გუშინ, 23 მარტს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ტოპ-100-ში შემავალი კომპანიების სია განახლდა. საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ის წევრი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში ოფიციალურად შევიდა.
Lion Finance Group ინდექსში 2026 წლის 20 მარტს, სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა, ხოლო ცვლილება სწორედ გუშინ აისახა. FTSE 100 დატოვა ორმა კომპანიამ – Easyjet-მა და Hikma Pharmaceuticals-მა, მათ ნაცვლად კი ბირჟის პირველ ასეულში შევიდა ქართული Lion Finance Group PLC და ბრიტანული IG Group Holdings-ი.
შედეგად, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ის წევრი, გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთ გლობალურ გიგანტებთან ერთადაა წარმოდგენილი, როგორებიცაა HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce, Shell და Barclays.
ცნობისთვის, Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს ციფრულად განვითარებულ უნივერსალურ ბანკებს, მათ შორის Bank of Georgia-სა და Ameriabank-ს. ჯგუფი ბირჟაზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა, ხოლო 2012 წლიდან FTSE 250-ის წევრი იყო.











