ბრიტანეთის პარლამენტარებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმას გადასახადების გაზრდის შესახებ ოთხშაბათს საპარლამენტო კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მეტი სახსრების მობილიზებას ქვეყნის ბიუჯეტში, ეს კი მთავრობას საშუალებას მისცემს, გაზარდოს სოციალური და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება.
ჯონსონმა მხოლოდ სამშაბათს ჩამოაყალიბა გადასახადების გაზრდის სრული გეგმა, რამაც მმართველი პარტიის ზოგიერთი დეპუტატის აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ჯონსონის პარტიამ მაინც მოახერხა კანონპროექტისთვის პარლამენტართა უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება და 319 ხმით 248 ხმის წინააღმდეგ კანონპროექტი დამტკიცდა.
გეგმის თანახმად, სახელფასო გადასახადების განაკვეთი როგორც თანამშრომლების, ასევე დამსაქმებლების მიერ 1.25%–ით გაიზრდება. ამასთან იგივე ზრდა ვრცელდება დივიდენდის გადასახადზეც. შედეგად მოსალოდნელია, რომ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მობილიზება მოხერხდება.
დამატებითი სახსრები ბრიტანეთის სოციალური მოვლის სისტემისკენ მიემართება, ნავარაუდებია, რომ ხარჯები მოსახლეობის ასაკის მატებასთან ერთად მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში გაორმაგდება.
მობილიზებული თანხის ნაწილი სახელმწიფო ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის „ლოდინის სიებისკენ“ მიემართება. COVID-19–ის გამო მილიონობით ბრიტანელი თვეების განმავლობაში ელოდება მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ სოციალური გადასახადის დანერგვა წლების განმავლობაში აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა, მაგრამ კონსერვატორმა და ლეიბორისტმა პრემიერ-მინისტრებმა ეს საკითხი გადადეს, რადგან არ სურდათ საკუთარი ამომრჩევლის გაბრაზება.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული გეგმა შრომისუნარიანი ბრიტანელებისთვის საგადასახადო ტვირთს უსამართლოდ გაზრდის.