Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები 2025 წელს

Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები 2025 წელს

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში, ზედიზედ უკვე მეოთხე წელია, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. გასული წლის მსგავსად, რეიტინგის პირველ ხუთეული წელსაც პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რაც მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე გასაკვირი სულაც არ არის.

Forbes-ის სიაში, რომელიც მსოფლიოს 100 გავლენიან ქალს აერთიანებს, მეორე ადგილს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი იკავებს. აღსანიშნავია, რომ ფონ დერ ლაიენის მსგავსად იგი ამ პოზიციას ბოლო წლებში უცვლელად ინარჩუნებს.

რეიტინგში მესამე ადგილზე სანაე ტაკაიჩია, რომელიც ამ შემოდგომას იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა. ტაკაიჩი $4-ტრილიონიან ეკონომიკას უძღვება და მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ჯერ მცირე ხანია, რაც დაინიშნა, მან სამეულში ადგილი იტალიის პრემიერს, ჯორჯა მელონის დაათმობინა. შედეგად, ამ უკანასკნელმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ხუთეულს კლაუდია შეინბაუმი, მექსიკის პირველი პრეზიდენტი ქალი ასრულებს. გასული წლის რეიტინგში ის მეოთხე პოზიციას იკავებდა.

გასული წლის შემდეგ ტოპ-10-ში დარჩნენ General Motors-ის CEO მარი ბარა, Fidelity Investments-ის CEO აბიგაილ ჯონსონი, Accenture-ის CEO ჯული სვიტი და Citigroup-ის CEO ჯეინ ფრეიზერი. სანაე ტაკაიჩისთან ერთად, ათეულის ახალწვეულია ლისა სუ, ჩიპების მწარმოებელი კომპანია AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, Forbes-ი აღნიშნულ რეიტინგს ოთხი ძირითადი საზომის გათვალისწინებით ადგენს, ესენია: ფული, მედიახილვადობა, გავლენა და გავლენის სფეროები. გარდა ამისა, პოლიტიკური ლიდერების შემთხვევაში დამატებით გათვალისწინებული იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და მოსახლეობის რაოდენობა; კორპორაციების ხელმძღვანელების შემთხვევაში კი – შემოსავლები, შეფასებები და თანამშრომლების რაოდენობა.

Forbes-ის დათვლებით, რეიტინგში შემავალი 100 ქალი, რომელთა შორის 17 ახალწვეულია, ერთობლივად 37 ტრილიონი დოლარის ეკონომიკას მართავს და 1 მილიარდზე მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების TOP-10
#1 ურსულა ფონ დერ ლაიენი – პოლიტიკა, ევროკომისიის პრეზიდენტი
© picture alliance / Panama Pictures
#2 კრისტინ ლაგარდი – პოლიტიკა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
© REUTERS/Kai Pfaffenbach
#3 სანაე ტაკაიჩი – პოლიტიკა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი
Associated Press
#4 ჯორჯა მელონი – პოლიტიკა, იტალიის პრემიერ-მინისტრი
© REUTERS/Guglielmo Mangiapane
#5 კლაუდია შეინბაუმი – პოლიტიკა, მექსიკის პირველი პრეზიდენტი ქალი
© MORENA
#6 ჯული სვიტი – ბიზნესი, Accenture-ის აღმასრულებელი დირექტორი
© Gavin John/Bloomberg
#7 მარი ბარა – ბიზნესი, General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი
© Reuters

#8 ჯეინ ფრეიზერი – ფინანსები, Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი

citigroup.comcitigroup.com

#9 აბიგაილ ჯონსონი – ფინანსები, Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი
© Barry Chin/The Boston Globe
#10 ლისა სუ –  AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი

wccftech.com