ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2025 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში ბაზრის კვლევითი ფირმა Statista-სთან თანამშრომლობით შეიქმნა და ჯამში 50 ქვეყნიდან, 300,000-ზე მეტი დასაქმებული მოიცვა. მაღალი სანდოობისა და ანონიმურობის დასაცავად, კვლევა ონლაინ, კორპორაციებისგან დამოუკიდებლად ჩატარდა.
საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგის შედგენისას Forbes-მა და Statista-მ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი გამოიყენეს, მათ შორის: დასაქმებულთა ანაზღაურება, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები, ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსი, კომპანიის რეპუტაცია. რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, გაუწევდნენ თუ არა ისინი რეკომენდაციას, თავიანთ სამუშაო ადგილს ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან. გარდა ამისა, გამოკითხულებს ყოფილი დამსაქმებლების (უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში) შეფასების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
კვლევის ფარგლებში, რესპონდენტების მიერ მიღებული პასუხები დაჯამდა, კომპანიები ყოველწლიურ რანჟირებულ სიაში მიღებული ქულების შესაბამისად შეიყვანეს. წარმოდგენილი დაანგარიშებით, Forbes-ის რეიტინგში საბოლოოდ მხოლოდ 900 კომპანია მოხვდა.
2025 წლის საუკეთესო დამსაქმებელთა რეიტინგის პირველ ხუთეულში წარმოდგენილთაგან ოთხი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, ხოლო აქედან სამი IT-პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების სფეროს კომპანიაა. მათ შორისაა Microsoft-ი, რომელიც ზედიზედ უკვე მეორე წელია, პირველ ადგილს იკავებს, Alphabet-ი (Google) – მესამეზე და Adobe-ი – მეოთხეზე. რეიტინგში აღნიშნულია, რომ Adobe-ის მაღალ პოზიციებზე ყოფნა ძირითადად კომპანიის „ინოვაციური სულის“ დამსახურებაა, რომელიც ბევრს სამსახურში დარჩენისკენ უბიძგებს.
მიმდინარე წლის საუკეთესო დამსაქმებლებს შორის, მეორე პოზიციაზე ასევე ამერიკული ავიახაზები Delta Air Lines-ია. ანგარიშის შეფასებით, რეიტინგში Delta-ს დაწინაურება (მეექვსედან მე-2 პოზიციაზე) კომპანიაში არსებული ღია საკომუნიკაციო კავშირების დამსახურებაა, რაც დასაქმებულთა მხრიდან კარგად იქნა აღქმული. მეხუთე ადგილზე კი, ერთადერთი არაამერიკული კომპანია, გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ია.
მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების 2025 წლის რეიტინგი:
კომპანია | ინდუსტრია | ქვეყანა / ტერიტორია | დასაქმებულების რაოდენობა | |
---|---|---|---|---|
1 | Microsoft | IT პროგრამული უზრუნველყოფა & მომსახურება | აშშ | 228,000 |
2 | Delta Air Lines | ტრანსპორტირება და ლოგისტიკა | აშშ | 100,000 |
3 | Alphabet | IT პროგრამული უზრუნველყოფა & მომსახურება | აშშ | 183,323 |
4 | Adobe | IT პროგრამული უზრუნველყოფა & მომსახურება | აშშ | 20,709 |
5 | BMW Group | საავტომობილო ინდუსტრია | გერმანია | 159,000 |
6 | NVIDIA | ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტრული ინჟინერია | აშშ | 29,600 |
7 | Sony | კონგლომერატი | იაპონია | 113,000 |
8 | IBM | ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტრული ინჟინერია | აშშ | 300,000 |
9 | Apple | ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტრული ინჟინერია | აშშ | 164,000 |
10 | Lego Group | სამომხმარებლო საქონელი | დანია | 31,000 |