დიდი შვიდეული მთავრობათაშორისი პოლიტიკური და ეკონომიკური ფორუმია, რომლის წევრებიც აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, კანადა და იტალია არიან. მიუხედავად გლობალურ ეკონომიკასა და მოსახლეობის რიცხოვნობაში დიდი შვიდეულის წილის შემცირებისა, ფორუმის გლობალური გავლენა საკმაოდ დიდია. სტატიაში, Visual Capitalist-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გავაანალიზებთ, თუ როგორია დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის, მოსახლეობისა და სამხედრო ხარჯების შედარება მთელ მსოფლიოსთან მიმართებით.
G7-ის წილი გლობალურ მშპ-ში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით) 2025 წელს 28.4%-ად არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით აღნიშნული წილი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები დღემდე რჩებიან მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებად. ზოგადად კი, G7-ის წილის კლება გლობალურ ეკონომიკაში იმ ტენდენციებით აიხსნება, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. გლობალური ეკონომიკის ზრდის ვექტორი დღეს აზიისა და სხვა განვითარებადი რეგიონებისკენაა მიმართული. G7-ის ყველაზე დიდი ეკონომიკა კვლავ აშშ-ია, რომელიც ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს ეკონომიკაზე დიდია (14.7% – აშშ; 13.8% – სხვები).
საინტერესოა, რომ მიუხედავად ეკონომიკური სიძლიერისა, G7-ის წევრ სახელმწიფოებზე მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 9.6% მოდის, რაც 783 მილიონი ადამიანია. ეს იმით აიხსნება, რომ მოწინავე ეკონომიკებში დაბალი შობადობის მაჩვენებელია. მოსალოდნელია, რომ მომავალში აღნიშნული წილი კიდევ უფრო შემცირდება. შედარებისათვის, იმავე პრობლემის წინაშე უკვე ჩინეთიც დადგა, რომელიც დიდი შვიდეულის წევრი არ გახლავთ. ჩინეთში მოსახლეობის ზრდის პიკი 2021 წელს მიიღწა, რის შემდეგაც ქვეყანა გრძელვადიანი კლების სტადიაზე გადავიდა.
ყველაზე დიდი გავლენა G7-ს სწორედ გლობალურ სამხედრო ხარჯებზე აქვს. G7-ის წევრი სახელმწიფოები თავდაცვაზე $1.3 ტრილიონს ხარჯავენ, რაც გლობალური სამხედრო ხარჯების 49.3%-ია. ამ მხრივ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფორუმში გამორჩეული შეერთებული შტატებია, რომელზეც გლობალური ხარჯების 36.2% მოდის. მთლიანობაში დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები ნატო-ს, შეიარაღების გლობალური ექსპორტისა და ზოგადად სამხედრო ალიანსების მთავარი ფიგურანტები გახლავთ.
ქვეყანა | მშპ (PPP) (%) | მოსახლეობა (%) | სამხედრო ხარჯები (%) |
აშშ | 14.7 | 4.2 | 36.2 |
იაპონია | 3.3 | 1.5 | 2.2 |
გერმანია | 3 | 1 | 3.2 |
საფრანგეთი | 2.2 | 0.8 | 2.4 |
დიდი ბრიტანეთი | 2.2 | 0.8 | 2.9 |
იტალია | 1.8 | 0.7 | 1.4 |
კანადა | 1.3 | 0.5 | 1.1 |
G7-ის საერთო | 28.4 | 9.6 | 49.3 |
დანარჩენი მსოფლიო | 71.6 | 90.4 | 50.7 |