2019 წელს, გარდაცვალების დროისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტინი, კერძო საკუთრებების, ინვესტიციებისა და $380 მილიონი ნაღდი ფულის ჩათვლით, ჯამში $578 მილიონის ქონებას ფლობდა. ეპსტინის სიმდიდრის დეტალური წარმომავლობა დღემდე საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა ამერიკულმა Forbes-მა, სასამართლო დოკუმენტების, საგამოძიებო მემორანდუმებისა და ფინანსური ჩანაწერების მიმოხილვაზე დაყრდნობით, ყოფილი ფინანსისტის მიერ ქონების შესაძლო დაგროვების სქემა წარმოადგინა. Forbes-ის ანგარიში, პირველ ყოვლისა, ეპსტინის ორ უმსხვილეს კლიენტსა და საგადასახადო თაღლითობას ეყრდნობა.
თითქმის ოცი წლის შემდეგ, ჯეფრი ეპსტინის საქმე, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის დაწყებული დაპირისპირების მიზეზით, კვლავ განხილვის საგნად იქცა. მასკი ამტკიცებდა, რომ ტრამპი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ეპსტინის საქმეში ფიგურირებდა და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ „ეპსტინის ფაილები“ ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. აღნიშნული ბრალდებების შემდეგ, აშშ-ის სენატმა ფაილების გასაჯაროებას დაუჭირა მხარი, რომლის მასალებშიც ეპსტინის კავშირები არაერთ გავლენიან პოლიტიკურ და ბიზნესფიგურასთან გადაიკვეთა, მათ შორის იყვნენ დონალდ ტრამპი, ბილ გეიტსი, ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი და ა.შ.
ამერიკული Forbes-ის ანგარიშით, ჯეფრი ეპსტინის უმსხვილესი ფინანსური კლიენტები Victoria’s Secret-ის CEO ლეს ვექსნერი ($9 მილიარდი) და კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა Apollo Global Management-ის თანადამფუძნებელი ლეონ ბლექი ($13.7 მილიარდი) იყვნენ. ბლექი და ვექსნერი, კოლექტიურად, ეპსტინის საკომისიო შემოსავლის დაახლოებით 75%-ს უზრუნველყოფდნენ. ამასთან ერთად, New York Times-ის მიერ მოპოვებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 1999 წლიდან 2018 წლამდე ეპსტინის ორმა მთავარმა ბიზნესმა — Financial Trust Company, Inc.-მა და Southern Trust Company, Inc.-მა — $800 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. აქედან მხოლოდ საკომისიოს სახით ეპსტინმა $490 მილიონი მიიღო, დარჩენილი თანხა კი ინვესტიციებიდან მიღებული მოგებიდან მოდიოდა.
ექსპერტის დასკვნის თანახმად, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული ეს ორგანიზაციები, 1999 წლიდან მის გარდაცვალებამდე, ეპსტინის ერთადერთი შემოსავლის მომტანი ბიზნესები იყო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ეპსტინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, არანაირი მტკიცებულება წარსულში მათ ერთობლივ ბიზნესსაქმიანობაზე არ არსებობს.
87 წლის ვექსნერი, ტანსაცმლის მწარმოებელი Limited-ის დამფუძნებელი, 1991-დან 2007 წლამდე ეპსტინის მთავარი კლიენტი იყო. ფინანსური საქმიანობისთვის ვექსნერმა ეპსტინს, სავარაუდოდ, $200 მილიონი გადაუხადა, 2012-დან 2017 წლამდე კი ბლექისგან ეპსტინმა დაახლოებით $170 მილიონი მიიღო.
ეპსტინმა თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ვირჯინიის კუნძულებზე არსებული დიდი საგადასახადო შეღავათებისა და მინიმალური გადასახადების წყალობით დააგროვა. ვირჯინიის კუნძულებზე ეპსტინი 1996 წელს დასახლდა და 1998 წელს ფინანსური საკონსულტაციო ფირმა Financial Trust Company დააარსა. იმავე წელს მან შეიძინა Little St. James Island-ი, რომელიც ეპსტინის სექსუალური ტრეფიკინგის ქსელში მონაწილეობის გამო, მოგვიანებით, „პედოფილების კუნძულის” სახელით გახდა ცნობილი. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, Financial Trust Company-სა და მისი შვილობილი კომპანიის, Southern Trust Company-ის მეშვეობით, ეპსტინმა 1999-2018 წლებში $300 მილიონის გადასახადები დაზოგა, ხოლო დივიდენდების სახით, სულ მცირე, $360 მილიონი გამოიმუშავა.
