FT: ირანთან ომში აშშ-ის სამხედრო ტექნიკისთვის მიყენებული ზიანი და მისი მასშტაბები

FT: ირანთან ომში აშშ-ის სამხედრო ტექნიკისთვის მიყენებული ზიანი და მისი მასშტაბები

Photo: U.S. Navy photo/U.S. Central Command

გამოცემა Financial Times-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით აშშ დოლარი უჯდება, ამ თანხის დაახლოებით მეათედი კი საბრძოლო მოქმედებების დროს განადგურებულ სამხედრო აღჭურვილობაზე მოდის. FT-ის მონაცემებით, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების შედეგად 13 ამერიკელი დაიღუპა, ხოლო 300-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.

American Enterprise Institute-ის (AEI) უფროსი მკვლევრის, ელაინ მაქკასერის შეფასებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის ღირებულება იმ ხუთი კვირის განმავლობაში, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თებერვლის ბოლოს აშშ-ის ძალებს თავდასხმის ბრძანება მისცა, $22.3-დან $31 მილიარდამდეა. მაქკასერის გათვლები მოიცავს დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მიერ დამატებითი აქტივების განლაგების ხარჯებს, თუმცა არ ითვალისწინებს საბრძოლო ზარალის სრულ შეფასებას, რაც, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მოცემული თანხიდან დაახლოებით $2.1-$3.6 მილიარდი საბრძოლო ზარალსა და აღჭურვილობის შეცვლაზე მოდის, მათ შორის USS Gerald R. Ford-ის შეკეთების ხარჯებზე. როგორც მაქკასერმა FT-თან განაცხადა: „დაზიანებული აღჭურვილობის ნაწილის შეცვლას ან შეკეთებას წლები სჭირდება, დამატებით კი მიმდინარე ომი შესაკეთებლად საჭირო კრიტიკული მასალებისა და კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებისთვის მაღალ რისკებს ქმნის“. ომის მაღალ ხარჯზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გასულ თვეში, ირანში ომის გაგრძელების დასაფინანსებლად, პენტაგონმა თეთრ სახლს კონგრესისგან $200 მილიარდზე მეტის მობილიზაცია სთხოვა.

CSIS-ის შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში აშშ-ისთვის ირანში წარმოებული ომის ხარჯმა $11.3 მილიარდს მიაღწია, მათ შორს $1.4 მილიარდის  ღირებულების ინფრასტრუქტურულ ზიანსაც მოიცავს. CSIS-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მარკ კენშანის შეფასებით, სამხედრო კამპანია აშშ-ს ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი უჯდებოდა.

მისივე თქმით, ეს თანხა შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის აღჭურვილობა განადგურდა დაბომბვისას ობიექტების შიგნით. მისივე განცხადებით, მხოლოდ Boeing E-3 Sentry-ის ჩანაცვლება, რომელიც რიადის მახლობლად, პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაზიანდა, $700 მილიონზე მეტი დაჯდება.

E-3-თან ერთად, FT-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა მნიშვნელოვან დაზიანებულ აქტივებს შორის იორდანიასა და კატარში მდებარე ორი რადარიც დაასახელეს. მათ შორისაა AN/TPY-2 რადარი — ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია THAAD-ის ფუნქციონირებისთვის და, არსებული ცნობებით, იორდანიაში მდებარე ბაზაზე განადგურდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი AN/TPY-2 საუდის არაბეთში დაზიანდა, თუმცა ზიანის მასშტაბები ამ დროისთვის უცნობია.

თითოეული AN/TPY-2-ის ჩანაცვლება, სავარაუდოდ, $485 მილიონამდე ჯდება. აშშ-ის თავდაცვის ჯგუფ Raytheon-ს ერთი AN/TPY-2-ის წარმოებისთვის შესაძლოა სამ წლამდე დასჭირდეს. Raytheon-სგან მე-13 სისტემა ამერიკის არმიამ გასულ წელს მიიღო, რეზერვში კი დამატებითი ერთეულები არ ინახება. CSIS-ის მკვლევრების განცხადებით, AN/TPY-2 მაღალი შესაძლებლობების რადარია, რომლის ჩანაცვლება სტანდარტული სისტემით ვერ მოხდება და, შესაბამისად, მათი აღდგენა აშშ-ის თავდაცვითი პოზიციისთვის პრიორიტეტი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ დაუდასტურებელი ცნობებით, ირანმა General Atomics-ის მიერ წარმოებული ათზე მეტი MQ-9 Reaper დრონი ჩამოაგდო, აშშ-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი პარასკევს F-15E-ს ჩამოგდება იყო. ეკიპაჟის ორივე წევრი აშშ-მა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდგომ ცოცხალი იპოვა.

დამატებით, ირანის ომის პირველივე დღეებში, ქუვეითის თავზე „მეგობრული ცეცხლის“ ინციდენტისას, სამი F-15E ჩამოაგდეს, ხოლო ერაყის თავზე KC-135 სტრატოტანკერი  გაუჩინარდა. თითოეული F-15E დაახლოებით $100 მილიონი ღირს, ხოლო KC-135-ის ჩანაცვლება ამერიკულ მხარეს სულ მცირე $160 მილიონი დაუჯდება. ამასთან ერთად, AEI-ის შეფასებით, გემების შეკეთების ხარჯები მინიმუმ $75 მილიონს მიაღწევს. თუმცა FT-ის  ანალიტიკოსებს  ყველაზე მეტად ის ფაქტი აშფოთებთ, რომ აშშ ირანთან საომარ ქმედებებში იმ აქტივებსა და იარაღის მარაგს კარგავს, რომელიც ჩინეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად არის საჭირო. ამ ომის საბოლოო ხარჯის დათვლა ორივე მხარისთვის მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.