Forbes Women Conference 2026 – ახალი ეპოქა, ახალი სტრატეგია

Forbes Women Conference 2026 – ახალი ეპოქა, ახალი სტრატეგია

7 მარტს „ღვინის ქარხნის“ ისტორიულ სივრცე „საძველეში“ Forbes Women Conference 2026 გაიმართა. ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ქალი ლიდერების გაძლიერებასა და მათი გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება, წელს ერთი მთავარი იდეის გარშემო იყო აგებული: Lead Like Yourself — მართე საკუთარი ხელწერით.

კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო ლიდერობა, რომელიც არ ეფუძნება სტანდარტულ მოდელებს, არამედ პიროვნულ ხედვას, გამოცდილებასა და უნიკალურ ძლიერ მხარეებს.

საღამო სტუმრების მიღებითა და ნეთვორქინგით დაიწყო, რის შემდეგაც მონაწილეები სხვადასხვა ფორმატში გამართულ სესიებს შეუერთდნენ: ვორქშოპს, დინამიკურ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიას. ღონისძიება Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორმა ანინა ტეფნაძემ გახსნა.

“Forbes Women Conference-ის მთავარი იდეა წელს არის ლიდერობა, რომელიც საკუთარი ძალისა და პოტენციალის გააზრებით იწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ სივრცე, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, სადაც ქალი ლიდერები შეძლებენ აზრების გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას და იმ შთაგონების პოვნას, რომელიც მათ პროფესიულ თუ პირად განვითარებაში დაეხმარებათ,“ — აღნიშნა ანინა ტეფნაძემ.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ UN Women-ის ვორქშოპს, რომლის ფარგლებშიც ქეთი შუბლაშვილმა და ელენე გაბელაიამ დასაქმებული ქალების ყოველდღიურობის შესახებ ისაუბრეს. დისკუსია ასევე შეეხო საქართველოში დროის გამოყენების კვლევასა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლების მხარდასაჭერად გადადგან. 

Startup Büro-სთან თანამშრომლობით შექმნილი PechaKucha Night Stage, რომლის მოდერატორიც ნინი ჯიშიაშვილი იყო, დინამიკურ პრეზენტაციებს დაეთმო. 

PechaKucha ამბის თხრობის იაპონური ფორმატია: თითოეული სპიკერი პრეზენტაციას 20 სლაიდით წარმოადგენს და თითოეული სლაიდისათვის მხოლოდ 20 წამია გამოყოფილი. შედეგად, გამოსვლები მოკლე, ენერგიული და შინაარსით დატვირთულია.

ამ სცენაზე საკუთარი პროფესიული გამოცდილება და პირადი ისტორიები გააზიარეს სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ქალებმა:

  • ჯინო დოლინი — აღმასრულებელი დირექტორი, Terminal
  • მაკა მახათაძე — თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, IT Academy STEP
  • თამთა ჯაფარაშვილი — ხელმძღვანელი, გამომცემელი | Forbes Under 30, Palitra / Blue Ocean
  • სოფო გვანცელაძე — შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი, Crocobet | Croco Squad
  • გოგუცა გელაშვილი — პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი, TBC
  • ნანკა კიკალია — დამფუძნებელი, The Dairy | Marketing Hub
  • ირინა ჯანდიერი — თანადამფუძნებელი, Club Tavsatekhi | Team Member, Telavi Mission
  • ნათია გიორგაძე — ასოცირებული პროფესორი, International Black Sea University (IBSU), MIT-ის ანტრეპრენერული განათლების პროგრამის მონაწილე, MIT GLEEN-ის წევრი

კონფერენციის მთავარი პანელური დისკუსია Forbes Women Stage-ზე გაიმართა და მას Axel – Georgian Angel Investor Network-ის აღმასრულებელი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი უძღვებოდა.

პანელში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს ლიდერები: „სულაკაურის გამომცემლობის“ თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი თინა მამულაშვილი, ნეირომეცნიერების მკვლევარი და NeuroLeadership Institute-ის სერტიფიცირებული ქოუჩი ნუცა კოღუაშვილი, Liberty-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი თამარ მეგრელიშვილი, Tegeta Holding-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ის ასოცირებული პროფესორი და MIT-ის ანტრეპრენერული განათლების პროგრამის მონაწილე ნათია ჯიბლაძე.

დისკუსია სპიკერების პროფესიული გზის მნიშვნელოვან ეტაპებსა და იმ გამოცდილებას შეეხო, რომელმაც მათი ლიდერობის სტილი ჩამოაყალიბა. მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ შინაგან პროცესებზე და აღნიშნეს, რომ ლიდერობის ინდივიდუალური სტილი ხშირად კულტურული კონტექსტისა და პიროვნული თვისებების ნაზავია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნარებს, რომელთა მნიშვნელობაც თანამედროვე სამყაროში სწრაფად იზრდება: თანამშრომლობას, ემპათიასა და გამბედაობას. 

Forbes Women Conference 2026-ის საღამო ტრადიციულად ნეთვორქინგითა და არაფორმალური შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპიკერებთან და ერთმანეთთან საუბარი უფრო თავისუფალ გარემოში გაეგრძელებინათ.

ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პარტნიორებმა: თეგეტა მოტორსი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU, UNDP, UN Women, საძველე, VINOTELLS, Eventer Construction, არტინსენტი, IT აკადემია STEP, ლურჯი ოკეანე და M4EG.

Forbes Women Conference უკვე რამდენიმე წელია იქცა პლატფორმად, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი ლიდერები და ახალგაზრდა პროფესიონალები ერთმანეთს ხვდებიან. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და ერთმანეთთან აახლოებს ადამიანებს, რომლებიც ბიზნეს-გარემოს ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, 

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი