Forbes: ტრამპი მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა

Forbes: ტრამპი მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა

დონალდ ტრამპის ფინანსების დაანგარიშებისას, აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი – ბიტკოინია. განსაკუთრებით კი – ბოლო წლებში. მართალია, რეალურად კრიპტოვალუტა მთავრობისთვის წარდგენილ არცერთ ფინანსურ დეკლარაციაში არ იძებნება და, მათ შორის, არც ტრამპის ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულ აქტივებს შორისაა, სინამდვილეში თეთრი სახლის ხელმძღვანელი დაახლოებით $870 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს, რაც მას ბიტკოინის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად აქცევს.

კრიპტოში ინვესტიციას ტრამპი მის მიერვე დაარსებული კომპანიის, Trump Media and Technology Group-ის საშუალებით ახორციელებს. კომპანია Nasdaq-ზეა დალისტული, თუმცა მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ $4 მილიონზე ნაკლებია. ამ წლის დასაწყისში ტრამპის კომპანიამ კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და კრიპტოვალუტაზე გადაერთო. მაისში Trump Media-მ სესხის სახით $2.3 მილიარდი მოიზიდა და აქედან $2 მილიარდი, მოგვიანებით, ბიტკოინის შესაძენად გამოიყენა.

აქციების გაყიდვის გამო, ტრამპის წილი Trump Media and Technology Group-ში 52%-დან 42%-მდე შემცირდა. თუმცა ივლისის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება 6%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის $2.1 მილიარდის ბიტკოინის აქტივების ღირებულება გაიზარდა. ტრამპის 41%-იანი წილი აქედან დაახლოებით $870 მილიონის ღირებულებისაა.

როგორც ჩანს, ტრამპზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ახლა მხოლოდ რამდენიმე სხვა მილიარდერი თუ ფლობს. მათ შორის არიან ამერიკელი ტყუპები, კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები, რომელთაც $8 მილიარდზე მეტის კრიპტოვალუტა ჰქონდათ. MicroStrategy-ში დაახლოებით 7%-იანი წილის საშუალებით, $5 მილიარდის ბიტკოინს ფლობს მაიკლ სეილორი. ცნობისთვის, სეილორი, რომელიც  ბიტკოინის ხაზინის სტრატეგიის შემქმნელად მოიაზრება, დამოუკიდებლად დამატებით $2.2 მილიარდის ბიტკოინს ფლობს.

მათთან ერთად კრიპტოვალუტის უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა ტიმ დრეიპერი, რომელმაც 2014 წელს, Silk Road-ისთვის ჩამორთმეული ბიტკოინები სამთავრობო აუქციონზე შეისყიდა. ამჟამად ამ კრიპტოვალუტის ღირებულება $3.5 მილიარდს აღწევს. კრიპტოს კიდევ ერთი მსხვილი ინვესტორია მეთიუ როზაკი, რომელიც, სავარაუდოდ, $1 მილიარდზე მეტის ღირებულების ბიტკოინს ფლობს.

საინტერესოა, რომ მათ რიგებში ახლა ირიცხება პრეზიდენტი ტრამპიც, რომელიც 2019 წელს ბიტკოინს „ჰაერზე დაფუძნებულს“ უწოდებდა და არარეგულირებად კრიპტოაქტივებს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობების ხელშემწყობად ასახელებდა. თუმცა ტრამპის მიდგომა და დამოკიდებულება 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შეიცვალა. ამ დროს ტრამპმა თავის სამ ვაჟთან ერთად World Liberty დააარსა. ამ უკანასკნელმა ტრამპის ქონებას $1 მილიარდზე მეტი შემატა.

ამჟამად ამერიკული გამოცემა Forbes-ი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ქონებას $7.1 მილიარდად აფასებს. მაისში მისმა ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $8.1 მილიარდს გადააჭარბა. საერთო ჯამში, 2024 წელს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ქონება $3.6 მილიარდით გაიზარდა. ტრამპის ქონების დიდი ნაწილი მის მიერვე დაფუძნებულ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე მოდის, რომლის მფლობელი კომპანია Trump Media & Technology Group-ია. Trump Media საჯაროდ 2024 წლის მარტში დაილისტა და ახლა მისი საბაზრო ღირებულება $4.51 მილიარდს აღწევს.