გაეროს ანგარიში: კოკაინის ბაზარი და მეტამფეტამინის ტრეფიკინგი გაზრდილია

გაეროს ანგარიში: კოკაინის ბაზარი და მეტამფეტამინის ტრეფიკინგი გაზრდილია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბოლო პერიოდში კოკაინის მოთხოვნა და მიწოდება მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, უკვე არსებულ ბაზრებს მიღმა მეტამფეტამინის ტრეფიკინგიც ვრცელდება.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი აღნიშნავს, რომ კოკას ბუჩქის კულტივაცია და მთლიანობაში კოკაინის წარმოება რეკორდულ ნიშნულზე 2021 წელს იყო. იმავე წელს კოკაინის მომხმარებელთა რაოდენობა გლობალურად 22 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი თანდათანობით იზრდება.

მიუხედავად ამისა, წარმოებაზე მეტად, კოკაინის ამოღება, ანუ ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენა და დაკავების მაჩვენებელი იზრდება. შესაბამისად, მთლიანი მიწოდების ზედა ზღვარი 2000-იან წლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლაა. ეს კი სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანი მუშაობის დამსახურებაა.

ანგარიშის მიხედვით, კოკაინის გლობალური ბაზარი ძირითადად ამერიკის რეგიონებში, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაშია გაჯერებული.

საინტერესოა, რომ ამოღებული მეტამფეტამინის 90% ორ რეგიონზე – აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის. ანგარიშის თანახმად, ნარკოტიკებთან ბრძოლამ ამ რეგიონებში გარკვეული შედეგი გამოიღო და ამ ბაზრებზე მდგომარეობა დასტაბილურდა. სანაცვლოდ, ტრეფიკინგი გაიზარდა სხვა რეგიონებში – ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ აფრიკაში.

ანგარიში ავღანეთში არსებულ მდგომარეობასაც ეხება, სადაც, როგორც ცნობილია, ჰეროინის დასამზადებლად საჭირო არალეგალური ყაყაჩოს ოპიუმის 80% მოიპოვება. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ნარკოეკონომიკა იცვლება. საინტერესოა, განვითარდება თუ არა ავღანეთში ჰეროინისა და მეტამფეტამინის ორი ბაზარი პარალელურად თუ ერთი მეორეს ჩაანაცვლებს?