ფოტო: Illustration by Neil Jamieson for Forbes
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, მილიარდერთა საშუალო სიმდიდრე ამჟამად $5.8 მილიარდს აღწევს. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, სიაში შემავალ მილიარდერთა 80% იმაზე მდიდარია, ვიდრე გასულ წელს იყო.
გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,428 მილიარდერია – 400-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. ამავდროულად, სიის წევრები ახლა უფრო მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის $4 ტრილიონითაა გაზრდილი და, როგორც აღვნიშნეთ, $20.1 ტრილიონს აღწევს. წლევანდელ რეიტინგში ამერიკის შეერთებულ შტატებს რეკორდული რაოდენობის, 989 მილიარდერი ჰყავს, შემდეგ მოდის ჩინეთი (610, ჰონგ-კონგის ჩათვლით) და ინდოეთი (229).
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Forbes-ის 2026 წლის რეიტინგის 20 უმდიდრესი ადამიანიდან 15 ამერიკელია. მათგან კი, გასული ერთი წლის ჭრილში, ყველაზე დიდი მოგება Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მიიღო. მასკმა, რომელიც 2025 წლის სიას $342.2 მილიარდით ლიდერობდა, ბოლო თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი გააუმჯობესა. მათ შორის: ოქტომბერში მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემ $500 მილიარდს გადააჭარბა, შემდეგ, 15 დეკემბერს – $600 მილიარდს, ხოლო 19 დეკემბერს – $700 მილიარდს.
2026 წლის პირველი მარტის მონაცემებით, მასკი, $839 მილიარდის ქონებით, კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. შედეგად, ის ახლა თითქმის სამჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე Forbes-ის რეიტინგის მეორე პოზიციაზე მყოფი ლარი პეიჯი. Google-ის თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, წლევანდელ რეიტინგში $257 მილიარდითა და $237 მილიარდით, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ. ხუთეულს ჯეფ ბეზოსი ($224 მილიარდი) და მარკ ცუკერბერგი ($222 მილიარდი) ასრულებენ.
ამერიკული Forbes-ის 2026 წლის მილიარდერების რეიტინგში ჯამში 20 ადამიანის ქონება სცდება $100-მილიარდიან ნიშნულს. შარშან ასეთი თოთხმეტი ადამიანი იყო, 2017 წელს კი ამ ნიშნულს რეიტინგის ვერცერთი წევრის ქონება ვერ სცდებოდა. Forbes-ის „ელიტარული ჯგუფის“ ახალწვეულთა უმრავლესობა ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელია. მათ შორისაა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის ოქტომბერში შეიწყალა. Forbes-ის შეფასებით, ჭაო $110 მილიარდით მსოფლიოს მე-17 უმდიდრესი ადამიანია.
Forbes-ის მიმდინარე წლის რეიტინგში 390 ახალწვეული გვხვდება, მათ შორისაა მუსიკოსი, ჰიპ-ჰოპის ლეგენდა Dr. Dre, პოპვარსკვლავი ბიონსე და ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი. რეიტინგის ახალწვეულებს შორის არიან გრეგ ეიბელი, რომელმაც Berkshire Hathaway-ს CEO-ს პოსტზე გასულ წელს უორენ ბაფეტი შეცვალა და ილონ მასკის უმცროსი ძმა, ბიზნესმენი კიმბალ მასკი.
ცნობისთვის, Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში მილიარდერ ქალთა წილი 14%-ს შეადგენს. შედეგად, რეიტინგში სულ 481 მილიარდერი ქალია, მათგან უმდიდრესი კი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილიშვილი ელის უოლტონია. 2026 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ელის უოლტონი $134 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას მსოფლიოში მე-14 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი
#1 ილონ მასკი
ქონება: $839 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $257 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#3 სერგეი ბრინი
ქონება: $237 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $224 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#5 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $222 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#6 ლარი ელისონი
ქონება: $190 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#7 ბერნარ არნო
ქონება: $171 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $154 მლრდ
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#9 უორენ ბაფეტი
ქონება: $149 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 95
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

#10 ამანსიო ორტეგა
ქონება: $148 მლრდ
წყარო: Inditex (Zara)
ასაკი: 89
საცხოვრებელი ადგილი: ლა-კორუნია, ესპანეთი
მოქალაქეობა: ესპანეთი















