სანამ უოლ-სტრიტი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, ბუღალტერი ბრიუს ფლეტი საოფისე შენობების, ელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის პროექტების შეკრებით მილიარდერი გახდა და Brookfield Asset Management-ი სამყაროს ყველაზე უსაფრთხო მზარდ აქციად გარდაქმნა.
Brookfield Asset Management-ის აღმასრულებელი ბრიუს ფლეტი დუბაიდან 14-საათიანი კომერციული ფრენის შემდეგ ღრმა ხვრელს აკვირდება: გეგონება, მანჰეტენის მთლიან კვარტალს ღია გულზე ოპერაცია ჩაუტარესო. ძელები, ხარაჩოები და რკინიგზის მოქმედი ლიანდაგები ერთმანეთში გადახლართულა.
“აქ გასაოცარი რაოდენობის ფოლადია”, – ყვირის ფლეტი და ცდილობს, ლინკოლნის გვირაბში (რომელიც, როგორც ცნობილია, მუდმივად გადატვირთულია) მანქანების პიპინი, ბეტონსარევისა და ამწეების მოძრაობის ხმა გადაფაროს. უფრო ზუსტად თუ გაინტერესებთ, აქ 17.2 მილიონ გირვანქაზე მეტი ფოლადია – 67-სართულიანი შუშის საოფისე ცათამბჯენის ასაშენებლად ნამდვილად საკმარისია. აქვე შენდება ორი ცათამბჯენი, 30-სართულიანი პატარა, სპეციალიზებული სასტუმრო და 16-სართულიანი ტრაპეციის ფორმის, შუშის ოფისი 26-ფუტიანი ჭერითა და საფეხბურთო მოედნის ზომის იატაკებით – ამ ყველაფრის დიდი ნაწილი რკინიგზის ლიანდაგების თავზე აღმართულა. ამ 5-მილიარდიან პროექტს Manhattan West-ს უწოდებენ. ის 7 მილიონ კვადრატულ ფუტსა და ორ კვადრატულ კვარტალს მოიცავს.
არადა, საზოგადოების ცნობიერებაში ეს ადგილი არ არსებობს – ნიუიორკელების დიდ უმრავლესობას მის შესახებ არაფერი სმენია. ადამიანთა უმეტესობას ეს ორი კვარტალი Hudson Yards-ის (სტივენ როსისა და მისი Related Companies-ის $25-მილიარდიანი პროექტი, რომელიც 16 ცათამბჯენსა და 18 მილიონ კვადრატულ ფუტს მოიცავს) ნაწილი ჰგონია.
Manhattan West-ისთვის ეს გაუგებრობა საკმაოდ ხელსაყრელიცაა. ყურადღების მიმპყრობი სტივენ როსი, რომელიც დონალდ ტრამპის წრეებში ტრიალებს, ოკეანისპირა დიდ სახლს პალმ-ბიჩზე და Miami Dophins-ს ფლობს. ბრიუს ფლეტი რიგითი ბუღალტერია მანიტობადან, რომელიც ტორონტოს ჩუმ უბანში ცხოვრობს და ხშირად მეტროთიც კი მგზავრობს.
რაც შეეხება მათ პორტფოლიოებს, შედარებაც არაა. Brookfield-ი ტორონტოსა და სიდნეის მსგავს ადგილებში ჩუმ-ჩუმად ქალაქის შენობების მთლიან კონტურს ისაკუთრებს. ის ლონდონსა და საქმიან ლოს-ანჯელესში ოფისების მსხვილი გამქირავებელია. ის ევროპის უძრავი ქონების ორი უდიდესი დეველოპმენტის მფლობელია: ბერლინში პოტსდამერ-პლაცის, ლონდონში – Canary Wharf-ის. ის 14,200 სასტუმრო ოთახს განაგებს: მათ შორისაა Atlantis-ი ბაჰამის კუნძულებზე და Diplomat-ი ფლორიდაში. Brookfield-ს ეკუთვნის, ასევე, მრავალი სავაჭრო ცენტრი (ისეთი განყოფილებების დახმარებით, როგორიცაა Rouse Properties -ი და General Growth-ი) და რამდენიმე პრესტიჟული ბრაზილიური სავაჭრო ცენტრი. ჯამში Brookfield-ი 400 მილიონ კვადრატულ ფუტ კომერციულ სივრცეს ფლობს.
ეს მხოლოდ უძრავი ქონების ჩამონათვალია. ფლეტის ნამდვილი გატაცება ინფრასტრუქტურაა. მისი აზრით, ესაა $35-ტრილიონიანი შესაძლებლობა, რომელიც, Manhattan West-ის არ იყოს, ჩვენ ცხვირწინ იმალება. “ინფრასტრუქტურა მომავალ 25 წელიწადში ინსტიტუციური ინვესტორებისთვის რესურსების უდიდესი კლასი იქნება”, – ამტკიცებს ფლეტი.
Brookfield-ი ფლობს 218 ჰიდროელექტროსადგურს 82 სამდინარო სისტემაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საფრანგეთში Brookfield-ი სატელეფონო ანძების დამოუკიდებელი მსხვილი მფლობელია. ჩილეში მისი ელექტროგადამცემი ხაზები მოსახლეობის 98%-ს დენით ამარაგებს. ირლანდიაში კომპანია ქვეყნის ქარის ელექტროსადგურების 20%-ს განაგებს. Brookfield-ისაა, ასევე, 36 პორტი გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ევროპაში. ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში კი ის 3,600-კილომეტრიან ფასიან საავტომობილო გზას მართავს. ჯამში Brookfield-ი 2,000 პროექტზე მუშაობს 30 ქვეყანასა და ხუთ კონტინენტზე: ის აკონტროლებს $250 მილიარდის აქტივებსა და 70,000 თანამშრომელს. პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს ინფრასტრუქტურულ გეგმაზე, ბრიუს ფლეტი კი ამ გეგმას ახორციელებს.
უოლ-სტრიტი კმაყოფილია. Brookfield-ის დაბალი პროფილის მიუხედავად, კომპანიის აქციას 2002 წლიდან (ფლეტის მიერ სადავეების ხელში ჩაგდებიდან) 1,350%-იანი უკუგება ჰქონდა. შედარებისთვის, S&P 500 ინდექსის მაჩვენებელი 183% იყო, რაც ბაფეტისეული 19%-იანი წლიური საშუალოა, რომლის მაღალი დონის შენარჩუნებაც მიეწერება აქტივებს, შარშან $25 მილიარდი რომ შემოიტანეს, და $3.3 მილიარდის წმინდა მოგებას. Brookfield-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $36 მილიარდს შეადგენს, ზომით კი ის მოიცავს KKR-ს, Apollo-ს, Carlyle Group-სა და Colony Northstar-ს ერთად აღებულს. “როდესაც ბრიუსი ხედავს შესაძლებლობას, მას დიდი ფსონების ჩამოსვლის არ ეშინია, – ამბობს ჯონათან გრეი, Blackstone-ის უძრავი ქონების აღმასრულებელი და სტივენ შვარცმანის შესაძლო მემკვიდრე. – ის ყიდულობს მაღალი ხარისხის, გამძლე აქტივებს – იქნება ეს მილსადენები, ელექტრული ქსელი თუ დიდი უძრავი ქონება. ღირებულების ზრდასთან ერთად გარკვეულ დროში დიდ მოგებასაც ვიღებთ”. Forbes-ის მილიარდერების სიაში ფლეტი 51 წლის ასაკში მოხვდა – მაშინ მისი ქონება $1.3 მილიარდს შეადგენდა.
ფლეტს კანადის უორენ ბაფეტს უწოდებენ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდი ხნის ინვესტორია და გავრცელებულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება: გარდა ამისა, მისი საინვესტიციო სტრატეგია უფრო მეტად ეყრდნობა მოთმინებასა და შემოსავლის წყაროების შერწყმას, ვიდრე ფასს. “ჩვენ მზად ვართ, მეტი გადავიხადოთ ხარისხში, რადგან დროთა განმავლობაში ნამდვილი აქტივების ღირებულება ყოველთვის მოიმატებს, – ამბობს ფლეტი. – გვირჩევნია, მივიღოთ 12-15%-იანი წმინდა მოგება 20 წლის განმავლობაში, ვიდრე 25%-იანი – სამ წელიწადში”.
პრინციპში, თუ სადმე არსებობს უაღრესად უსაფრთხო ინვესტიციების კოლექცია, რომელიც ერთ დღეს ღირებულებითა და სარწმუნოობით აშშ-ის საგანძურის ობლიგაციებსა და ოქროს გაუტოლდება, ალბათ ეს სწორედ Brookfield-ის რეალური აქტივების მრავალფეროვანი, $250-მილიარდიანი პორტფოლიოა. კომპანია მომავალი ცივილიზაციის გაფრთხილებაა და ის უფრო და უფრო გაიზრდება.
შეიძლება, ფლეტი მართლაც ცდილობდეს, წაახალისოს პარალელები ბაფეტთან: მის ნაგებობებს ტორონტოში ეს ნამდვილად ეტყობათ. მოკრძალებული სახლი? მისი ორსართულიანი აგურის შენობა თითქმის ტროტუარზე აღმართულა. მოკრძალებული ოფისი? მქრქალი, ნაცრისფერი, ფანჯარას მიბჯენილი კაბინა, რომელიც Brookfield-ის საოფისე კომპლექსს გადაჰყურებს. არაორთოდოქსული ხედვა? ფლეტის მაგიდიდან ხელოვნების ერთადერთი ნიმუში მოჩანს: ჩარჩოში ჩასმული კარიკატურა, რომელზეც თეთრი ცხვრების ფარა კლდისკენ მიემართება, მარტოხელა შავი ცხვარი კი საპირისპირო მიმართულებით მიიწევს.
წარმატებას ადრეულ ასაკშივე მიაღწია. მამამისი ერთობლივი ფონდის კომპანიის – Manitoba-ს – აღმასრულებლად მუშაობდა. რიცხვებისკენ მიდრეკილმა ფლეტმა უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მუშაობა ტორონტოს საბუღალტრო კომპანიაში დაიწყო.
1990 წელს, 25 წლის ასაკში სამუშაოდ Brascan-ში, პიტერ და ედვარდ ბრონფმანების, Seagram-ის ქონების ორი მემკვიდრის, კონგლომერატში აიყვანეს. ფლეტი მალე კომპანიის სავაჭრო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გახდა და კანადის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მმართველთა ოთახში ადგილიც მოიპოვა (კომპანია Labatt Beer-ს, Toronto Blue Jays-სა და მილიონობით აკრ ტყეს ფლობდა). შემდეგ საქმე გართულდა. Brascan-ის მოგების ზრდაზე პიტერ ბრონფმანი და სამხრეთაფრიკელი ინვესტორი, ჯეკ კოკველი, მუშაობდნენ (ეს უკანასკნელი დაფინანსებას ურთიერთდაკავშირებული კორპორაციული ქონებებიდან იზიდავდა). 1990-იანების დასაწყისში სტრუქტურა დაიშალა და Brascan-ს ლუდის, ბეისბოლისა და ხე-ტყის აქციების გაყიდვა მოუწია.
ფლეტმა და რამდენიმე ახალგაზრდა პარტნიორმა – ძირითადად, ბუღალტრებმა – Brascan-ის ხელახლა აგება დაიწყეს. კომპანიის აქციები საგრძნობლად დაეცა, შუა 1990-იანებში კი ბრონფმანმა პოსტი დატოვა და საკუთარი აქციები გაყიდა (აქციები კომპანიის უმაღლეს რგოლზე გადანაწილდა). ფლეტისთვის ეს მილიარდდოლარიანი შესაძლებლობა იყო. მას შეეძლო, სესხის აღებით დაჰპატრონებოდა აქციებს და უკეთესი სტრატეგიის შექმნით უდიდესი ქონება გამოემუშავებინა.
ფლეტს უკვე ნანახი ჰქონდა, რა ხდება, როცა კორპორაცია საკუთარ შესაძლებლობებზე მეტს ინდომებს. ამიტომ მან შექმნა ინვესტიციის სტილი, რომლის წყალობითაც სხვების შეცდომებით იხეირებდა. “კარიერის საწყის ეტაპზე ვიყავით და გვიან 1980-იანებსა და ადრეულ 1990-იანებში საკმაოდ რთულ ბაზრებს ვაკვირდებოდით, – ამბობს ის. – ამან დიდი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ ვმართავთ ბიზნესს დღეს – არასოდეს ჩააყენო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც გიწევს, გაყიდო რამე მაშინ, როცა, წესით, უნდა ყიდულობდე”.
შესაძლებლობაც მალევე გამოჩნდა. კიდევ ერთმა მოკრძალებულმა კანადურმა გიგანტმა, Olympia & York-მა, ლონდონის Canary Wharf-ის განვითარებისას დიდი ზარალის გამო 1992 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ფლეტმა O&Y-ის პირველ რიგში დასაფარავი ვალი შეისყიდა, კრედიტორებთან (მათ შორის, ჰონკონგის მილიარდერ ლი კაშინგთან) ერთად გეგმა შეიმუშავა და Apollo და Tishman Speyer-იც ჩამოიშორა. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, ფლეტი უკვე მსოფლიოს სავაჭრო ცენტრსა და მანჰეტენის დასავლეთ ნაწილის კვარტალს აკონტროლებდა. ფლეტმა უძრავი ქონების ნაკრებს საჯარო ბაზარზე 1997 წელს Brookfield Properties-ი უწოდა. შემდეგ მეორეხარისხოვანი პარტნიორები გამოისყიდა. აქციის ფასმა მალევე იმატა და მშობელი Brascan-იც გააცოცხლა.
შემდეგ დაღმასვლამდე ისტორია კიდევ ერთხელ გამეორდა. 11 სექტემბერს ფლეტი გააქტიურდა: პირველ რიგში, ის ინვესტორებს არწმუნებდა, რომ მსოფლიო ფინანსური ცენტრი დასახიჩრდა, მაგრამ არ დაცემულა. შემდეგ ლიმუზინში ჩახტა და თავისი მუშებისა და შენობების სანახავად ტორონტოდან ქვედა მანჰეტენში ჩავიდა. ფლეტმა და ისეთმა აღმასრულებლებმა, როგორიცაა, მაგალითად, ჯონ ძუკოტი, ნიუ-იორკის მერის ყოფილი მოადგილე, ერთთვიანი დასუფთავების გეგმა შეადგინეს. კრიზისმა რომ ჩაიარა, Brascan-ის პარტნიორებმა ფლეტი აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს, რაც 36 წლის ბრიუსისთვის კარიერული წინსვლის ღირსეული დაგვირგვინება იყო.
სადავეები ხელთ რომ ჩაიგდო, ფლეტმა Brascan-ის მიმობნეული ოპერაციები სამ მიმართულებად დაახარისხა: უძრავი ქონება, განახლებადი ენერგია და ინფრასტრუქტურა. ამ სამი განყოფილების თავზე აქტივების მენეჯმენტის ერთეული განათავსა, რომელიც ინვესტიციისთვის გარე დაფინანსებებს – მათ შორის, სუვერენული ფონდების კოინვესტიციებს – მოიზიდავდა, შემოსავალს შექმნიდა და ბაზრის დისლოკაციისთვის კაპიტალს გაამზადებდა.
ასეთი დისლოკაციები არ წყდებოდა. მაგალითად, Enron-ის კრახის შემდეგ ფლეტის განახლებადი ენერგიის ბიზნესმა ასეულობით ჰიდროელექტროსადგური შეიძინა. 2005 წლისთვის ფლეტმა გადაწყვიტა, Brascan-იც Brookfield-ის სახელში გაეერთიანებინა.
2007 წლის ფინანსური კრიზისის წინა ღამეს ასეულობით სკეპტიკურად განწყობილი ინვესტორი ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების მუზეუმში ერთდღიან კონფერენციაზე შეიკრიბა, რათა მსოფლიო ეკონომიკის არამდგრადი მდგომარეობა განეხილათ. Merrill Lynch-ის ეკონომისტმა, დევიდ როზენბერგმა, განაცხადა, რომ მძიმე ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალი იყო. ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, ბილ აკმანმა, უოლ-სტრიტის ახალი ქმნილების, CDO-ს, წინააღმდეგ გაილაშქრა – მისი აზრით, ის მალე მოირღვეოდა.
როდესაც სიტყვა Brookfield Asset Management-ის ახალგაზრდა აღმასრულებელ დირექტორს გადასცეს, მან თემა შეცვალა და საუბარი ინფრასტრუქტურაზე დაიწყო – $35-ტრილიონიან შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ ცხვირწინ იმალება. ეკონომიკური ვარდნა არაფერია. მომავალში მსოფლიო ეკონომიკის საყრდენი – მილსადენები, სატელეფონო ანძები, ენერგიის წარმოება, პორტები და ფასიანი გზები – მალე ყველაზე სასურველი საინვესტიციო პროდუქტი გახდებოდა – მასზე საპენსიო ფონდებსა და დანაზოგებში არსებული ტრილიონობით დოლარი დაიხარჯებოდა. “დევიდ როზენბერგის პრეზენტაცია, ალბათ, შემდეგ ექვს თვეს შეეხება, – უთხრა ფლეტმა აპოკალიფსის მოლოდინით შეპყრობილ დამსწრე საზოგადოებას. – ჩემი პრეზენტაცია კი შემდეგი 25-60 წლისთვის უფრო არსებითია”.
რეცესიის პირობებშიც კი შეიძლებოდა, ეს ბაზარი უძრავ ქონებაზე დიდი ყოფილიყო და ფლეტი კიდევ ერთხელ მზად იყო, ეკონომიკურად რთულ პერიოდში შეესყიდა – ამჯერად უკვე უდიდესი მასშტაბებით.
პირველ რიგში, მან ავსტრალიის მშენებლობისა და უძრავი ქონების გიგანტი, Multiplex-ი, შეიძინა: ლონდონის უემბლის სტადიონის მშენებლობაში ზედმეტი ხარჯების გაწევის შედეგად კომპანიას დაშლა ემუქრებოდა. Brookfield-მა ის საკმაოდ იაფად, $3.8 მილიარდად, იყიდა და ამით მსოფლიო სამშენებლო ბიზნესს, $6.6 მილიარდის ღირებულების უძრავ ქონებას დაეპატრონა და ავსტრალიაში ბიზნესუპირატესობა მოიპოვა. 2009 წელს Brookfield-მა $1.1 მილიარდად შეიძინა ინფრასტრუქტურის გაკოტრებული გიგანტის, Babcock & Brown-ის აქციების დიდი ნაწილი, დიდი ბრიტანეთის პორტების რიგით მესამე მმართველი და მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის საექსპორტო ტერმინალის (ქვინსლენდი, ავსტრალია) 50%-იანი წილი, რითაც $8 მილიარდის ინფრასტრუქტურული აქტივები დაისაკუთრა.
ერთი წლის შემდეგ Brookfield-მა Ackman-თან ერთად სავაჭრო ცენტრების გაკოტრებული ოპერატორის, General Growth-ის, რეკაპიტალიზაცია მოახდინა: კომპანიამ 26%-იან წილში $2.5 მილიარდი გადაიხადა, რაც კრიზისის ერთ-ერთი ფუძემდებლური ინვესტიცია იყო. დღეისთვის მან Brookfield-სა და მის ინვესტორებს $10 მილიარდის მოგება მოუტანა. ფლეტი დღემდე General Growth-ის თავმჯდომარეა, Brookfield-ი კი – 35%-იანი წილის მფლობელი.
“კრიზისამდე ჩვენი საქმე კარგად მიდიოდა, ზრდის გაგრძელება მოვახერხეთ და ბოლოს საკმაოდ სწრაფად მივიწევდით წინ, – ამბობს ფლეტი. – შეგვეძლო, ფული იქ ჩაგვედო, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო”.
ფლეტის გაყიდვები მის შესყიდვებზე არანაკლებ ბრწყინვალე იყო. 2008 წლის დასაწყისში მან კომპანიის თითოეული განყოფილება (უძრავი ქონების განშტოების, Brookfield Property Parners-ის, აქციები უკვე საჯაროდ განეთავსებინა) ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განათავსა. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა (Brookfield Infrastructure Partners-ი), შემდეგ განახლებადი ენერგია (Brookfield Renewable Partners), შემდეგ კერძო კაპიტალი (Brookfield Business Partners). ამ ყველაფერს თავად მფლობელი კომპანიაც დაემატა, Brookfield Asset Management-ი. ჯამში Brookfield-ის ხუთი განყოფილების ღირებულება საჯარო ბაზარზე $70 მილიარდზე მეტს შეადგენს.
ზემდგომი კომპანია თავისი განშტოებების 30-75%-იან წილს ფლობს და იქმნება ბიზანტიური სტრუქტურა, რომელიც მშობელს ფულის უსასრულო და მზარდი ნაკადით კვებავს: ის იღებს ფიქსირებულ გადასახადებს, მენეჯმენტის 1.25%-იან წლიურ გადასახადს კომპანიების ღირებულებაზე დაფუძნებით და შედეგიანობის 15-25%-იან გადასახადს (რაც დივიდენდების დონეზეა დამოკიდებული). ამას თუ მივუმატებთ ათობით კერძო ფონდს, გამოვა, რომ ფლეტის კომპანია $1.1 მილიარდის ოდენობის გადასახადებს წარმოქმნის, რაც 31%-იან წლიურ ზრდასა და 2012 წლიდან 160%-იან ზრდას გულისხმობს. Brookfield-ი ვარაუდობს, რომ 2012 წლისთვის $2.4 მილიარდის ოდენობის წლიურ გადასახადებს წარმოქმნის.
ერთი მხრივ, ფლეტის სტრუქტურა ადამიანებს გადასახადებს მათივე ფულის მენეჯმენტში ართმევს, მეორე მხრივ კი, მას დიდი ტაქტიკური უპირატესობაც აქვს. მისი საჯარო საინვესტიციო ორგანოები ფიქსირებულ კაპიტალს მართავენ და Brookfield-ის დაფინანსების დაახლოებით ნახევარი ინვესტორებს არასოდეს დაუბრუნდებათ, რის გამოც ინვესტიციების მოგროვებით კომპანია მსოფლიოს ყველაზე მყარი და მოქნილი საინვესტიციო ფირმა გახდება. “ეს ერთეულები უვადოა, – ამბობს Neuberger Berman-ის ჩარლზ კანტორი, – ჩემი აზრით, ეს გენიალური იდეაა”.
Brookfield-სა და Berkshire Hathaway-ს შორის ერთი მკაფიო განსხვავებაა: ბაფეტის აქციონერების წლიური შეხვედრა კაპიტალიზმის კარნავალია, Brookfield -ის ინვესტორების წლიური შეხვედრა კი – კოსტიუმებში გამოწყობილთა მშვიდი შეკრება. პრესის წარმომადგენლებსა და ანთებულთვალებიან გულშემატკივრებს არ აჭაჭანებენ – აქ მხოლოდ გათლილი ფანქრებით შეიარაღებულ ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ფულის მენეჯერებს თუ ნახავთ, რომლებიც მზად არიან, გამაბრუებელი ფინანსური მათემატიკა შეისრუტონ – Brookfield-ის სიძლიერე და, ამავდროულად, მისი აქილევსის ქუსლი.
პრეზენტაციის დასაწყისში ფლეტი პოდიუმისკენ მისეირნობს: “არაფერს ახალს არ ვაკეთებთ ან გთავაზობთ, არაფერი ძირეული არ შეცვლილა”. თუმცა ეს თავმდაბლობა, სინამდვილეში, ხრიკია. Brookfield-ს საოცარი 2016 წელი ჰქონდა და ფლეტი სიხარულს ძლივს მალავს.
“რიცხვებმა იმატა, ფულიც უფრო სწრაფად მოვაგროვეთ და, შესაბამისად, უკუგებაც უფრო დიდი და სწრაფი უნდა იყოს”, – ამბობს ის.
ჯერ ფული: ინფრასტრუქტურა უოლ-სტრიტის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა: 2016 წელს ინფრასტრუქტურის 59 ფონდში $62.5 მილიარდი მოგროვდა. Brookfield-ს ბაზარზე პირველობის უპირატესობა აქვს. ბოლო წლის განმავლობაში Brookfield-მა კერძო ფონდებით $27 მილიარდი მოაგროვა, რაც უოლ-სტრიტის ისტორიაში მოგროვებული ფულის ყველაზე დიდი ოდენობაა. ამას ხელი შეუწყო $14-მილიარდიანმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურაში და Brookfield-ის 450-მა სუვერენულმა და საპენსიო ფონდმა და ფულადმა შეწირულებებმა.
გარიგებების რაოდენობამაც იმატა: $18 მილიარდი ისეთ ბაზრებზე დაიხარჯა, რომლებიც ინვესტორებს სარისკო ეჩვენებათ, Brookfield-ის მოქნილობა კი ამ პირობებში ყიდვის საშუალებას იძლევა. ბრაზილია, რომელიც რეცესიითა და კორუფციის სკანდალით დაზარალდა, Brookfield-ის უმთავრესი სამიზნე იყო. ჯერჯერობით Petrobras-მა ფლეტს მილსადენების გიგანტი, NTS-ი, $5.2 მილიარდად მიჰყიდა – გარიგება არ შედგებოდა, რომ არა ფინანსური პირობების არარსებობა Brookfield-ის მხრიდან. შემდეგ კომპანიამ ქვეყნის წყლისა და კანალიზაციის უდიდესი კერძო კომპანიის, Odebrecht Ambiental-ის (რომლის მფლობელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც 2016 წელს ციხეში აღმოჩნდა), 70%-იანი წილი იყიდა. მალე Brookfield-მა $6.9 მილიარდით პარტნიორებთან ერთად ავსტრალიის სატვირთო მატარებლებისა და კონტეინერების საზღვაო ტერმინალის უდიდესი ოპერატორი შეისყიდა. ბერლინის პოტსდამერ-პლაცი, რომელიც ოდესღაც ბერლინის კედელთან მდებარე სადავო ტერიტორია იყო, $1.4 მილიარდად გაიყიდა. ახლა Brookfield-ი Macy-ს უძრავი ქონებიდან მოგების გაზრდაში ეხმარება, რადგან ამ უკანასკნელის აღმასრულებელი დირექტორი აქციების სწრაფი ვარდნისა და ჰეჯ-ფონდის აქტივისტთან შერკინების პერიოდში კომპანიიდან მიდის. მარტში Brookfield-ი TerraForm Power-სა და TerraForm Global-ს დაეპატრონა – ბანკროტი SunEdison-ის მზისა და ქარის უძვირფასეს აქტივებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Brookfield-ი წლიური 100 ტრანსაქციის ტემპით მიიწევს წინ, რაშიც მას მსოფლიო გარიგებების 700 მაძებარი ეხმარება. ფლეტი იმ პატარა გუნდებს ხელმძღვანელობს, რომლებიც თითოეულ შეთანხმებას განიხილავენ. ფლეტი თავს იმითაც იწონებს, რომ გარიგების შემოთავაზებებზე თითქმის არასდროს უწევს უარის თქმა – ფირმის ინვესტირების მკაცრი სტანდარტები ათწლეულების წინ დაწესდა.
ეს აღმასრულებლები არ იღებენ ისეთ უზარმაზარ, მოულოდნელ მოგებებს, რომლებსაც პარტნიორები ხანდახან კერძო საინვესტიციო ფირმებში ეუფლებიან. ისინი ნელ, თუმცა მყარ გზას მისდევენ და აქციის ღირებულების ზრდასთან ერთად მიიწევენ წინ. ამ მოდელში ფლეტი და მისი გუნდი (ბევრი ფონდისგან განსხვავებით) თავიანთ ინვესტორებს უწყობენ ხელს. ზედა მმართველი გუნდი Brookfield Asset Management-ის დაახლოებით სულ რაღაც 20%-ს ფლობს; ფლეტს ყველაზე დიდი, $1.2 მილიარდის ღირებულების წილი აქვს, სხვები კი – მაგალითად, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ კოკველი – ასეულობით მილიონის ღირებულების აქციებს აკონტროლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ Brookfield-ი მსოფლიო პროდუქტიულობისა და ზრდისკენ მიისწრაფვის, ის მაინც საკმაოდ სარისკო ბიზნესია. 2008 და 2009 წლების კრიზისის დროს, როცა ფლეტი ინვესტიციებს ზრდიდა, Brookfield-ის აქციები 70%-ზე მეტით დაეცა. კომპანიისთვის, რომელიც ამდენი ქვეყნის არტერიებს მართავს, ქრთამი და კორუფცია ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. მაგალითად, 2012 წელს ფასიანი ქაღალდების უშიშროების კომისიის, სამართლებრივი გამოძიების დეპარტამენტისა და Brookfield-ის სახელზე ბრაზილიაში ქრთამის აღების გამო სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. ამ ორი სახელმწიფო სააგენტოს გამოძიება ბრალის წაყენების გარეშე დასრულდა.
არსებობს ასევე გეოპოლიტიკური რისკებიც. მილსადენების $5.2-მილიარდიანი გარიგება თებერვალში ბრაზილიის სასამართლომ გააუქმა; სასამართლოს აკრძალვას ადვოკატების დიდი ჯგუფი შეეწინააღმდეგა და გააუქმა კიდეც. Brexit-ის მსგავსი მოულოდნელი შემთხვევები Canary Wharf-ის მსგავს პროექტებს ართულებს (ამ უკანასკნელს ფლეტი 2015-ში დაეპატრონა).
ფლეტის აზრით, თავისი პროექტების დასრულებისთვის ორი ათწლეული აქვს (ან ბევრად მეტი, თუ ის ბაფეტის გზას დაადგება). მას, ასევე, თავისი მოთმინების საკადრისი კორპორაციული მანდატიც აქვს. “Brexit-ი მოხდება, მაგრამ ლონდონი მაინც ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქალაქი იქნება, – ამბობს ფლეტი და შენიშნავს, რომ სწრაფი რკინიგზა მალე ჰიტროუსა და Canary Wharf-ს 40-წუთიანი მარშრუტით დააკავშირებს. მომავალ 20 წელიწადში ძალიან ბევრ ფულს გავაკეთებთ”.