ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელი რეიტინგით, მათი საშუალო ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 5.1%-ითაა გაზრდილი და $2.3 მილიარდს შეადგენს, სიის ლიდერი კი კვლავ ესპანეთის სამეფო კლუბი, მადრიდის „რეალია“.
Forbes-ის განახლებული მონაცემებით, რეიტინგის წამყვანი 30 საფეხბურთო კლუბის საშუალო შემოსავალი, წლიურ ჭრილში, მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და $397 მილიონს გაუტოლდა. თუმცა, 57%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით საოპერაციო მოგების საშუალო მაჩვენებელი და $36 მილიონს მიაღწია.
რეიტინგის ლიდერი, ზედიზედ უკვე მესამედ, მადრიდის „რეალია“. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, „რეალმა“ ყველაზე ძვირად ღირებული კლუბის სტატუსი რვაჯერ მოიპოვა. Forbes-ი ესპანეთის სამეფო კლუბის ღირებულებას $6.6 მილიარდად აფასებს. რეიტინგის ტოპ-30 კლუბს შორის „რეალმა“ ყველაზე მეტი, $873 მილიონი გამოიმუშავა, რაც ძირითადად სტადიონზე მოპოვებული წარმატებების დამსახურებაა. 2014 წლის შემდეგ, კლუბი 14 საერთაშორისო ტიტულის მფლობელი გახდა, მათ შორის ხუთჯერ მოიგო „ჩემპიონთა ლიგა“.
წლევანდელი რეიტინგის მეორე პოზიციაზეა „მანჩესტერ იუნაიტედი“ – $6.55-მილიარდიანი შეფასებით. თებერვალში კლუბის 27%-იანი წილი ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა შეისყიდა, თითო აქციაზე $33-ის ღირებულებით. გარიგების შედეგად, ინგლისის კლუბის ღირებულებამ $6.5 მილიარდს მიაღწია. თუმცა, საფონდო ბირჟის შეფასებით, კლუბის ღირებულება თითო აქციაზე მხოლოდ $17-ს შეადგენს.
რეიტინგში მესამე პოზიციაზეა „ბარსელონა“. კატალონიური კლუბის ღირებულება გასული წლის რეიტინგთან შედარებით 2%-ითაა გაზრდილი და $5.6 მილიარდს უტოლდება.
სპონსორობიდან მიღებული თანხა კლუბებისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, მხოლოდ მაისურის სპონსორობით მადრიდის „რეალი“ წელიწადში საშუალოდ $205 მილიონს გამოიმუშავებს. თუმცა მას შემოსავლებით დიდად არც „ჩემპიონთა ლიგაში“ მონაწილე სხვა კლუბები ჩამოუვარდებიან, მათ შორის: „ბარსელონა“ ($189 მილიონი), „პარი-სენ ჟერმენი“ ($158 მილიონი), „არსენალი“ ($158 მილიონი) და ა.შ.
თუმცა საფეხბურთო კლუბებისთვის ბევრად უფრო მოგებიანი მომავალი წელი იქნება, როდესაც „ჩემპიონთა ლიგის“ ახალი ფორმატი დაიწყება. ჩემპიონატში მონაწილე კლუბთა რაოდენობა – 32-დან 36-მდე, ჩატარებული მატჩების რაოდენობა კი 125-დან 189-მდე გაიზრდება. ამ ცვლილებების შედეგად, UEFA-ს პროგნოზით, სატელევიზიო შემოსავლები ერთი მესამედით გაიზრდება.
წარმოგიდგენთ 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბებს:
- Real Madrid
ღირებულება: $6.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 9%
მფლობელები: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $76 მილიონი
- Manchester United
ღირებულება: $6.55 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 9%
მფლობელები: გლეიზერების ოჯახი, ჯიმ რეტკლიფი
საოპერაციო მოგება:
- Barcelona
ღირებულება: $5.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელები: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: -$145 მილიონი
- Liverpool
ღირებულება: $5.37 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელები: ჯონ ჰენრი, ტომ ვერნერი
საოპერაციო მოგება: $102 მილიონი
- Manchester City
ღირებულება: $5.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელები: შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი
საოპერაციო მოგება: $148 მილიონი
- Bayern Munich
ღირებულება: $5 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 4%
მფლობელები: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $84 მილიონი
- Paris Saint-Germain
ღირებულება: $4.4 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 4%
მფლობელები: Qatar Sports Investments
საოპერაციო მოგება: $126 მილიონი
- Tottenham Hotspur
ღირებულება : $3.2 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 14%
მფლობელები: Joseph Lewis Family Trust
საოპერაციო მოგება:
- Chelsea
ღირებულება: $3.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 1%
მფლობელები: ტოდ ბოილი, Clearlake Capital
საოპერაციო მოგება: – $400,000
- Arsenal
ღირებულება: $2.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 15%
მფლობელები: სტენლი კრონკე
საოპერაციო მოგება: $140 მილიონი