Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მიხეილ ლომთაძე გახდა. მან სტატუსი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან გადაიბარა.

როგორც Forbes-ის რეიტინგშია ნაჩვენები, ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანამფლობელი, მიხეილ ლომთაძე მილიარდერებს შორის სიმდიდრით 581-ე ადგილს იკავებს. ამერიკული გამოცემის დათვლებით, მისი ქონება 5.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2023 წლის სიის მიხედვით, ლომთაძე 3.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის რეიტინგში 624-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 4.9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი 2023 წლის სიის მიხედვითაც ამავე მოცულობის თანხას ფლობდა.

ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მილიარდერების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს რეიტინგში 813 წარმომადგენლით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში მხოლოდ ორი მილიარდერია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგი ბერნარ არნოა, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მისი ქონება დაახლოებით 233 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, სიმდიდრის წყაროს კი მოდის ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატი, LVMH-ი წარმოადგენს.