ვექსნერმა და ბლექმა ეპსტინთან კავშირის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადეს და განაცხადეს, რომ მისი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ვექსნერმა L Brands-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2020 წელს დატოვა და იმავე წელს გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ ეპსტინის დანაშაულების შესახებ რომ სცოდნოდა, მსგავს ადამიანთან პარტნიორობას არ გააგრძელებდა. 2021 წელს Apollo-ს CEO-ს პოსტი დატოვა ბლექმაც და მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.
ვექსნერმა ეპსტინი ქონების განკარგვაში დასახმარებლად დაიქირავა, 1991 წლისთვის კი თავის ფინანსებზე თითქმის სრული უფლებამოსილებაც მიანიჭა. გარდა იმ $200 მილიონისა, რომელიც, Forbes-ის შეფასებით, ფინანსისტმა ამ თანამშრომლობისთვის მიიღო, მან ვექსნერისგან სხვა მნიშვნელოვანი, არაფულადი შეღავათებიც მიიღო. მაგალითად, წლების განმავლობაში ეპსტინი ვექსნერის მანჰეტენის სახლში ცხოვრობდა და მისი კერძო თვითმფრინავით სარგებლობდა. პარტნიორობა 2007 წელს დასრულდა მას შემდეგ, რაც ეპსტინმა ვექსნერის, მინიმუმ, $46 მილიონი მიითვისა. ვექსნერთან პარტნიორობის დასრულებამ, როგორც ჩანს, ეპსტინს მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმაც მიაყენა. მაგალითად, თუ 2000 წლიდან 2006 წლამდე ეპსტინის ძირითადმა ბიზნესმა, Financial Trust Company-მ, $300 მილიონი გამოიმუშავა, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა მხოლოდ $5 მილიონი შეადგინა.
ამ ყველაფერს 2008 წლის ფინანსური კრიზისიც დაემატა. ეპსტინის Financial Trust-მა კლიენტებისა და ინვესტიციების დიდი რაოდენობა დაკარგა, რის შედეგადაც 2008-2012 წლებში $166 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა. 2008 წელს ეპსტინმა პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ორ საქმეში ბრალეულობაც აღიარა, რამაც მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა.
ჯეფრი ეპსტინის მეორე მთავარი ფინანსური მხარდამჭერი მილიარდერი ლეონ ბლექი იყო, რომელსაც ის 1990-იანი წლებიდან იცნობდა. Forbes-ის შეფასებით, 2013 წლიდან 2017 წლამდე ბლექმა ეპსტინს თავისი Southern Trust Company-ის მეშვეობით მინიმუმ $170 მილიონი გადაუხადა ქონების მენეჯმენტის, გადასახადების, აუდიტის, იახტებისა და საოჯახო ოფისების მართვის შესახებ კონსულტაციებისთვის. 1997 წლიდან 2007 წლამდე ეპსტინი Black Family Foundation-ის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.
2017 წელს ბლექმა $30.5 მილიონი ასესხა ეპსტინის კომპანია Plan D-ის, რომლის საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს, Gulfstream-ს, ფინანსისტი სავარაუდოდ ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ტრანსპორტირებისთვის იყენებდა. სესხები მოკლევადიანი იყო, თუმცა 2018 წლის დასაწყისში ბლექმა თანხის სრულად დაფარვა მოითხოვა. 2019 წელს, გარდაცვალებამდე, ეპსტინმა მხოლოდ $10 მილიონი დაფარა. ბლექის თქმით, მან ეპსტინთან ურთიერთობა 2018 წლის ოქტომბერში გაწყვიტა.
თუმცა ეპსტინის ფინანსური კლიენტების სია მხოლოდ ამ ორი პირით არ შემოიფარგლება. ის ასევე დაიქირავა Johnson & Johnson-ის მემკვიდრემ, ელიზაბეტ ჯონსონმა, ხოლო გლენ დუბინის ჰეჯ-ფონდმა, Highbridge Capital-მა, ეპსტინს ფირმის JPMorgan Chase-თან წარდგენისთვის $15 მილიონი გადაუხადა. ამ გარიგების წყალობით, JPMorgan Chase-მა 2004 წელს Highbridge-ის საკონტროლო პაკეტი $1.3 მილიარდად შეისყიდა. ეპსტინმა იმ წელს ყველაზე მეტი, $127 მილიონის შემოსავალი მიიღო. ბლექის ინფორმაციით, ეპსტინი ასევე მუშაობდა აშშ-ის ყოფილ ფინანსთა მდივანთან, სახელმწიფო მეთაურებთან, ნობელის პრემიის ლაურეატებთან და ცნობილ ფილანთროპებთან. როგორც ამბობდნენ, ეპსტინი მხოლოდ იმ პირებთან იჭერდა საქმიან ურთიერთობას, რომელთა ქონება სულ მცირე $1 მილიარდს შეადგენდა.
