Forbes: ცნობილი სახეები, რომელთა კარიერამაც 2023 წელს კრახი განიცადა

Forbes: ცნობილი სახეები, რომელთა კარიერამაც 2023 წელს კრახი განიცადა

2023 წელი ეკონომიკური გაურკვევლობებით, ინვესტორთა მიერ მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან თანამშრომელთა გათავისუფლებების რიგი რაუნდებით ხასიათდებოდა. ამასთან ერთად, 2023 წელს ვიხილეთ ცნობილი ადამიანების კარიერული კრახისა და რეპუტაციის შესუსტების არაერთი ფაქტი, რაც უშუალოდ პირადმა მიზეზებმა გამოიწვია – სიძულვილის ენის გამოყენებით დაწყებული, თაღლითობაში დადანაშაულებით დასრულებული.

ამერიკულმა Forbes-მა სწორედ იმ ცნობილი სახეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა კარიერამაც 2023 წელს მნიშვნელოვანი კრახი განიცადა. შესამჩნევია, რომ სიას რამდენიმე ნაცნობი სახელი აკლია: მათ შორის FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი, რომელიც გასულ თვეს თაღლითობისა და შეთქმულების ბრალდებით დამნაშავედ ცნეს. საქმე ისაა, რომ ბენკმენ-ფრინი Forbes-ის იმავე სიაში გასულ წელს, მისი კომპანიის დაშლის შემდეგ, უკვე მოხვდა. გასული წლის სიაში ვიხილეთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკიც, რომელიც წელსაც გამოირჩეოდა ხელმძღვანელობის ცუდი მაგალითებით, მათ შორის პერსონალის თვითნებური შემცირებებით.

გრეგ ბეკერი, SVB Financial Group-ის ყოფილი პრეზიდენტი და CEO
ფოტო: Patrick T. Fallon / AFP

პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიური ინდუსტრია გაიზარდა, SVB-ის კლიენტებმა კი ბანკში მილიარდობით ამერიკული აშშ დოლარის ღირებულების დეპოზიტების შეტანა დაიწყეს. თუმცა, ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, SVB-ის ინვესტიციების ღირებულებაც შემცირდა. კლიენტებმა თანხების მასობრივი გატანა დაიწყეს, SVB-ი სახელმწიფო ფინანსური მარეგულირებლის მიერ დაიხურა და უდიდესი ბანკიც გახდა, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კოლაფსი განიცადა.

გრეგ ბეკერმა, რომელიც Silicon Valley Bank-ის აღმასრულებელ დირექტორად 2011 წელს დაინიშნა, ბანკის კოლაფსის მიზეზად მრავალი ფაქტორი დაასახელა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, აპრილში თანამდებობიდან გადადგა და სენატის საბანკო კომიტეტთან ბოლო 15 წელში შექმნილი ყველაზე მძიმე საბანკო კრიზისისთვის ბოდიშიც მოიხადა.

ჩანპენ ჟაო, Binance-ის ყოფილი CEO
ფოტო: Ben McShane

ნოემბერში Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანპენ ჟაომ ფულის გათეთრებასა და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში თავი დამნაშავედ ცნო და კომპანია დატოვა. მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას აშშ-ის ბაზრიდან იძულებით გასვლა მოუწია და $4 მილიარდამდე ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. ამასთან ერთად კი, სასამართლომ $150 მილიონის სამოქალაქო ფულადი ჯარიმა პირადად ჟაოს, ხოლო დამატებით $2.7 მილიარდი Binance-ს დააკისრა. სასამართლომ დააკმაყოფილა სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის მოთხოვნა, რომელიც კრიპტობირჟას მომხმარებლებისთვის არარეგისტრირებული კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის შეთავაზებაში ადანაშაულებდა.

ჩარლი ჯევისი, Frank-ის დამფუძნებელი
ფოტო: Yuki Iwamura/Bloomberg

2019 წელს ჯავისმა მის მიერ დაარსებულ სტარტაპ Frank-ისთვის $16 მილიარდამდე მოიზიდა – სტარტაპისთვის, რომელიც სტუდენტებს ფინანსური დახმარების მიღებაში დაეხმარებოდა. 2021 წელს ჯავისმა Frank-ი, რომელსაც მაშინ, მისივე განცხადებით, 4.25 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, JPMorgan Chase-ზე $175 მილიონად გაყიდა. აღმოჩნდა, რომ სტარტაპის მომხმარებელთა რეალური რაოდენობა ახლოსაც არ იყო დამფუძნებლის მიერ დასახელებულ რიცხვთან. ამ ყველაფრის შემდეგ ჩარლის თაღლითობასა და კომპანიის არასწორ შეფასებასთან დაკავშირებით ბრალდება წარუდგინეს.

