Forbes: მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები 2026 წლისთვის

Forbes: მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები 2026 წლისთვის

ფოტო: Getty Images

 

ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდების რეიტინგი გამოავლინა. უახლესი მონაცემებით, სიის სათავეში NFL-ის Dallas Cowboys-ია, რომლის საოპერაციო შემოსავალმა გასულ სეზონზე $629 მილიონი შეადგინა. Dallas Cowboys-ი, ამავდროულად, $13-მილიარდიანი შეფასებით, გამოცემა Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდია.

გასული სეზონის საოპერაციო შემოსავლით, Dallas Cowboys-მა დაახლოებით $200 მილიონით გადაასწრო NBA-ს Golden State Warriors-ს, რომელიც $409 მილიონის EBITDA-თი მეორე ადგილზეა. ხუთეულშია ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდი Edmonton Oilers-ი, ასევე NFL-ის Los Angeles Rams-ი და Formula 1-ის Mercedes-ი, თუმცა სამივე მათგანის შემთხვევაში, მათი წლიური მოგება Dallas Cowboys-ის მოგების თითქმის მესამედია.

საერთო ჯამში, Forbes-ის წლევანდელი სიის 20 ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდიდან შვიდი NFL-ის ფრენჩაიზზე მოდის, ექვსი – NBA-ზე, სამ-სამი – NHL-სა და ინგლისის „პრემიერლიგაზე“ და ერთიც – Formula 1-ის ჩემპიონატზე. მათ მიერ გასულ სეზონზე კოლექტიურად მიღებული მოგება $4.5 მილიარდს აღწევს, რაც თითო გუნდზე საშუალოდ $226 მილიონს უდრის და 16%-ით მეტია წინა წლის $3.9 მილიარდთან და $195 მილიონთან შედარებით.

ბოლო წლებში გუნდები გაცილებით უფრო მეტს იღებენ სპონსორობიდან და მედიალიცენზირებიდან, ვიდრე წარსულში. მაგალითად, NFL-ში, სადაც გუნდების საშუალო შემოსავალი $662 მილიონი იყო (რაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში 91%-ითაა გაზრდილი) თითოეულმა ფრენჩაიზმა გასულ სეზონში ლიგიდან დაახლოებით $443 მილიონი მიიღო. მსგავსად NBA-ში: საშუალო შემოსავალმა გუნდზე $416 მილიონი შეადგინა, მოგება კი, სავარაუდოდ, $76 მილიარდის ღირებულების მედიაგარიგებების წყალობით გაიზრდება.

ამერიკული ფეხბურთის გუნდების შემოსავალზე დადებითად ლიგის ბიზნესმოდელიც აისახება. მათ შორის, სახელფასო ლიმიტი ლიგის გუნდებს, მაღალი მოგების პირობებშიც კი, ხარჯების გაკონტროლებაში ეხმარება. მაგალითად, MLB-ში „კონკურენტული ბალანსის გადასახადი“ მოქმედებს, რაც ლიგის გუნდების მიერ მოთამაშეებისთვის გადაჭარბებული ხელფასების გადახდას აკონტროლებს, განსხვავებით ევროპული კლუბებისა, რომლებიც მოთამაშეების ხელფასზე თანხას მკაცრი შეზღუდვების გარეშე ხარჯავენ. Forbes-ის შეფასებით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ეს კლუბები სხვა სპორტულ გუნდებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან.

Forbes-ის მეთოდოლოგია ამგვარია: 20 ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდის რეიტინგი დაფუძნებულია MLB-ის, MLS-ის, NBA-ს, NFL-ის, NHL-ისა და ევროპული ფეხბურთის კლუბების Forbes-ის 2025 წლის შეფასებებზე და აერთიანებს მათ მიერ უახლესი ხელმისაწვდომი სეზონისთვის მიღებულ საოპერაციო შემოსავალს. მათ შორის: 2024 წლის სეზონი MLB-ის, MLS-ისა და NFL-ისთვის; 2024-25 წლების სეზონი NBA-სა და NHL-ისთვის; 2023-24 წლების სეზონი ევროპული ფეხბურთისთვის.

2025 წლის ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდების ათეული
#1. $629 მილიონი

Dallas Cowboys

ლიგა: NFL | ღირებულება: $13 მილიარდი

Kevin Jairaj
#2. $409 მილიონი

Golden State Warriors

ლიგა: NBA | ღირებულება: $11 მილიარდი

Roy Wayrynen/USA TODAY
#3. $244 მილიონი

Edmonton Oilers

ლიგა: NHL | ღირებულება: $3.2 მილიარდი

Charles LeClaire
#3. $244 მილიონი

Los Angeles Rams

ლიგა: NFL | ღირებულება: $10.5 მილიარდი

Jayne Kamin-Oncea
#5. $227 მილიონი

Mercedes

ლიგა: Formula 1 | ღირებულება: $6 მილიარდი

Clive Rose/Getty Images
#6. $222 მილიონი

New England Patriots

ლიგა: NFL | ღირებულება: $9 მილიარდი

New England Patriots
#7. $203 მილიონი

Atlanta Hawks

ლიგა: NBA | ღირებულება: $5 მილიარდი

Atlanta Hawks
#7. $203 მილიონი

Philadelphia 76ers

ლიგა: NBA | ღირებულება: $5.45 მილიარდი

Philadelphia 76ers
#9. $191 მილიონი

Houston Rockets

ლიგა: NBA | ღირებულება: $5.9 მილიარდი

Alex Slitz
#9. $191 მილიონი

Toronto Maple Leafs

ლიგა: NHL | ღირებულება: $4.4 მილიარდი

Claus Andersen/GettyImages