მეცნიერებმა, აქსოლოტლებში კიდურების რეგენერაციის უნარზე დაყრდნობით, შეიმუშავეს თერაპია, რომელიც თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობას 25%-ით ზრდის. თერაპია ანთების გამომწვევი ცილისკენაა მიმართული და თაგვებს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. თერაპია ფილტვის ფიბროზის მქონე პაციენტებში ამჟამად კვლევის საწყის ეტაპზეა.
ახალი კვლევა, რომელსაც Duke-NUS Singapore-ისა და გაერთიანებული სამეფოს MRC Laboratory-ის პროფესორი სტიუარტ კუკი ხელმძღვანელობს, Nature-ში გამოქვეყნდა. კუკის განმარტებით, ორგანიზმში ანთების გამომწვევი ცილა IL-11-ის დათრგუნვით, ექსპერიმენტულ სუბიექტებში სასიცოცხლო პერიოდის გახანგრძლივებაა შესაძლებელი. კვლევის მიხედვით, ცილის ჭარბი გამომუშავება თაგვებში დაბერების პროცესთან პირდაპირ კავშირშია.
Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, კვლევამ აჩვენა, რომ IL-11-ის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი გენების გაქრობა თაგვებს სხვადასხვა ტიპის დაავადებებისგან იცავს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას 25%-ით ზრდის. თუმცა საშუალო ასაკის თაგვებში ანალოგიური შედეგი მკვლევრებმა ორგანიზმში მხოლოდ ანტისხეულების შეშვებითაც მიიღეს.
კერძოდ, 75 კვირის ასაკის მამრი თაგვების შემთხვევაში (რაც ადამიანის დაახლოებით 55 წლის ასაკს უდრის) სიცოცხლის ხანგრძლივობა 22.5%-ით გაიზარდა, ხოლო მდედრებში – თითქმის 25%-ით. აღსანიშნავია, რომ IL-11-ის ცილის დათრგუნვა არამარტო სხვადასხვა დაავადებისგან იცავს ორგანიზმს, ასაკობრივი სიმსივნის შემთხვევებსაც ამცირებს.
არსებული კვლევების მიხედვით, IL-11 თევზებსა და აქსოლოტლებს დაკარგული ფარფლების, კუდებისა და კიდურების აღდგენაში ეხმარება. ცილა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის სხეულის განვითარების პროცესშიც. თუმცა მას შემდეგ, რაც წინაპრებთან შედარებით, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზოგადი მაჩვენებელი გაიზარდა, IL-11 მზარდ პრობლემად იქცა ადამიანებისთვის. კუკმა IL-11-ის როლი დაბერებაში „ცეცხლზე ნავთის“ დასხმასაც კი შეადარა.
მიუხედავად იმისა, რომ ცდები ამ ეტაპისთვის ადამიანებზე არ ჩატარებულა, სტიუარტ კუკს სჯერა, რომ თერაპია მათ შემთხვევაშიც მსგავს შედეგს გამოიღებს.