Forbes-ის „სელფ-მეიდ“ ქულა, მილიარდერების გზა საოცნებო სტატუსამდე

Forbes-ის „სელფ-მეიდ“ ქულა, მილიარდერების გზა საოცნებო სტატუსამდე

ახლახან Forbes-მა ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის 2021 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes 400-ის ლიდერი $201 მილიარდით კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის ყველა წევრს მილიარდერის სტატუსი აერთიანებს, მათ მიერ Forbes-ის „საოცნებო სიამდე“ განვლილი გზა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სწორედ ამ სხვაობის უკეთ წარმოსაჩენად, 2014 წელს გამოცემამ მილიარდერებისთვის „სელფ-მეიდ“ ქულის მინიჭება დაიწყო.

Forbes 400-ის რეიტინგი ერთდროულად აერთიანებს პირებს, რომლებიც სიაში საკმაოდ მარტივად, მემკვიდრეობის საშუალებით მოხვდნენ, ამასთან ერთად კი მათ, რომლებმაც მილიარდერის სტატუსამდე საკუთარი ძალისხმევით რთული გზა განვლეს და ქონება თავადვე დააგროვეს. გამოცემა, ამ განსხვავების უკეთ წარმოსაჩენად 1-დან 10 ბალამდე სისტემას გვთავაზობს. 1-5 ქულით ფასდებიან ის პირები, რომლებსაც ქონება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული, 6-10 ქულა კი იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც მათ მიერ დაარსებული კომპანიითა და დაგროვებული მილიარდობით ღირებულების ქონებით გამოირჩევიან.

მაგალითისთვის, თუ Forbes 400-ის რეიტინგის წევრს 10-ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 1 ქულა აქვს მინიჭებული, ნიშნავს, რომ პირმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო და მის გასაზრდელად არც არაფერი გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეფასება რეიტინგის 400 წევრიდან მხოლოდ 26-ს ერგო, რაც საერთო რაოდენობის 6,5%-ს შეადგენს. გამოცემის მიერ 2 ქულით არიან შეფასებულნი ელის და ლუკას უოლტონები, Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შთამომავლები.

ამის საპირისპიროდ კი Forbes-ი 10 ქულას ანიჭებს ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, დაბალი ან საშუალო კლასის ოჯახში დაიბადნენ და რაიმე სახის დისკრიმინაციის ან პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ასეთია, მაგალითად, რეიტინგის ახალწვეული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის, Moderna-ს თანადამფუძნებელი ნუბარ აფენიანი, რომლის მშობლებიც ეროვნებით სომხები იყვნენ, თავად აფენიანი ბეირუთში დაიბადა და 1975 წელს ლიბანის სამოქალაქო ომიც თავის თავზე გამოსცადა. გამოცემის მიერ რეიტინგში 10 ქულითაა შეფასებულ ჯორჯ სოროსიც.

აღსანიშნავია, რომ  Forbes 400-ის მიმდინარე წლის რეიტინგში მხოლოდ 118 ადამიანია 10-ბალიანი სისტემით 1-დან 5-მდე ქულით შეფასებული. რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რეიტინგის დიდი წილი, 70,5% „სელფ-მეიდ“ მილიარდერებს უჭირავთ. აქვე გეტყვით, რომ რეიტინგში ყველაზე მეტი, 160 ადამიანი 10-დან 8 ქულით არის შეფასებული. 8 ქულით შეფასებული პირი „სელფ-მეიდ“ მილიარდერს გულისხმობს, რომელიც ამ სტატუსამდე საშუალო ან საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენელი იყო. მათ რიცხვს მიეკუთვნება Forbes-ის რეიტინგის პირველი ოთხეული: Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Facebook-ის CEO მარკ ცუკერბერგი და Microsoft-ის შემქმნელი ბილ გეიტსი.

ახლა კი წარმოგიდგენთ „სელფ-მეიდ“ ქულების მფლობელთა რაოდენობას და თითოეული მათგანის მნიშვნელობას:

  1. მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელიც არ გაზრდილა – 26 ადამიანი.
  2. მემკვიდრეობა / როლი ქონების მართვაში – 21 ადამიანი.
  3. მემკვიდრეობა და მისი მცირედით გაზრდა – 17 ადამიანი.
  4. მემკვიდრეობა და მისი სწორი მიმართულებით განვითარება – 27 ადამიანი.
  5. მემკვიდრეობით მიღებული მცირე ან საშუალო ბიზნესის ათნიშნა ქონებად გარდაქმნა – 27 ადამიანი.
  6. დაქირავებული ინვესტორი, ბიზნესი თავად არ შეუქმნია – 13 ადამიანი.
  7. „სელფ-მეიდი“ მდიდარი ოჯახით – 31 ადამიანი.
  8. მილიარდერი, რომელიც საშუალო ან საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენელია – 160 ადამიანი.
  9. მილიარდერი, ძირითადად მუშათა კლასის წარმომადგენელი – 50 ადამიანი.
  10. „სელფ-მეიდი“, რომელიც გაიზარდა ღარიბულად და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი წინაღობების გადალახვაც მოუწია – 28 ადამიანი.