ფონი: Ezz Gaber Photography
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წარმოქმნილ საპროტესტო ტალღას, ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმამ უფრო ძლიერი მუხტი შესძინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში უწყვეტი აქციები დაიწყო, რომლებმაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.
ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა საპოლიციო ძალებმა აქციები ძალადობრივი მეთოდებით არაერთხელ დაარბიეს, რა დროსაც დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაშავდნენ. აქციების დაშლისას ასობით მოქალაქე დააკავეს, რომელთა ნაწილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
სამართალდამრღვევებად ქცეული სამართალდამცველების ძალადობრივმა ქმედებებმა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების გულგრილობამ ქუჩაში უფრო მეტი ხალხი გამოიყვანა. შექმნილ ვითარებაში კი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბიზნესები მოექცნენ – სექტორი, რომელზეც ქვეყნის ბიუჯეტი დგას და რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს პარტიების (განსაკუთრებით, მმართველი პარტიის) დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
მოქალაქეებთან ერთად პროტესტს არაერთი ბიზნესკომპანია შეუერთდა, რომლებმაც მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა და დემონსტრანტებზე ძალადობა დაგმო. ამ განცხადებების ნაწილს მედიამ თავი მოუყარა, თუმცა იმისთვის, რომ „ამბოხებული“ ბიზნესების ხმა არ დაკარგულიყო და ნებისმიერ დროს შეგვძლებოდა გაგვეგო, თუ სად იდგა ესა თუ ის კომპანია ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო პერიოდში, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა პლატფორმა Freebusiness.ge შექმნა.
„ახალი თაობის მომხმარებლისთვის მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ხარისხიან სერვისს, პროდუქტს სთავაზობ. ისინი ხშირად უცხადებენ ბოიკოტს კომპანიებს, იმის გამო, თუ რა ღირებულებებზე დგანან“, – აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი და დასძენს, რომ სწორედ აქედან წამოვიდა თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შექმნის იდეა. მისივე თქმით, პლატფორმა თავს უყრის კომპანიებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან.
ბიზნესსაზოგადოება კი დღეს თანხმდება იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეესკალაციაა, რადგან ქვეყანაში არსებული ვითარება მალე აისახება ეკონომიკურ კრიზისში, მათ შორის ლარის გაუფასურებაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესებაში.
დეესკალაციის გზად ბიზნესების დიდი ნაწილი ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიიჩნევს. მეორე გამოკვეთილი მოთხოვნა, რაც ბიზნესკომპანიების საჯარო განცხადებებში ჟღერდება არის პროტესტის მონაწილეებზე მოძალადეთა მხილება და მათი გასამართლება, ასევე აქციების დროს არასამართლიანად დაკავებული და ნაცემი ადამიანების გათავისუფლება.
როგორც გიორგი აღნიშნავს, სწორედ კომპანიების განცხადებების გადააზრების შემდეგ ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მოთხოვნა, რომლებიც, მისი თქმით, დაბალანსებული და აპოლიტიკურია. ის ორიენტირებულია მიზანზე, რომელიც ქვეყანაში ვითარების დასამშვიდებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენაა მიმართული. Freebusiness.ge-ზე, თავისუფალი ბიზნესების განცხადებაში ვკითხულობთ:
არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია. მათ შორის, მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, კომპანიას აქვს საშუალება მიუთითოს, რომ აზრს არ აფიქსირებს ან წარმოდგენილი განცხადების წინააღმდეგია.
პლატფორმა ორი ნაწილისგან შედგება. ერთგან კომპანიები თვითონვე ითხოვენ განცხადებასთან შეერთებასა და პოზიციის დაფიქსირებას. შემდეგ გადიან ვერიფიკაციის პროცესს, რათა დადასტურდეს, რომ მოთხოვნა უფლებამოსილი პირისგან მოდის.
მეორე ფუნქციონალის დახმარებით ხალხს შეუძლია, გამოხატოს ინტერესი, თუ რომელი კომპანიის პოზიციის დაფიქსირებას ისურვებდა. ამის შემდეგ ეს კომპანია წყვეტს, რა პოზიცია დააფიქსიროს ან უბრალოდ უარს ამბობს და გაჩუმებას არჩევს.
„მინდოდა, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის დისკუსია წარმოშობილიყო. დარწმუნებული ვარ, კომპანიის შიგნითაც იქნება დისკუსიები. ამ დროისთვის დაახლოებით 10,000-მა ადამიანმა მოითხოვა კონკრეტული ბიზნესების მიერ პოზიციის დაფიქსირება“, – გვეუბნება გიორგი. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ის ბიზნესებია, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს საერთოდ არ გამოხმაურებიან.
მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ბიზნესების ნაწილი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, პლატფორმაზე აქტივობა შესამჩნევად მაღალია. Freebusiness.ge, იდეის დაბადებიდან – გაშვებამდე, 24 საათში შეიქმნა. პლატფორმა 15 დეკემბერს ამოქმედდა და მასზე განთავსებულ განცხადებას მხარი უკვე 2200-ზე მეტმა კომპანიამ დაუჭირა, 600-ზე მეტი განაცხადი კი დამუშავების პროცესშია.
„ჩვენ მხოლოდ კომპანიების პროდუქტს არ ვყიდულობთ, ამით ხმას ვაძლევთ მათ ზრდას, განვითარებას, გავლენების გაფართოებას. ამიტომ არსებულ ვითარებაზე პოზიციის დაფიქსირება ბიზნესების პასუხისმგებლობაა, თუნდაც ვითარების გამოსწორების განსხვავებულ გზებს ხედავდნენ,“ – აღნიშნავს გიორგი.