გაერო: უკრაინაში მიმდინარე ომი აფრიკაში სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის რისკებს ზრდის

გაერო: უკრაინაში მიმდინარე ომი აფრიკაში სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის რისკებს ზრდის

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის, აჰუნა ეზიაკონვას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები აფრიკის სახელმწიფოების ვალებზე დამღუპველ გავლენას ახდენს და კონტინენტზე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის რისკებს ზრდის. რუსეთიდან და უკრაინიდან მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ იმპორტული საკვებისა და სასუქის ფასების ზრდა გამოიწვია.

გაეროს ოფიციალური პირების გაფრთხილებით, ინფლაციასა და ეკონომიკურ აქტივობაზე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენამ შესაძლოა, გლობალური საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოიწვიოს. აღნიშნული სიტუაცია აფრიკის სავალო მდგომარეობასა და დეფოლტის რისკებს განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გაამძაფრებს, რომელთაც ვალების დაფარვა 2022-2023 წლებში უწევთ. 2020 წელს აფრიკის ქვეყნებმა რუსეთიდან $4 მილიარდის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქტი შეიტანეს, რომლის 90%-ს ხორბალი შეადგენდა. ხორბლის უმსხვილესი გლობალური იმპორტიორი ეგვიპტეა, რომელიც მარცვლეული კულტურის 80%-ს სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან იღებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ენერგიისა და სასუქის ფასების ზრდასა და მიწოდების ჯაჭვში წარმოქმნილ შეფერხებებში დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები დაადანაშაულა. პუტინის განცხადებით, სასურსათო დეფიციტი განსაკუთრებით მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში გამძაფრდება, რაც მიგრაციის ახალ ტალღებს წარმოშობს და უფრო მეტად გაზრდის სურსათის ფასებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთი სასუქის წარმოებისთვის გამოსაყენებელი პროდუქტების ძირითადი წყაროა, უკრაინაში ომმა კი მათი ფასების 21%-იანი ზრდა უკვე გამოიწვია.

დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში წარმოქმნილი სასუქის დეფიციტი პროდუქტიულობასა და მოსავლიანობას შეამცირებს, რომელიც რეგიონისთვის დამღუპველ შედეგებს მიმდინარე წლის ბოლოსა და მომავალი წლისთვის გამოიღებს. არსებული მდგომარეობის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ევროკომისია, ჩრდილოეთ აფრიკის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ხორბლისა და მარცვლეულის დეფიციტს განიცდის, 225 მილიონი ევროს მოცულობის ფონდის გაზრდას ეცდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *