ფოტო: ზურაბ ცერცვაძე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიურ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო 79%-ს მიაჩნია, რომ EU-ს წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.
კვლევა EU NEIGHBOURS EAST-ის პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა. გამოკითხვის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუები განხორციელდა. პროგრამა მსგავსი კვლევებს საქართველოში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს.
კვლევის თანახმად, ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად რჩება – მას გამოკითხულთა 67% ენდობა. თუმცა შემცირებულია იმ მოქალაქეთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს. თუ 2025 წელს ეს მაჩვენებელი 63% იყო, 2026 წელს 60%-მდე შემცირდა.
მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერისა, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. ამასთან, 56%-ის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული, ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება. გამოკითხულთა 87% კი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად მეტი უნდა გააკეთოს.
კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულობა კვლავ მაღალ დონეზეა – 70%. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დახმარება ეფექტიანია. მოქალაქეთა აზრით, ევროკავშირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს განათლებისა და უწყვეტი სწავლების (38%), ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებს.
ევროკავშირთან დაახლოების სარგებლის მიმართ პოზიტიური განწყობა კვლავ მაღალია. გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან სიახლოვე ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ხოლო 75%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნაწილს ევროკავშირთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთებებიც აქვს. კერძოდ, 43% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს სხვა ქვეყნებს, ხოლო 51%-ს სჯერა, რომ ბლოკს ფარული ინტერესები ამოძრავებს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. მხოლოდ 40% აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას გასცნობია, რაც 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, დეზინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოკითხულთა 86% მიიჩნევს.











