Forbes: ხუთი ადამიანური უნარი, რომელთაც AI ვერ ჩაანაცვლებს

Forbes: ხუთი ადამიანური უნარი, რომელთაც AI ვერ ჩაანაცვლებს

ამერიკული ანალიტიკური ფირმა Workday-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულთა 83% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი უნიკალურად ადამიანებისთვის დამახასიათებელ უნარებს მეტად კრიტიკულს ხდის და არა პირიქით. იმავე დაშვებას იმეორებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევა და აღნიშნავს, რომ თანაგრძნობა, მსჯელობა, კრეატიულობა და ადაპტირებადობა AI-ის ეპოქაში კარიერული წარმატების განმსაზღვრელ და ძირითად განმასხვავებელ ფაქტორებადაა ქცეული.

წარმოდგენილი კვლევების გათვალისწინებით, ამერიკულმა Forbes-მა ხუთი ადამიანური უნარი განიხილა, რომელთაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. ამასთან ერთად კი, გზებიც შეიმუშავა, რომელთა მიხედვითაც სკოლებსა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ამ ტიპის უნარების შესწავლა შესაძლებელია.

ეთიკური და მორალური მსჯელობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ტექნოლოგიას წესების დაცვა შეუძლია, თუმცა არა აქვს უნარი გადაწყვიტოს, თუ რომელი წესია კრიტიკული მნიშვნელობის, ანდაც როდის უნდა დაუშვას გამონაკლისები. CMSWire-ის ანგარიშის თანახმად, ლიდერები, რომლებიც ტექნოლოგიურ ცოდნას მორალურ მსჯელობასთან აერთიანებენ, ბევრად უფრო მოთხოვნადი კადრებიც არიან. ორგანიზაციები ეძებენ ადამიანებს, რომელთაც გაუთვალისწინებელი შედეგების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა, საწინააღმდეგო ინტერესების შეფასება და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ, მაშინ როდესაც მსგავსი ტიპის ამოცანის შესრულებას ალგორითმები ვერ ახერხებენ.

ემპათია და ემოციური ინტელექტი AI-ის სამყაროში მნიშვნელოვანია

მომხმარებელთა მომსახურებისთვის შემუშავებული ბოტები ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ინფორმაციის მიმოცვლის გარკვეულ ეტაპზე მომხმარებლებს რეალურ ადამიანებთან ურჩევნიათ დაკავშირება. HRE-ის კვლევის თანახმად, ემოციური ინტელექტი, ემპათია და ადამიანური კავშირი ერთ-ერთი მთავარი უნარ-ჩვევაა, რომელსაც HR-ხელმძღვანელები კადრებისთვის აუცილებელ უნარებად განიხილავენ.

LinkedIn-ის 2024 წლის სამუშაო ადგილის Workplace Learning Report-მა აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებიც ემპათიისა და აქტიური მოსმენისთვის დასაქმებულებს ატრენინგებენ, მომხმარებელთა უფრო მაღალ კმაყოფილებასაც იმსახურებენ. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, როლური თამაშები და ქოუჩინგი ემოციური ინტელექტის განსავითარებლად პრაქტიკული გზებია.

კრეატიულობა და ხედვა: ადამიანის უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტთან შედარებით

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში „კრეატიულობა, ორიგინალურობა და ინიციატივა“ ინდუსტრიებში მზარდი მოთხოვნის უნარებს შორისაა. როგორც McKinsey-მ დაადგინა, 2030 წლის პერიოდისთვის, შემოქმედებითი როლები ყველაზე ნაკლებად ავტომატიზებულ უნარებს შორისაა. Forbes-ის თანახმად, კრეატიულობა, განსაკუთრებით კი დისციპლინათაშორისი და შორსმჭვრეტი აზროვნება უპირატესობად რჩება.

კრიტიკული აზროვნება და კონტექსტური მსჯელობა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ ეპოქაში

ხელოვნურ ინტელექტს დასმულ შეკითხვებზე პასუხების თავისუფლად გენერირება შეუძლია, თუმცა ის ყოველთვის სანდო არაა, რადგან მას სიტუაციური ცნობიერება და ქვეტექსტის გააზრების უნარი არა აქვს. გამომდინარე აქედან, კრიტიკული აზროვნება AI-ით ჩანაცვლებისგან ადამიანის დამცავ მექანიზმად რჩება. ეს მათ შორის მონაცემებისა და ფაქტების ეჭვქვეშ დაყენებისა და ვარაუდებიდან სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს ნიშნავს. ამ უნარის დასასწავლად, Forbes-ი სტრუქტურირებულ მსჯელობასა და გუნდურ მუშაობას უწევს რეკომენდაციას, ასევე მომხმარებლებს ურჩევს, AI-ის გენერირებული პასუხები პირველ ვერსიებად მიიღონ და არა საბოლოო შედეგებად.

ადაპტიური სწავლება და ადამიანური მდგრადობა AI-ის მომავალში

ახალი მონაცემების საფუძველზე ხელოვნური ინტელექტის გადამზადება შესაძლებელია, თუმცა ის ადამიანების მსგავსად არ იცვლება. ამის საპირისპიროდ ადამიანებს ცხოვრების შუა პერიოდში კარიერული ცვლილებები და მსგავსი ტიპის, მათ შორის სპონტანური გადაწყვეტილებები ახასიათებთ. შედეგად კი, ადამიანებს სწრაფად დასწავლის, ძველი ჩვევების დავიწყებისა და ადაპტირების უნარი გამოუმუშავდათ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმოხილვაში ადაპტაცია ადამიანის განმსაზღვრელ უპირატესობადაა დასახელებული. ხოლო დასაქმებულები, რომელთაც ახალი უნარების დასწავლისა და გამოყენების უნარი აქვთ – უცვლელ კადრებად.


ამერიკული Forbes-ის თანახმად, მსგავსი უნარების დასწავლა და გაუმჯობესება, ძირითად სასწავლო გეგმასა და კლასგარეშე აქტივობებში კონკრეტული საგნებისა და პრაქტიკული სწავლებების ჩართვითაა მიღწევადი. მაგალითად, ეთიკური განსჯის უნარის გამოსამუშავებლად სამოქალაქო განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაკვეთილებში რეალური სამყაროს შემთხვევების ანალიზის ინტეგრირება შეიძლება მოხდეს.

როლური თამაშების სავარჯიშოები და სტუდენტების მიერ ჩატარებული ინტერვიუები მოსმენის უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს. კრეატიულობა კი ინტერდისციპლინირებულ პროექტებში ვლინდება, რომლებიც თუნდაც ხელოვნებასა და STEM-ს აერთიანებს. კრიტიკული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად, Forbes-ის შეფასებით, მედიაწიგნიერებასა და დებატებს ისეთი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოთ, როგორიც, მაგალითად, ალგებრას აქვს. შედეგად, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ინფორმაციის შეფასება, წყაროების შემოწმება და ლოგიკური შეცდომების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა.