Forbes: ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერების 2024 წლის ტოპ-ათეული

Forbes: ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერების 2024 წლის ტოპ-ათეული

Forbes-მა ამერიკელი ფილანთროპი მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელმაც ჯამში ქვეყნის ტოპ-25 ქველმოქმედი მოიცვა. გასულ წელს, ქვეყნის უმსხვილესმა ქველმოქმედებმა მილიარდობით დოლარის გრანტები გაიღეს სამედიცინო და სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად, ასევე გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის. ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გააძლიერეს დემოკრატიის მხარდამჭერი ჯგუფების დაფინანსებებიც.

საერთო ჯამში, 2023 წლის 30 დეკემბრისთვის, მათ მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაცემულმა თანხამ $211 მილიარდი შეადგინა – 7%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით. კოლექტიურად, რეიტინგში შემავალმა პირებმა 2023 წელს ქველმოქმედებისთვის $25 მილიარდი გაიღეს. თუმცა, ქველმოქმედებასთან შედარებით, გასული წლის შემდეგ ბევრად მეტითაა გაზრდილი რეიტინგის წევრების კოლექტიური ქონება. ამჟამად მათი ქონება ჯამურად $1.35 ტრილიონს უტოლდება. წლიურ ჭრილში 44%-იანი მატება დიდწილად აშშ-ის აქციების ფასების მკვეთრი მატების დამსახურებაა.

ზედიზედ უკვე მეოთხედ, რეიტინგის სათავეში უორენ ბაფეტია – მთელი ცხოვრების განმავლობაში გაცემული $56.7 მილიარდით. კონგლომერატ Berkshire Hathaway-ის 93 წლის CEO, რომელმაც ასევე ყველაზე მეტი გაიღო 2023 წელს, თავისი სიმდიდრის მემკვიდრეებისთვის დატოვებას არ გეგმავს. მიუხედავად ამისა, მილიარდერს ამ ეტაპისთვის ქონების მხოლოდ 30% აქვს გაღებული, გამომდინარე იქიდან, რომ Berkshire Hathaway-ის აქციები მუდმივად იზრდება.

რეიტინგში შემავალ სხვა მილიარდერებთან შედარებით, ყველაზე სწრაფი ტემპით ქონებას მაქკენზი სკოტი გასცემს. დონორთა შორისაა არაკომერციული ორგანიზაციების ფართო სპექტრი როგორც ამერიკაში, ასევე მის გარეთაც, მათ შორის ბრაზილიასა და ინდოეთში. მხოლოდ 2023 წელს, სკოტმა, 360 არაკომერციულ ორგანიზაციას ჯამში $2.15 მილიარდი გადასცა. სკოტი სულ რაღაც ხუთი წელია, რაც ქველმოქმედთა რიგებში ირიცხება, თუმცა უკვე 1,954 ორგანიზაციას ჯამურად $16.6 მილიარდამდე შემოწირულება გადასცა.

უმსხვილეს ქველმოქმედთა რეიტინგს ახალწვეულებიც ჰყავს. მათ შორისაა ბარბარა პიკოვერი, JPB Foundation-ის დამფუძნებელი. მისი გარდაცვლილი ქმარი, ინვესტორი ჯეფრი პიკოვერი, „ბერნი მედოფის სქემის“ ყველაზე დიდი ბენეფიციარი იყო. 2010 წელს ბარბარამ დაზარალებულებს $7.2 მილიარდი დაუბრუნა, მას შემდეგ კი მილიარდობით დოლარს გასცემს საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ახალწვეულებს შორის ასევე არიან: Home Depot-ის თანადამფუძნებელი ბერნი მარკუსი და მისი მეუღლე ბილი; საკაბელო ტელევიზიის პიონერი ამოს ჰოსტეტერ უმცროსი და მისი მეუღლე ბარბარა, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი და მისი მეუღლე ვენდი.

ამერიკის 25 წამყვანი მილიარდერიდან, Giving Pledge-ის ინიციატივისთვის ხელი 13 მილიარდერს აქვს. Giving Pledge-ი, სიცოცხლის ბოლომდე ან გარდაცვალების შემდეგ, სიმდიდრის ნახევარზე მეტის ქველმოქმედებისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის ქონების ნახევარზე მეტი ქველმოქმედებისთვის მხოლოდ ჯორჯ სოროსს აქვს გაღებული, თუმცა ის ხელმომწერთა შორის არაა.

2024 წლის ტოპ-10 ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერი:

უორენ ბაფეტი: ქონების წმინდა ღირებულება – $131 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $56.7 მილიარდი (ქონების 30%);

2023 წელს გაცემული თანხა : $5.2 მილიარდი

93 წლის მილიარდერმა სიცოცხლის ბოლომდე, ან გარდაცვალებისას, ქონების 99%-ის გაღების პირობა დადო. Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი Giving Pledge-ის ხელმომწერთა შორისაა. 2006 წლიდან მოყოლებული, ბაფეტი ყოველწლიურად სწირავს კონგლომერატის აქციებს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდსა და მისი სამი შვილისა და გარდაცვლილი მეუღლის მიერ შექმნილ ფონდებს.

