გაეროს 10 ყველაზე ინოვაციური ქვეყნის სიაში ჩინეთმა გერმანია ჩაანაცვლა

გაეროს 10 ყველაზე ინოვაციური ქვეყნის სიაში ჩინეთმა გერმანია ჩაანაცვლა

ჩინეთი გაეროს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგის ათეულში პირველად შევიდა. მან სიაში ევროპის უდიდესი ეკონომიკა, გერმანია ჩაანაცვლა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიები კვლევასა და განვითარებაში უფრო დიდ ინვესტიციებს დებენ.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ შვეიცარია დარჩა, რომელიც ლიდერობას 2011 წლიდან ინარჩუნებს. მის შემდეგ, მე-2 და მე-3 პოზიციაზე, შვედეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია. რაც შეეხება ათეულის ახალწვეულ ჩინეთს, ის მე-10 ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) მსოფლიოს 139 ეკონომიკას იკვლევს და მათ 78 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. მათ შორისაა: კვლევა და განვითარება, პატენტების რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, კრეატიული პროდუქტები და ინსტიტუციური სიმტკიცე.

2025 წლის 10 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა:
  1. შვეიცარია

  2. შვედეთი

  3. აშშ

  4. სამხრეთ კორეა

  5. სინგაპური

  6. დიდი ბრიტანეთი

  7. ფინეთი

  8. ნიდერლანდები

  9. დანია

  10. ჩინეთი

ათეუშლი ჩინეთის მოხვედრა მის სწრაფ ტექნოლოგიურ წინსვლას უკავშირდება. 2024 წელს აზიურ ქვეყანაზე მსოფლიოში საპატენტო განაცხადების თითქმის მეოთხედი მოდიოდა, რაც ერთი სახელმწიფოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძო სექტორის მზარდი ინვესტიციები კვლევის და განვითარების მიმართულებით, ასევე სახელმწიფოს ინოვაციური ინიციატივები ტრადიციულ ლიდერებთან სხვაობის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.

მეორე მხრივ კი, გერმანიამ საერთაშორისო პატენტებისა და ციფრული ინოვაციების მიმართულებით მცირე ვარდნა განიცადა, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ ათეული დაეტოვებინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა კვლავ ძლიერია ინდუსტრიულ და საწარმოო ინოვაციებში, თუმცა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპში სირთულეებს აწყდება.

ანგარიშის თანახმად, კვლევის და განვითარების მიმართულებით ინვესტიციების ზრდა წელს 2.3%-მდე შენელდება, გასული წლის 2.9%-დან, რაც 2010 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.