ისტორიაში პირველად, Ford Motor-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ ნიშნულს – $100 მილიარდს გადააჭარბა. ავტომწარმოებლის აქციების ღირებულება გასულ კვირას 5,7%-ით გაიზარდა და ბოლო 20 წლის მაქსიმუმს, $25,87 მიაღწია.
Ford Motor-ის აქციების ზრდას მნიშვნელოვანწილად ელექტრომობილების წარმოების გაფართოება განაპირობებს. Ford+-ის გეგმის ფარგლებში, რომელსაც კომპანიის CEO ჯიმ ფარლი ხელმძღვანელობს, Mustang Mach-E კროსოვერი და F-150 პიკაპის ელექტროვერსია მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვა. ამჟამად Ford Motor-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მისი კონკურენტი ავტომწარმოებლების, General Motors-ისა ($90 მილიარდი) და Rivian Automotive-ის ($72 მილიარდი) ღირებულებას აღემატება და აგრძელებს Tesla-ს გზას, რომლის საბაზრო კაპიტალიც უკვე $1 ტრილიონს გასცდა.
ავტომწარმოებლის აქციების ფასებმა მნიშვნელოვანი ზრდა მას შემდგომ დაიწყო, რაც 15 თვის წინ Ford Motor-ის აღმასრულებელ დირექტორად ჯიმ ფარლი დაინიშნა. ფარლიმ დააჩქარა Ford-ის გადასვლა ელექტრო და ავტონომიური მანქანების წარმოებაზე და პირობა დადო, რომ 2024 წლისთვის კომპანია წლიურად 600,000 EV-ს აწარმოებს, რომლის დიდ ნაწილსაც ტენესისა და კენტუკის შტატებში აშენებული აკუმულატორებისა და საამწყობო ქარხნები უზრუნველყოფს. ფარლი ინვესტორების დაინტერესებაზეც საუბრობს და გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის, თუმცა დასძენს, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.