FTX-ის დამფუძნებელ სემ ბენკმან-ფრიდს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

FTX-ის დამფუძნებელ სემ ბენკმან-ფრიდს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

2022 წელს გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელ სემ ბენკმან-ფრიდს მომხმარებელთა და ინვესტორთა მილიარდობით აქტივის თაღლითურად მითვისებისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

FTX-მა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, თავის დროზე მილიონობით მომხმარებელი მიიზიდა და ბენკმან-ფრიდი პოპულარულ, მდიდარ ადამიანად აქცია.

ფინანსურ პრობლემებზე ეჭვები ორი წლის წინ გაჩნდა, რამაც დეპოზიტების მასობრივი გადინება და დანაშაულებრივი სქემის გამჟღავნება განაპირობა.

ნიუ-იორკის სასამართლომ ბენკმან-ფრიდს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დასდო და დაადგინა, რომ მან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა მომხმარებლებისგან, ხოლო თანხა უძრავი ქონების შესაძენად, პოლიტიკური დონაციებისა და სხვა ინვესტიციებისთვის გამოიყენა.

მართალია, 25 წელი არც ისე მცირე დროა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის თანახმად, დამნაშავისთვის 100 წლით თავისუფლების აღკვეთაც შეიძლებოდა მიესაჯათ.

ბენკმან-ფრიდის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ისინი 6.5-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ და ამბობენ, რომ არ ყოფილა ძალადობა, ხოლო ახლანდელი გეგმით მომხმარებლებს ფინანსური დანაკარგის დიდი ნაწილი აღუდგებათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბენკმან-ფრიდს 11 მილიარდი დოლარის ქონება ჩამოერთმევა მსხვერპლთა კომპენსაციის მიზნით გამოსაყენებლად. მთავრობამ მისი აქტივების ნაწილი უკვე დააყადაღა.

ბენკმან-ფრიდს განაჩენზე რეაქცია არ გამოუხატავს. ის აღიარებს მენეჯმენტის ხარვეზებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ კეთილი მიზანი ამოძრავებდა.

ცნობისთვის, FTX-ი 2019 წელს დაარსდა და კომპანიის ღირებულება მალევე გაიზარდა 30 მილიარდ დოლარამდე, თუმცა სწრაფ აღმასვლას სწრაფი დაღმასვლაც მოჰყვა, რამაც ინდუსტრიაზე დომინოს ეფექტი იქონია. 2022 წლის მიწურულს და 2023 წლის დასაწყისში კიდევ რამდენიმე კომპანია გაკოტრდა და კრიპტოვალუტების ფასებს მნიშვნელოვანი დარტყმაც მიაყენა. ამ პერიოდს „კრიპტოზამთარს“ უწოდებენ.