გაეროს კვლევის თანახმად, წელს საერთაშორისო ტურიზმის სტაგნაცია კვლავ მოსალოდნელია, რამაც შესაძლოა, 2.4 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია, რომ ინდუსტრია სრულად აღდგენას 2023 წლამდე ვერ შეძლებს.
სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაა, განსაკუთრებით ისეთი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც სრულად ტურისტულ სექტორზე არიან დამოკიდებულნი – აღნიშნულია გაეროს ანგარიშში.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა პრეპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით 73%-ით დაეცა, რამაც ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სექტორები 2.4 ტრილიონი აშშ დოლარით აზარალა, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების იმედს არც მიმდინარე წელი იძლევა.
გაეროს სავაჭრო ანალიტიკოსმა, რალფ პიტერსმა, განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევარში სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლის მოლოდინი არსებობს, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებით.
გაეროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში 2021 წლის პროგნოზის სამი სცენარია წარმოდგენილი, რომლებიც საერთაშორისო ტურიზმის 63%-დან 75%-მდე ვარდნას ვარაუდობს პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით. ეს კი შედეგად 1.7-დან 2.4 ტრილიონამდე ზარალს გამოიწვევს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჟენევის წარმომადგენლის, ზორიცა უროსევიჩის, განცხადებით, საერთაშორისო ტურისტული სექტორი ახლა 1980-იანი წლების დონეზეა, რაც ბევრი ადამიანის ფინანსურ მდგომარეობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ის იმედოვნებს, რომ 2023 წლისათვის ტურისტული ინდუსტრია 2019 წლის დონეს მაინც დაუბრუნდება.