Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი თვითშემდგარი მილიარდერი ქალები

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი თვითშემდგარი მილიარდერი ქალები

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 141-ით არის გაზრდილი. 2024 წლის მონაცემი ასევე 26-ით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა.

გარდა ამისა, მილიარდერები წელს უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე. მათი ერთობლივი ქონება, როგორც აღვნიშნეთ, $14.2 ტრილიონს აღწევს, რაც $2 ტრილიონით მეტია 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდს $1.1 ტრილიონით აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ქალების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცებისას. 2781 მილიარდერიდან ისინი მხოლოდ 369-ს შეადგენენ, დაახლოებით 13.3%-ს. გასული წელს ეს მაჩვენებელი 12.8%-ზე იყო. 2024 წლის რეიტინგში შემავალი ქალების კოლექტიური ქონება თითქმის 1.8 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც 2023 წელთან შედარებით 240 მილიარდი აშშ დოლარით მეტია.

2024 წლის რეიტინგში შემავალი ქალებიდან საკუთარი ძალისხმევით სიმდიდრე მხოლოდ 3.6%-ს აქვს დაგროვებული. ამ ქალებს შორის არიან ანტრეპრენიორები (Spanx-ის სარა ბლეიკლი), გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები (ტეილორ სვიფტი), თანადამფუძნებლები (Panda Express-ის პეგი ჩერნგი), დაქირავებით მომუშავეები, ძირითადად, აღმასრულებლები (Meta-ს ოპერაციების მიმართულების დირექტორი, შერილ სენდბერგი).

მიუხედავად მათი შედარებით მცირე რაოდენობისა, წელს უფრო მეტი თვითშემდგარი მილიარდერი ქალია, ვიდრე ოდესმე – და თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ იყო. თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა: ჯგუფში კვლავ დომინირებენ ქალები ჩინეთიდან და აშშ-დან, შესაბამისად, 43 (მათ შორის 7 ჰონგ-კონგიდან) და 30 წარმომადგენლით.

უმდიდრესი თვითშემდგარი მილიარდერი ქალი უკვე მეორე წელია, შვეიცარიაში მცხოვრები რაფაელა აპონტე-დიამანტია. ის საზღვაო გადაზიდვების კომპანია MSC-ის თანადამფუძნებელი და თანამფლობელია. აპონტე-დიამანტი Forbes-ის საერთო რეიტინგში 48-ე ადგილს იკავებს, მისი ქონების ღირებულება კი 33.1 მილიარდი აშშ დოლარია.

მეორე უმდიდრესი თვითშემდგარი მილიარდერი ქალი ამერიკელი დაიან ჰენდრიქსია, რომელმაც სამშენებლო მასალების კომპანია ABC Supply ქმართან ერთად დააარსა. 2007 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელი სწორედ ის გახდა. ჰენდრიქსი, რომლის ქონება დაახლოებით 20.9 მილიარდი აშშ დოლარია, მსოფლიოში 92-ე უმდიდრესი ადამიანია.

თვითშემდგარი მილიარდერი ქალების რიგებს წელს 15 ადამიანი შეუერთდა, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი, რომელმაც მილიარდერის სტატუსი გასული წლის წარმატებული საკონცერტო ტურნეს წყალობით მიიღო. სვიფტის ქონება 1.1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ტექნოლოგიების სფეროს და, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის ბუმის წყალობით გამდიდრდა ლისა სუ, ნახევარგამტარების კომპანია Advanced Micro Devices-ის აღმასრულებელი დირექტორი და Forbes-ის მილიარდერების რეიტინგს წელს პირველად შეუერთდა. სუს ქონება დაახლოებით $1.3 მილიარდს შეადგენს.

სხვა ცნობილი თვითშემდგარი მილიარდერი ქალები არიან ოპრა უინფრი (2.8 მილიარდი დოლარი), Skims-ის თანადამფუძნებელი და სატელევიზიო რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი (1.7 მილიარდი დოლარი) და მომღერალი რიანა (1.4 მილიარდი დოლარი), რომელიც კოსმეტიკის ბიზნესშია ჩაბმული.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი თვითშემდგარი მილიარდერი ქალი:
რაფაელა აფონტე

ქონება: $33.1 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: გადაზიდვები

ქვეყანა: შვეიცარია

დაიან ჰენდრიკსი

ქონება: $20.9 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: მშენებლობა

ქვეყანა: აშშ

ჯუდი ლავი

ქონება: $10.2 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: გაზის სადგურები

ქვეყანა: აშშ

დენის კოუტსი

ქონება: $9.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ონლაინ აზარტული თამაშები

ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო

ჟონ ჰუიჯუანი

ქონება: $7.7 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ფარმაცევტული პროდუქტები

ქვეყანა: ჩინეთი

ტატიანა ბაკალჩუკი

ქონება: $7.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ელ-კომერცია

ქვეყანა: რუსეთი

ჯუდი ფოლკნერი

ქონება: $7.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ჯანდაცვა (IT)

ქვეყანა: აშშ

ვანგ ლაიჩუნი

ქონება: $6.6 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ელექტრონული ნაწილები

ქვეყანა: ჩინეთი

ჟოუ კუნფეი

ქონება: $6.1 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: სმარტფონების ეკრანები

ქვეყანა: ჰონგ-კონგი

ვუ იაჯუნი

ქონება: $5.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონება

ქვეყანა: ჩინეთი