გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციას დღეს 65 ახალი სანქცია დაუწესა, მათი ძირითადი ნაწილი კი ქვეყნის საბანკო-საფინანსო და სტრატეგიულ სექტორებზეა მიმართული.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სია ახლა უკვე 1,000-მდე რუსულ კომპანიას და ინდივიდს მოიცავს.

„ეს ოლიგარქები, ბიზნესმენები და მათ მიერ დაქირავებული ავაზაკები უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილეები არიან და მართებულია, რომ მათ ამის გამო პასუხისგება უწევთ“. – განაცხადა ტრასმა.

სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ პირებს და ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები და ბრიტანულ კომპანიებს აეკრძალებათ მათთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, მათ შეეზღუდებათ მოგზაურობის უფლება.

სანქციები შეეხო ALFA-BANK JSC-ს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომერციულ ბანკია. შეზღუდვები დაუწესდა ალმასისა და ბრილიანტის მომპოვებელ და მწარმოებელ უმსხვილეს რუსულ კომპანიას, ALROSA-ს. ბრიტანეთის სამიზნე რუსეთის სარკინიგზო და თავდაცვის სექტორში წარმოდგენილი კომპანიებიც გახდა, მათ შორის, Kronshtadt, რომელიც შეიარაღებული ძალებისთვის დრონებს აწარმოებს.

სანქცირებულ პირთა სიაშია რუსი მილიარდერი ოლეგ ტინკოვი, რომელიც Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია, მისი ქონება 3.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. შეზღუდვები შეეხო რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰერმან გრეფსაც.

რაც შეეხება ენერგოკომპანიებს, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულთა სიაშია: Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დიდიერ კასიმირო და სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ზელიკო რუნიე. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ოლეგ ქსიუტინს.

ბრიტანეთის სამიზნეში აღმოჩნდნენ რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი – პოლინა კოვალევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *