Forbes-ის სტანდარტით ახალ ეტაპზე

Forbes-ის სტანდარტით ახალ ეტაპზე

New Beginning ანუ ახალი დასაწყისი – ეს სათაური შეურჩიეს Forbes Georgia-ს რედაქტორებმა ცნობილი ამერიკული ჟურნალის ქართული შვილობილის პირველი ინგლისურენოვანი გამოცემის ყდას. მთავარი სტატიის სათაური სათაურზე მეტი აღმოჩნდა.

Forbes Georgia-ს პირველი ინგლისურენოვანი გამოცემა ბოლო ნამდვილად არ იქნება. ის საფუძველს ახალ დასაწყისს უყრის და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემისთვის, რაც მკითხველისთვის ამიერიდან წელიწადში ორჯერ იქნება ხელმისაწვდომი, არამედ Forbes-ის მთელი საგამომცემლო სახლისთვისაც, რომელიც ახალ-ახალი პროდუქტების დამატებას და ბეჭდური მედიიდან ციფრულ მედიამდე გაფართოებას აპირებს.

ყველაფერი კი 11 ივნისს დაიწყო, როცა Forbes Georgia-ს გამომცემლებმა, ტერაბანკის დახმარებით, ახალი წამოწყების პირველი შედეგის გასაზიარებლად საგანგებო მიღება გამართეს. Forbes-ის შესაფერისი ყველა მაღალი სტანდარტიც დაიცვეს: მოსაწვევები დაბეჭდეს, დაარიგეს და სტუმრების შეგროვებამდე საორგანიზაციო დეტალებზე ნერვიულობაც მოასწრეს.

ნერვიულობის მიზეზიც ჰქონდათ: Forbes Georgia-ს აუდიტორია საშუალო და უფრო მაღალი კლასის, შემდგარი, თვითრეალიზებული და წარმატებული მკითხველია, რომელიც ან თვითონ არის ჩართული ბიზნესში, ან ბიზნესტრენდები აინტერესებს, ანდაც – იმდენად აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ამ აქტივობით გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიმღებებზე, რომლებიც ასევე Forbes-ის აქტიური მკითხველები არიან. ამ გამოცდილი და, შეიძლება ითქვას, კარგი გაგებით პრეტენზიული მკითხველისთვის პრეზენტაციის გამართვა ადვილი ამოცანა ნამდვილად არ იყო.

როგორი ამინდი იყო 1917 წელს ნიუ- იორკში, რთული მოსაძიებელია, მაგრამ 11 ივნისისათვის შეუფერებელმა წვიმამ თბილისში Forbes Georgia-ს ახალი პროექტის პრეზენტაციას გეგმები ნამდვილად შეუცვალა. არასრული საუკუნის წინ მეხუთე ავენიუზე ბერტი ჩარლზ ფორბსის მიერ დაარსებული გამოცემის ქართულ წარმომადგენლობას ინგლისურენოვანი გამოცემის პირველი ნომრის პრეზენტაცია Rooms Hotel Tbilisi- ის ეზოში უნდა გაემართა. ამინდმა პროგნოზს არ უღალატა. 18 საათზე დანიშნული პრეზენტაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წვიმამ დარბაზისაკენ მიგვითითა. მწვანე გარემოში მოწყობილმა ტექნიკამ და დეკორაციამ დახურულ სივრცეში გადაინაცვლა.

სტუმრებმა შეკრება დათქმულ დროს დაიწყეს: ინგლისურენოვანი ჟურნალის პირველმა ნომერმა ახალ მასალასთან ერთად 55 ნომრის საუკეთესო სტატიებსა და ინტერვიუებს მოუყარა თავი. სწორედ ამიტომ დარბაზში რამდენიმე ადგილას განაწილებული ჟურნალების წყებაში ზოგმა საკუთარი თავი, ზოგმაც თავისი კომპანია და ბევრმა კარგად ნაცნობი თემის შესახებ მომზადებული ახალი მასალა ადვილად იპოვა.

პირველი შთაბეჭდილება დადებითი აღმოჩნდა: სტუმრები ახალ წამოწყებას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. მათი აზრით, ინგლისურენოვანი გამოცემა ადვილად გახდება სამაგიდო ჟურნალი საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის და ინგლისურენოვანი ქართველებისთვის.

ახალი პროექტი მკითხველებში კარგად გამოცდილ ხაზს არ უღალატებს და ლოკალური ფინანსების, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის თემებზე უახლეს სანდო ინფორმაციასა და დეტალურ ანალიზს უკვე მკითხველთა ახალ სეგმენტსაც შესთავაზებს. კიდევ ერთი მიმართულება – ახალი ანტრეპრენიორებისთვის Forbes-ის მასშტაბური არენის შეთავაზებაა. Forbes Georgia-ს მიაჩნია, რომ წარმატება გადამდებია, შესაბამისად, სჯერა, რომ იმ მეწარმეების, კომპანიებისა და იდეების გაცნობა, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, ახალი იდეების საფუძველი გახდება.

ინგლისურენოვანი ჟურნალი ქართული ბიზნესის შესახებ შტრიხკოდის გარეშეა. პირველი ნომერი სპეციალური სერიით დამზადდა: რეკორდული ტირაჟი, 5000 ცალი ინგლისურენოვანი Forbes Georgia საჩუქრად დაურიგდა საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოს, საერთაშორისო საფინანსო კომპანიებს და Forbes-ის პარტნიორ ბიზნესსუბიექტებს. ეს გამოცემა საქართველოს ფარგლებსაც გასცდა – 1000 ცალი ინგლისურენოვანი Forbes-ი ყაზახეთში ჯერ კიდევ საქართველოში მის ოფიციალურ პრეზენტაციამდე გაიგზავნა – იმავე ჩარტერით, რომლითაც Forbes-ის მიერ გამართულ საქართველო- ყაზახეთის ბიზნესფორუმს 40-ზე მეტი წარმატებული ბიზნესმენი ესტუმრა. ყოველი მომდევნო ნომერი, წელიწადში 2-ჯერ, უკვე მედიაბაზრის სრულუფლებიანი მოთამაშე იქნება.

ინგლისურენოვანი Forbes Georgia განვითარების უფრო კომპლექსური სტრატეგიის ნაწილია. მკითხველს და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაყურებელსაც (Forbes TV) წლის განმავლობაში რედაქცია 20 გამოცემას შესთავაზებს: წელიწადში თორმეტ გამოცემას ქართულ, წელიწადში ორჯერ კი ინგლისურ ენაზე; მკითხველისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება 4 სპეციალური გამოცემა – მათ შორის, ყოველწიური Forbes Banker-ი და Forbes Woman-ი, რომლებიც კვარტალში ერთხელ გამოვა.

“მოკლედ, გეგმებიც და გამოწვევებიც საკმაოდ ამბიციურია, დაიტვირთება ვებგვერდი და დიგიტალიზაციის ხანის სიკეთეეებსაც სრულად ავითვისებთ”, – ასეთია Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორისა და მმართველი პარტნიორის, გიორგი ისაკაძის შემართება.

ამ გეგმებიდან პირველად, სულ მალე, მკითხველს Forbes Banker-ის შეფასება მოუწევს: რედაქცია სპეციალურ გამოშვებას ამ ქვეყნის ეკონომიკის ერთ- ერთ გამწევ ძალას და ყველაზე წარმატებულ საბანკო სექტორს მიუძღვნის. წინ დიდი დასაწყისია…