გეგმავს, მაშინ როცა საუდის არაბეთი მსოფლიო მასშტაბით წყალბადის წამყვან მიმწოდებლობაზე აცხადებს პრეტენზიას.

Exxon-ი ნახშირბადის ემისიების აღკვეთის პირობას დებს

Exxon Mobile Corp-მა, 2050 წლისთვის, კომპანიის გლობალური ოპერაციებიდან ნახშირბადის ემისიის ნულამდე შემცირების პირობა დადო და იმედი გამოთქვა, რომ მისი კონკურენტებიც, კლიმატური კრიზისის დასაძლევად, მსგავს პოლიტიკას მიმართავენ.

Exxon-ის 2050 წლის გეგმა, რომელიც თავდაპირველად გასულ წელს განიხილეს, მოიცავს ნავთობის, ქიმიური და გაზის წარმოებიდან, ასევე ოპერაციებიდან ემისიების ნულოვან ნიშნულამდე შემცირებას, თუმცა არანაირ ვალდებულებას არ იღებს ემისიების იმ ნაწილზე, რომელიც მომხმარებლის მიერ მათი პროდუქციის გამოყენების დროს გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ძირითადმა აქციონერებმა Exxon-ის სამი დირექტორი ჩაანაცვლეს ჰეჯ-ფონდის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებით, რომელთა მთავარი მიზანი, შემოსავლების ზრდასთან ერთად, დაბალი შემცველობის ნახშირბადის ენერგიაზე გადასვლა იყო. ამის შემდგომ კომპანიამ აქტიური მუშაობა დაიწყო კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად და  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თითქმის $15 მილიარდი ემისიების შემცირებისთვის დახარჯა. Exxon-ის მიზანია, დროთა განმავლობაში, მეთანის გაჟონვის კონტროლით, აღჭურვილობების განახლებითა და ელექტრიფიკაციით, ნახშირბადის ემისიების ინტენსივობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

Exxon-ის გარდა, საწვავიდან და მომხმარებისთვის მიყიდული პროდუქციიდან ემისიების შემცირების ვალდებულება მისმა კონკურენტებმა, მათ შორის Chevron-მა, BP Plc-მა და Royal Dutch Shell-მაც მიიღეს. გლობალური მოთხოვნის მატებიდან გამომდინარე, Exxon-ი და Chevron-ი ამ ათწლეულის განმავლობაში წარმოების ზრდასაც გეგმავენ, თავის მხრივ კი, Chevron-მა, 2050 წლისთვის ოპერაციებიდან ნახშირბადის ემისიების მინიმუმამდე დაყვანის პირობა დადო.

Cisco 2040 წლამდე წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწევს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა და LAN-ის პიონერმა Cisco Systems-მა 2040 წლამდე წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევა დააანონსა, როგორც ნაწილი კომპანიის მიერ აღებული ESG-ის ამბიციური ვალდებულების.

ლოკალური ქსელების კონცეფციის (LAN) პიონერი, სან-ხოსეში დაფუძნებული მრავალეროვნული ტექნოლოგიების კონგლომერატი Cisco Systems-ი, პროდუქციასთან ერთად, ენერგოეფექტიანი მიწოდების ჯაჭვითაა ცნობილი. Cisco-ს, მისი პროდუქტებისა და ოპერაციების კლიმატურ კრიზისთან მოსარგებად, გრძელვადიანი გეგმები აქვს დასახული. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ 440-ზე მეტი ენერგოეფექტიანი პროექტი განახორციელა, რომელმაც ხელი შეუწყო ემისიებისა და ხარჯების შემცირებას და ეფექტიანი თერმოსისტემის განვითარებას. ახალი სისტემის დახმარებით, კომპანია ენერგიის დანაკარგის შემცირებას და უფრო მაღალი ეფექტიანობის შენარჩუნებას იმედოვნებს.

Cisco-ს მიერ გამოყენებული სუფთა ელექტროენერგიის 85% განახლებად რესურსებზე მოდის. კომპანიამ ასევე 60%-ით შეამცირა Scope 1 და 2-ის პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიები, დაწყებული ორგანიზაციის მანქანებით, დასრულებული გაგრილებისა და გათბობის სისტემებით. ტექნოლოგიური გიგანტი ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნაზე, როგორიცაა მისი უახლესი 1RU ფიქსირებული სისტემა Cisco 8201.

აღსანიშნავია, რომ Cisco-მ ჯერ კიდევ 20 წლის წინ ხელი მოაწერა გაეროს გლობალურ პაქტს, რომელიც ბიზნესებს მდგრადი და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერას ავალდებულებს. კომპანია ამ შეთანხმებით მოერგო გაეროს ათ პრინციპს, რომლებიც ადამიანთა უფლებების დაცვას, კორუფციის აღმოფხვრას, დასაქმებულ პერსონალს, ეკოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის Cisco უფრო მეტად გარემოსდაცვით საკითხებზეა ფოკუსირებული, რასაც 2040 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევის გეგმაც ხაზს უსვამს.

წამყვანი ბრენდები პლასტმასის წარმოების შემცირებაზე გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, მათ შორის Coca Cola და PepsiCo, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან და გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ, რომელიც პლასტმასის წარმოების შემცირებას ითვალისწინებს. მსოფლიოს ოფიციალური პირები, ამ წლის ბოლოს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე შეიკრიბებიან, სადაც ველური ბუნებისა და ოკეანეების დასაცავად, პლასტიკური ნარჩენების კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას უკვე 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორისაა სამომხმარებლო პროდუქციის კომპანიები, Nestlé, Unilever,-ი Walmart-ი და ფრანგული ბანკი BNP Paribas-ი. აღსანიშნავია, რომ გლობალური შეთანხმების მხარდამჭერი კომპანიების უმეტესობა საკუთარ პროდუქციაში აქტიურად იყენებს ერთჯერად პლასტმასებს.

Reuters-ის ანგარიშით, სრულად წარმოებული პლასტმასის 10%-ზე ნაკლებია გადამუშავებული, პლასტმასის წარმოება კი, რომელიც უმეტესად ნავთობისა და გაზისგან მიიღება, მომავალი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება, რაც ენერგეტიკული კომპანიებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდაც იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გადამუშავების ზრდა პლასტმასის ნარჩენებისგან თავის დასაღწევად უმნიშვნელოვანესია, ეს მცდელობები, წარმოებაზე შეზღუდვის გარეშე, პლასტმასით დაბინძურების ზრდას ვერ შეაჩერებს.

ჯერჯერობით უცნობია, ბრენდებს შორის დადებული შეთანხმება მხოლოდ ნარჩენების მართვითა და გადამუშავებით შემოიფარგლება, თუ უფრო მკაცრი ზომებიც, მათ შორის პლასტმასის ახალი წარმოების შეზღუდვაც, იქნება გათვალისწინებული. თუმცა, დიდი ალბათობით, წარმოების შეზღუდვას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, ნავთობისა და ქიმიური ფირმების, ასევე პლასტმასის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, შეხვდება.