მდიდარი კლიენტების გარდა, ეპსტინმა ქონება აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე არსებული უზარმაზარი საგადასახადო შეღავათების გამოყენებითაც დააგროვა. პროგრამის ფარგლებში, რომელიც, მინიმუმ, ათ ადგილობრივ თანამშრომელსა და $100,000-ის ინვესტიციას მოითხოვდა, მისი ფინანსური ტრასტი (დამტკიცებული 1999–2014 წლებში) და „სამხრეთული ტრასტი” (დამტკიცებული 2013–2019 წლებში) მინიმალურ გადასახადებს იხდიდნენ. 1999-დან 2018 წლამდე მისმა ფირმებმა გადასახადების სახით მხოლოდ დაახლოებით $41 მილიონი გამოყვეს — დაახლოებით 4%-იანი ეფექტიანი განაკვეთით — რაც გაცილებით ნაკლებია აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების კორპორაციული საგადასახადო განაკვეთის 38.5%-იან მაქსიმუმზე.
ვირჯინიის კუნძულებმა ეპსტინის საგადასახადო შეღავათების ნაწილის აღდგენა სცადეს. 2020 წელს მიღწეული შეთანხმებით, მისი მემკვიდრეები ეკონომიკური განვითარების პროგრამით მიღებული შეღავათების დაბრუნებას დათანხმდნენ, დაახლოებით $80 მილიონის ოდენობით, რომელიც, მათი თქმით, „თაღლითურად იქნა მიღებული“. თუმცა ეპსტინის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 წლის შემდეგ, 2025 წლის 31 მარტის მონაცემებით, მისი მემკვიდრეების სახელზე კვლავ $131 მილიონამდე ქონება ირიცხება, მათ შორის $49 მილიონი ნაღდი ფულით. მათ გაყიდეს ეპსტინის საკუთრებაში არსებული ყველა ტიპის უძრავი ქონება, დაზარალებულებს $160 მილიონზე მეტი გადაუხადეს, $30 მილიონის სესხი დაფარეს და ვირჯინიის კუნძულებს $105 მილიონიც დაუბრუნეს.
ჯეფრი ეპსტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2005 წელს აღიძრა. მას შემდეგ, რაც ფლორიდის შტატის პოლიციამ ეპსტინს არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა. თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ფინანსისტი მხოლოდ პროსტიტუციის ერთ საქმეში ცნეს დამნაშავედ, რომელშიც არასრულწლოვნები არ ფიგურირებდნენ. რიგი სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, 2008 წელს ჯეფრი ეპსტინის ადვოკატებმა პროკურორებთან გარიგებას მიაღწიეს და ფინანსისტმაც ორ საქმეში ბრალეულობა აღიარა. ეპსტაინი ციხიდან 2009 წლის ივლისის დასაწყისში გაათავისუფლეს, ვადაზე ადრე, მხოლოდ 13-თვიანი პატიმრობის შემდეგ.
ამის მიუხედავად, 2019 წლის ივლისში ეპსტინი ნიუ-იორკში კვლავ დააკავეს. ამჯერად არასრულწლოვნებით სექს-ტრეფიკინგისა და შეთქმულების ფედერალური ბრალდებით, რომელიც დაკავშირებული იყო 2002-2005 წლებში „ათობით არასრულწლოვანი გოგონას“ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასთან. თუმცა ეპსტინი 2019 წლის აგვისტოში, სასამართლო პროცესამდე, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ოფიციალური დასკვნისა, რომ ეპსტინმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო, ჩანაწერებში არსებულმა უზუსტობებმა და საკნის ვიდეომასალების არარსებობამ შეთქმულების თეორიები გააჩინა.
ეპსტინის სიმდიდრისა და კლიენტების სრული სიის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია, თუმცა სენატის გამომძიებლების თქმით, ის შესაძლოა ძალიან მალე გამჟღავნდეს. 17 ივლისს სენატორმა რონ უაიდენმა განაცხადა, რომ სენატის ფინანსთა კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს ფაილები განიხილა, რომელიც ეპსტინის ანგარიშებზე, მათ შორის JPMorgan Chase-ში, Deutsche Bank-ში, Bank of New York Mellon-სა და Bank of America-ში 4,700-ზე მეტ ტრანზაქციას ითვლის, ჯამური ღირებულებით $1.9 მილიარდისას.