კრის ლიხტი, CNN-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
ფოტო: Mike Coppola/Getty Images for CNN

კრის ლიხტი CNN-ის აღმსრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გასულ წელს, Discovery-ისა და WarnerMedia-ს გაერთიანების შემდეგ დაინიშნა. მიუხედავად დაპირებების რიგი სერიისა, ლიხტის დანიშვნიდან მალევე რეიტინგებმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ამას დაერთო დონ ლემონის სკანდალი და ინტერვიუ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. დანიშვნიდან სულ რაღაც 15 თვეში, ლიხტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ლიზ მაგილი, „პენსილვანიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი
ფოტო: Kevin Dietsch/Getty Images

ლიზ მაგილის „პენსილვანიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა ანტისემიტიზმს უკავშირდება. კერძოდ, მაგილმა, რომელიც კონგრესის წინაშე წარდგა, თავი აარიდა შეკითხვას – უნდა დაისაჯონ თუ არა სტუდენტები, რომლებიც ებრაელების გენოციდის მოწოდებით გამოდიან. გადადგომისკენ მაგილს პენსილვანიის გუბერნატორმაც მოუწოდა.

კევინ მაკარტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი

კევინ მაქკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მე-15 ცდაზე აირჩიეს, თუმცა მალევე ის ისტორიაში პირველი სპიკერი გახდა, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. მაქკარტის გადაყენების ინიციატივით მისივე თანაპარტიელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. რესპუბლიკელები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან მაქკარტი კომპრომისზე წავიდა დემოკრატებთან, 45-დღიანი ბიუჯეტის მიღებას მხარი დაუჭირა, ამასთან ერთად კი, მათ ყოფილი სპიკერი უკრაინის დასახმარებლად ბაიდენთან საიდუმლო გარიგებაშიც დაადანაშაულეს.

OpenAI-ს დირექტორთა საბჭო
ფოტო: Lionel BONAVENTURE / AFP

ნოემბერში OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ სემ ოლტმენი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა რამდენიმე დღეში ოლტმენი თანამდებობაზე აღადგინეს, მასთან ერთად კი ფირმაში დაბრუნდა გრეგ ბროკმანიც, OpenAI-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ოლტმენის სოლიდარობის ნიშნად დატოვა. ოლტმენის დაბრუნების შემდეგ ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიაში ახალი საბჭოც დანიშნეს ბრედ ტეილორის თავმჯდომარეობით.

მარკ ტესიე-ლავინი, „სტენფორდის უნივერსიტეტის“ ყოფილი პრეზიდენტი
ფოტო: WILL RAGOZZINO/Patrick McMullan via Getty Images

მარკ ტესიე-ლავინი „სტენფორდის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან ივლისში, მისივე ავტორობით გამოცემულ კვლევებში შეცდომების აღმოჩენის შემდეგ გადადგა. ამასთან ერთად კი რამდენიმე ათწლეულის წინანდელ კვლევით ნაშრომებზე მუშაობაც შეაჩერა. მიუხედავად ხარვეზებისა, მეცნიერის განცხადებით, მას შეცდომები განგებ არ დაუშვია და წარდგენამდე ყოველთვის დარწმუნებული იყო მის სიზუსტეში. მიუხედავად ამისა, მან აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ხარვეზები მისი ლაბორატორიის წევრების მიერ ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში.

ჯორჯ სანტოსი, ყოფილი კონგრესმენი
ფოტო: Al Drago/Bloomberg

სანტოსი, რომელსაც ჯამში შესაძლოა 23 მუხლით წაუყენონ ფედერალური ბრალდება, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან გადააყენეს. სანტოსს ედავებიან როგორც რეზიუმეს ნაწილობრივ გაყალბებას, განათლებიდან დაწყებული, გამოცდილებით დასრულებული, ასევე უძრავი ქონების საკუთრების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. გარდა ამისა, ყოფილ კონგრესმენს შემოწირულებების საკუთარი მიზნებისთვის დახარჯვაშიც სდებენ ბრალს.

ბობ მენენდეზი, ამერიკელი სენატორი
ფოტო: Mariam Zuhaib

ნიუ-ჯერსის სენატორს სექტემბერში ბრალი ფედერალური კორუფციის ბრალდებით წაუყენეს. ბრალდების მიხედვით, მენენდეზი და მისი მეუღლე, ეგვიპტის მთავრობისა და ნიუ-ჯერსის ბიზნესმენების სასარგებლოდ, მექრთამეობის სქემაში მონაწილეობდნენ. ბრალდებების მიუხედავად, სენატორმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე უარი განაცხადა. სახლისა და სეიფის ჩხრეკისას გამომძიებლებმა $550,000-ის დამალული ნაღდი ფული და $100,000-ზე მეტის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს.