გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროპული და არაბული სახელმწიფოები, კანადა და აშშ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის $70 მილიარდის მოცულობის დახმარების გამოყოფისთვის მზად არიან.
გაეროს განვითარების პროგრამის მიმართულების ოფიციალური პირის, ჯაკო კილიერსის განმარტებით, ღაზის სექტორში ომმა დაახლოებით 55 მილიონი ტონა ნანგრევები გამოიწვია, რის გამოც ტერიტორიის სრულად აღდგენას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, რამაც ღაზის სექტორში ორწლიანი ომი დაასრულა, რომელსაც ჯამში 70,000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა ადამიანური დანაკარგის გარდა, ტერიტორიაზე თითქმის სრულად განადგურდა საცხოვრებელი თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურა. გაეროს ერთ-ერთი ორგანოს, სატელიტური ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში შენობების 83% განადგურებულია.
ტრამპის მედიაციით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპები ღაზის სექტორის აღმშენებლობასაც ითვალისწინებს, რასაც ათობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. გაეროს განვითარების პროგრამის ოფიციალური პირის ინფორმაციით, რეკონსტრუქციაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი უკვე არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის კანადამ და ევროკავშირის სახელმწიფოებმა გამოთქვეს. შეთანხმების მიხედვით, ღაზის სექტორის ეკონომიკურად გაძლიერებაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი აშშ და ამერიკული კომპანიები იქნებიან.
გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებით, ამ დრომდე ღაზის სექტორი 81,000 ტონა ნანგრევებისაგან გაასუფთავეს და აღნიშნულს კვლავაც განაგრძობენ.