ბილ და მელინდა გეიტსები: $125 მილიარდი და $10.6 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $42.5 მილიარდი (ქონების 24%);

2023 წელს გაცემული თანხა : $4.1 მილიარდი

ბილ და მელინდა გეიტსები, განქორწინების მიუხედავად საქველმოქმედო ფონდს მართავენ. გასულ წელთან შედარებით, 2024 წლისთვის ფონდმა $300 მილიონით გაზარდა თავისი ბიუჯეტი. 2026 წლისთვის, ფონდის მიზანი წლიური დონაციის $9 მილიარდამდე გაზრდაა. მათივე ინიციატივითაა დაარსებული Giving Pledge-ი.

ჯორჯ სოროსი: $6.7 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $21 მილიარდი (ქონების 65%);

2023 წელს გაცემული თანხა : $2.6 მილიარდი

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში სოროსმა $32 მილიარდი დააბანდა „ღია საზოგადოების ფონდში“, რომელმაც 2022 წლის ბოლოსთვის $21 მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებისთვის. სოროსი ფოკუსირებულია ჯგუფებზე, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის განვითარებას, გამჭვირვალობასა და სიტყვის თავისუფლებას.

მაიკლ ბლუმბერგი: $96.3 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $17.4 მილიარდი (ქონების 15%);

2023 წელს გაცემული თანხა : $3 მილიარდი

ფინანსური მონაცემებისა და მედიაკომპანია Bloomberg LP-ის 82 წლის დამფუძნებელმა, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით $1.3 მილიარდით მეტი დახარჯა ქველმოქმედებაზე. ბლუმბერგი ფოკუსირებულია კლიმატურ კრიზისზე, ასევე ოთხი წლის განმავლობაში, $420 მილიონზე მეტი გამოყო 110 ქვეყანაში – მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში – თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად. „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, $44 მილიონი ბლუმბერგმა ისრაელის „წითელ ჯვარსაც“ გადასცა.

მაქკენზი სკოტი: $35.3 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $16.58 მილიარდი (ქონების 32%);

2023 წელს გაცემული თანხა : $2.15 მილიარდი

ყველაზე სწრაფი ტემპით ქონებას მაქკენზი სკოტი გასცემს. მხოლოდ 2023 წელს სკოტმა 360 არაკომერციულ ორგანიზაციას ჯამში $2.15 მილიარდი გადასცა. მილიარდერი მხარს უჭერს ქალთა დასაქმებისა და განათლების პროგრამებს, ასევე დააფინანსა გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაცია Just the Pill-ი, რომელიც აბორტის აბების მიწოდებას ფოსტის საშუალებით უზრუნველყოფს.

ჯიმ და მერილინ საიმონსები: $30.7 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $6.03 მილიარდი (ქონების 16%);

2023 წელს გაცემული თანხა : $830 მილიონი

2023 წლის ივნისში საიმონსები მომდევნო 7 წლის განმავლობაში $500 მილიონის გადაცემას დაჰპირდნენ ლონგ-აილენდში მდებარე ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ჯიმი მათემატიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ასევე $100 მილიონი გაიღეს კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი: $165 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $4.5 მილიარდი (ქონების 3%);

2023 წელს გაცემული თანხა : $600 მილიონი

Meta-ს თანადამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ გააფართოვეს თავიანთი სამეცნიერო ფილანთროპია და გასულ წელს ორი ახალი „ბიოჰაბი“ შექმნეს. ჰაბები უნივერსიტეტებს აკავშირებს, რომლებიც ადამიანის ქსოვილების ფუნქციონირებასა და იმუნურ უჯრედებს იკვლევენ – დაავადებათა ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

სტივ და კონი ბალმერები: $123 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $3.75 მილიარდი (ქონების 3%);

2023 წელს გაცემული თანხა : $850 მილიონი

Microsoft-ის ყოფილმა CEO-მ, მეუღლესთან ერთად, მომდევნო 7 წლის განმავლობაში, Strive Together-ისთვის $175 მილიონის გადაცემა დააანონსა. Strive Together-ი ოჰაიოში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სიღარიბეში მყოფი ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. გასულ წელს წყვილმა Communities in Schools-ისთვის $165 მილიონის გადაცემის პირობაც დადო.

ფილ და პენი ნაიტები: $42.5 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $3.6 მილიარდი (ქონების 7%);

2023 წელს გაცემული თანხა: $230 მილიონი

Nike-ის დამფუძნებელმა პორტლენდის შტატის შავკანიანი მოსახლეობის დასახმარებლად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, $400 მილიონის გაღების პირობა დადო. დაფინანსება მოიცავს საგანმანათლებლო სერვისებსა და ხელოვნების პროგრამებს.

ჯეფ ბეზოსი: $196 მილიარდი

ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა: $3.33 მილიარდი (ქონების 2%);

2023 წელს გაცემული თანხა : $540 მილიონი

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა, ჰავაის ხანძრის შემდეგ, $100-მილიონიანი „მაუის ფონდი“ შექმნეს. 2020 წელს შექმნილი, $10-მილიარდიანი Bezos Earth Fund-ი კი, კლიმატური კრიზისის წინააღმდეგაა მიმართული. უსახლკარო ოჯახების დასახმარებლად კი გასულ წელს Bezos Day 1-ის ფონდმა $117.5 მილიონი გაიღო.