Forbes: სპორტსმენები, რომელთაგან თითოეულმა $1 მილიარდზე მეტის გამომუშავება შეძლო

Forbes: სპორტსმენები, რომელთაგან თითოეულმა $1 მილიარდზე მეტის გამომუშავება შეძლო

Forbes-მა იმ სპორტსმენების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეულმა 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის გამომუშავება შეძლო. მათ შორის ორი ფეხბურთელი, NBA-ის ვარსკვლავი, ჩოგბურთელი, გოლფის მოთამაშე და მოკრივე არიან. გამოცემის დათვლებით, ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ექვსმა სპორტსმენმა, მოცემულ დრომდე, საერთო ჯამში 7.44 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ტაიგერ ვუდსი – $1.72 მილიარდი

ჩამონათვალში პირველ ადგილს 1.72 მილიარდი აშშ დოლარით გოლფის 46 წლის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი იკავებს. ის კარიერის პიკზე ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა. ამის წყალობით, ვუდსი Forbes-ის ყოველწლიურ სიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენებს ეთმობა, ათწლეულის განმავლობაში ლიდერის პოზიციას იკავებდა.

კრიშტიანუ რონალდუ – $1.24 მილიარდი

1.24 მილიარდი აშშ დოლარით მეორე პოზიციაზე პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეა. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს სოციალური მედიის პლატფორმებზე 690 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც ფეხბურთელს სპონსორებისგან, მათ შორის Nike-ისგან, Herbalife-ისა და Clear-ისგან, უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ რონალდუ რესტორნების ქსელ Tatel-ისა და საფეხბურთო საზოგადოების აპლიკაცია ZujuGP-ის ინვესტორია. გარდა ამისა, ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ პრემიუმ ხელფასს იღებს.

ლებრონ ჯეიმსი – $1.16 მილიარდი

მესამე ადგილს 1.16 მილიარდი აშშ დოლარით NBA-ის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი იკავებს. კალათბურთელს Nike-თან უვადო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის ღირებულება კი 41.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, 37 წლის სპორტსმენმა ოქტომბერში კომპანია SpringHill-ის მნიშვნელოვანი წილი 725 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის პარალელურად, შეიძინა წილები რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის ფიტნეს ფირმა Tonal-ში. ამან მისი ქონების წმინდა ღირებულების 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას შეუწყო ხელი.

ლიონელ მესი – $1.15 მილიარდი

Forbes-ის სიაში მეოთხე პოზიციაზე 1.15 მილიარდი აშშ დოლარით არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელიც ამჟამად ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფორვარდი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსს ბოლო 12 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის აგვისტოში „ბარსელონიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ მისი ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირდა. შეგახსენებთ, მესიმ მარტში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ფან-ტოკენის პლატფორმა Socios.com-თან. ის ასევე აგრძელებს გრძელვადიან თანამშრომლობას Adidas-თან, Budweiser-თან, PepsiCo-სთან და Hard Rock International-თან.

როჯერ ფედერერი – $1.09 მილიარდი

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი ჩამონათვალში $1.09 მილიარდით მეხუთე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ივლისის „უიმბლდონის“ შემდეგ ტურნირებზე აღარ უთამაშია, 40 წლის ფედერერმა, ბოლო 12 თვის განმავლობაში, სათამაშო სივრცის მიღმა გამოიმუშავა იმაზე მეტი თანხა ($90 მილიონი), ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სპორტსმენმა. ის არის Rolex-ისა და Uniqlo-ს პარტნიორი, ასევე საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ფეხსაცმლის მზარდ ბრენდ On-ში.

ფლოიდ მეივეზერი – $1,08 მილიარდი

ჩამონათვალის ბოლო, მე-6 პოზიციას 1.08 მილიარდი აშშ დოლარით მოკრივე ფლოიდ მეივეზერი სჯერდება. 2018 წელს ამ უკანასკნელმა სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო, როდესაც კონორ მაკგრეგორთან ბრძოლიდან საპრიზო თანხა, 275 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისმა გადაწყვეტილებამ ბრძოლებისთვის საკუთარი სარეკლამო კომპანია დაეფუძნებინა, სპორტსმენს კრივის ისტორიაში ოთხი ყველაზე მოგებიანი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *