Forbes: სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების 2022 წლის რეიტინგი

Forbes: სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების 2022 წლის რეიტინგი

უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გავლენა Forbes-ის სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების 2022 წლის რეიტინგზეც იქონია. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში პირველად, რომან აბრამოვიჩი Forbes-ის მიერ შედგენილ ათეულში ვერ მოხვდა.

რუსმა ოლიგარქმა 2003 წელს $190 მილიონად შეძენილი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვისა და შემოსავლის ქველმოქმედებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ მილიარდერს კლუბი ჩამოართვა და ამჟამად გაყიდვის პროცესი მთავრობის მიერ იმართება. საბოლოოდ, სანქციების შედეგად, აბრამოვიჩის ქონება იანვრის $15 მილიარდიდან, Forbes-ის შეფასებით, $6.9 მილიარდამდე შემცირდა. რაც შეეხება „ჩელსის“, მისი ღირებულება, ბოლო მონაცემებით, $3 მილიარდად იყო შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩი ერთადერთი დაზარალებული სულაც არ აღმოჩნდა. ყოვლისმომცველი ინფლაციისა და არასტაბილური ბაზრის შედეგად დენიელ გილბერტისა ($22 მილიარდი) და მასაიოში სონის ($21.3 მილიარდი) ქონება განახევრდა. სამაგიეროდ, Microsoft-ის აქციების მზარდი ფასების წყალობით, კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქონება 33%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2022 წლის რეიტინგში სტივ ბალმერმა ($91.4 მილიარდი) ინდოელი მუკეშ ამბანი ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების ათეულის კოლექტიური ქონების ღირებულება მიმდინარე წელს მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა და $353 მილიარდი შეადგინა. სპორტული სამყაროს მომავალიც პოზიტიურია, რასაც კრიპტოკომპანიების, აზარტული თამაშების ოპერატორებისა და სპორტული მონაცემების პროვაიდერების შემოსავლების ნაკადი განაპირობებს. ახალი შემოსავლების წყალობით, სპორტული სამყაროს აღდგენის პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.

წარმოგიდგენთ სპორტული გუნდების უმდიდრეს მფლობელთა ათეულს:

  1. სტივ ბალმერი

საკალათბურთო გუნდი: Los Angeles Clippers

შემოსავლის წყარო: Microsoft

წმინდა ქონება: $91.4 მილიარდი (1-წლიანი ცვლილება: +33%)

  1. მუკეშ ამბანი

კრიკეტის გუნდი: Mumbai Indians

შემოსავლის წყარო: დივერსიფიცირებული. Reliance Industries-ის მფლობელი.

წმინდა ქონება: $90.7 მილიარდი (+7%)

  1. ფრანსუა პინო

საფეხბურთო კლუბი: Stade Rennais FC

შემოსავლის წყარო: ფუფუნების ნივთების ბიზნესი, Kering-ის დამფუძნებელი

წმინდა ქონება: $40.4 მილიარდი (-4%)

  1. დიტრიხ მატეშიცი

გუნდები: New York Red Bulls, Red Bull Racing, RB Leipzig

შემოსავლის წყარო: Red Bull

წმინდა ქონება: $27.4 მილიარდი (+2%)

  1. დენიელ გილბერტი

საკალათბურთო გუნდი: Cleveland Cavaliers

შემოსავლის წყარო: Quicken Loans/Rocket Companies

წმინდა ქონება: $22 მილიარდი (-58%)

  1. მასაიოში სონი

ბეისბოლის გუნდი: Fukuoka SoftBank Hawks

შემოსავლის წყარო: ინტერნეტი, ტელეკომი.

წმინდა ქონება: $21.3 მილიარდი (-53%)

  1. სტივ კოენი

ბეისბოლის გუნდი: New York Mets

შემოსავლის წყარო: ჰეჯ-ფონდები

წმინდა ქონება: $17.4 მილიარდი (+9%)

  1. დევიდ ტეპერი

ამერიკული ფეხბურთის გუნდი: Carolina Panthers

შემოსავლის წყარო: ჰეჯ-ფონდები

წმინდა ქონება: $16.7 მილიარდი (+15%)

  1. რობერტ პერა

საკალათბურთო გუნდი: Memphis Grizzlies

შემოსავლის წყარო: უკაბელო ქსელების აღჭურვილობა

წმინდა ქონება: $14.6 მილიარდი (-20%)

  1. ფილიპ ანშუცი

ჰოკეის გუნდი: Los Angeles Kings. საფეხბურთო კლუბი: LA Galaxy

შემოსავლის წყარო: ინვესტიციები

წმინდა ქონება: $10.9 მილიარდი (+8%)